„ღორის გრიპით“ გარდაცვალების ორი ფაქტი სამეგრელოში - როგორ იცავენ თავს აფხაზეთში

სამეგრელო -ზემო სვანეთში ბოლო ორ თვეში ე.წ. „ღორის გრიპით“ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა 6 იანვარს დაფიქსირდა. მესტიელი 32 წლის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პირველ იანვარს სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ცხელებით შეიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, გადიოდა მკურნალობის კურსს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

Your browser doesn’t support HTML5

„ღორის გრიპით“ გარდაცვალების ორი ფაქტი სამეგრელოში - როგორ იცავენ თავს აფხაზეთში

თითქმის იგივე მაჩვენებლები ჰქონდა 33 წლის მამაკაცს, რომელიც ზუგდიდის ჰოსპიტალში 24 დეკემბერს მოათავსეს, მოგვიანებით კი, მშობლების მოთხოვნით, თბილისში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

’ღორის გრიპის’ შემთხვევები არ ყოფილა. მე არ მსმენია და არც არავინ საუბრობს ამაზე. გაციებები უფრო შარშან იყო, წელს ნაკლებად არის. ჯერჯერობით ასეა.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ორივე პაციენტს H1N1 ვირუსი ჰქონდა.

„ორივე შემთხვევაში იყო თანმხლები დაავადებები - დიაბეტი, სიმსუქნე, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ორივე შემთხვევაში დაგვიანებული იყო ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ნანა ოდიშარიამ. მისი ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ რეგიონში გავრცელებული გრიპის ვირუსის 80 პროცენტი H1N1-ია, ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი.

ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა, ნანა ოდიშარიას განმარტებით, რიცხვი არ არის საგანგაშო და შეესაბამება ყოველწლიურ სეზონურ მაჩვენებელს. გრიპის ნიშნების მქონე პაციენტებს შორის არიან აფხაზეთიდან გადმოსული პირებიც. მათზე საჭიროების მიხედვით გაიცემა პრეპარატი ტამიფლუ.

ზოგიერთის სახლში ვერ გაჩერდები, ნივრის ისეთი სუნია. ზოგიერთები კიდევ ცხვირზე, რაღაც მალამოები რომ არის, იმას ისმევენ. ყველა შეძლებისდაგვარად იცავს თავს.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრში არ აქვთ ინფორმაცია, დაფიქსირდა თუ არა აფხაზეთში ე.წ. „ღორის გრიპი“. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო აფხაზურ მედიასთან საუბარში ირწმუნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. „ღორის გრიპი“ გავრცელებული არ არის. ასეთი ინფორმაცია აქვთ რადიო თავისუფლების გალელ რესპონდენტებსაც.

„’ღორის გრიპის’ შემთხვევები არ ყოფილა. მე არ მსმენია და არც არავინ საუბრობს ამაზე. გაციებები უფრო შარშან იყო, წელს ნაკლებად არის. ჯერჯერობით ასეა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გალის სოფელ სიდაში მცხოვრებმა ქალმა, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების მიზნით არ სურს. ამასვე ადასტურებს ქალაქ გალში მცხოვრები კიდევ ერთი რესპონდენტი. მისი ინფორმაციით, მოქალაქეები პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავენ და შეძლებისდაგვარად იცავენ თავს გრიპისგან:

„ზოგიერთის სახლში ვერ გაჩერდები, ნივრის ისეთი სუნია. ზოგიერთები კიდევ ცხვირზე, რაღაც მალამოები რომ არის, იმას ისმევენ. ყველა შეძლებისდაგვარად იცავს თავს“, - ამბობს გალში მცხოვრები რესპონდენტი.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტს მკურნალობენ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია, დანარჩენი კი მოზრდილი ასაკის. რაც შეეხება ამბულატორიულ მომართვიანობას, ჰოსპიტლის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გრიპის სიმპტომებით 28 დეკემბრიდან დღემდე ჰოსპიტალს 229 მოქალაქემ მიმართა. ისინი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ სახლში გაეწერნენ.