ღირსების მარში გაიმართება, პოლიცია ვალდებულია მისი მონაწილეები დაიცვას

არსებული რისკების მიუხედავად, საქართველოში პირველი ღირსების მარში მაინც გაიმართება. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა. ღირსების მარშის ჩატარებას ისინი ლგბტქი მხარდამჭერ ჯგუფებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებთან ერთად აპირებენ და საჯარო მსვლელობაში მონაწილეობისკენ ყველა მხარდამჭერს მოუწოდებენ. რისკი კი დიდია და ამის თაობაზე თბილისი პრაიდი საგანგებო განცხადებაშიც საუბრობს:

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.

ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები.“-აღნიშნულია განცხადებაში.

მოცემულობა ღირსების მარშის წინ

ღირსების მარშის გამართვის გადაწყვეტილება თბილისი პრაიდის გუნდმა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში მიიღო. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ჯერ კიდევ 31 მაისს უთხრა, რომ ღონისძიების ჩატარება მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით, პროცესში ჩართული ადამიანების უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნებოდა.

საორგანიზაციო ჯგუფმა პოლიციას მაშინ ქალაქის ცენტრში ორი ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა, რაზეც პოლიციამ თავისი ორი ვარიანტით უპასუხა, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა. თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარშის გამართვის საკითხზე საორგანიზაციო ჯგუფი სახალხო დამცველთან ერთად 17 ივნისსაც შეხვდა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ უწყება ვერ იძლეოდა ღირსების მარშის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ეს არ შეეხებოდა თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს, კერძოდ სოციალურ სპექტაკლს და საერთაშორისო კონფერენციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ პოზიციას რადიკალური ჰომოფობიური ჯგუფების მოწონება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მადლიერების ნიშნად მათ ქალაქში პატრულირებაზე უარი თქვეს. შევა თუ არა კიდევ ერთი ცვლილება მათ გეგმებში თბილისი პრაიდის ჯგუფის განცხადების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ლევან ვასაძის „შუალედური გამარჯვების“ შემდეგ მიღებული სამოქმედო გეგმა არსებობს.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ვასაძის განცხადება

შენელებული აგრესიის გეგმა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 18 მაისს 2-ჯერ მიმართა თავის თანამოაზრეებს. ერთხელ სოციალური ქსელის საშუალებით, მეორედ კი ვერის პარკიდან, სადაც „ სახალხო ლეგიონის“ შტაბია განთავსებული. როგორც მისი განცხადებებიდან გახდა ნათელი, შტაბიც და „ლეგიონიც“, თავიანთ პირვანდელ ფუნქციებს ინარჩუნებენ იმის მიუხედავად, რომ თბილისი პრაიდის კვირეული ჩასაშლელად პატრულირებას რადიკალური ჰომოფობიური ძალები აღარ აპირებენ:

გუშინდლიდან გადავედით რამდენადაც შეგვიძლია მშვიდ რეჟიმში, თუმცა ლელო ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ გადმოდგა ჩვენს მიმართ ნაბიჯები, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვერ ვენდობით მას. მზაობაში ვართ, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის პარკში. მისი განმარტებით, პროგრამა მაქსიმუმი, ანუ თბილისი პრაიდის ღონისძიებების ჩაშლა კვლავ ძალაში რჩება და ეს გეგმა ბოლომდე შესრულდება იმის მიუხედავად, ექნებათ თუ არა ამ ძალებს სახელმწიფოს მხარდაჭერა. შესაბამისად

  • გრძელდება მოხალისეთა მშვიდობიანი თვითორგანიზება სახალხო დონეზე
  • განზრახულია „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებების ჩაშლა ყველგან, მათ შორის დახურულ სივრცეებშიც
  • მეთოდი იგივეა, „უბრალოდ ვკიდებთ ხელს და გაგვყავს ისინი იქიდან“
  • განზრახულია პოლიციის კორდონების გარღვევა
  • თავისი გეგმების განხორციელებას „სახალხო რაზმები“ „მშვიდობიანად“ აპირებენ

თუმცა ამ პუნქტების შესაბამისად, ძალაშია „ლეგიონის“ წევრთა პოლიციასთან დაპირისპირების ალბათობაც და გრძელდება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაც ლევან ვასაძის იმ განცხადებების გამო, რომელიც პრაიდის ჩასაშლელად უკანონო ფორმირების შექმნას უკავშირდება. პოლიციას ამ საკითხზე ლევან ვასაძე ჯერ არ დაუკითხავს.

ლევან ვასაძე ნაწყენია

„მე ცოტა ნაწყენი ვარ, რომ ყველა დაიბარეს ჩემს გარდა, რა დავაშავე ამისთანა, მე არ ვთქვი, რაც ითქვა? დამიძახეთ მე და მეც მოგცემთ ჩვენებას“,- განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ. მისივე განმარტებით, 17 ივნისს „სახალხო ლეგიონის“ შექმნის საკითხზე გამოკითხვაზე მისი 30-მდე თანამებრძოლი დაიბარეს, შსს-ს ცნობით კი მხოლოდ 3 პირი გამოიკითხა. გამოკითხვები გაგრძელდა 18 ივნისსაც. მათ შორის, ვინც 18 ივნისს უპასუხა გამომძიებლების შეკითხვებს იყვნენ „ლეგიონის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

„პოლიციის მოვალეობაა, რომ ხელი შეუშალონ პროპაგანდას გარყვნილების. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს - ამიტომ, პოლიცია გამოდის ჩარჩოებიდან კონსტიტუციის“,- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა გამოკითხვაზე შესვლის წინ. გამოძიება კი რომელიც 16 ივნისს გაკეთებული განცხადებების შემდეგ აღიძრა, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ლევან ვასაძესა და მის მომხრეებს ედავება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, უკანონო ფორმირებების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში ჯერ არ გამოუკითხავთ არც „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი. იგი „ლეგიონის“ ერთ-ერთი წევრია და სხვებთან ერთად აპირებს „ლგბტქი“ ადამიანებისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

სულხან სალაძე

რა რისკების წინაშე დგანან პრაიდის მონაწილეები?

"მიუხედავად იმისა, რას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარია რა წერია კანონში და ამიტომ იგი ვერ გათავისუფლდება იმ ვალდებულებისგან, რასაც წესრიგისა და მსვლელობის მონაწილეთა დაცვა ჰქვია როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს", - უთხრა რადიო თავისუფლებას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ. იგი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მობილიზების და ყურადღების გამოჩენა მართებს და როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, იგი ვალდებულია ახლაც მისცეს ადამიანებს თავიანთი ნების გამოხატვის საშუალება. რაც შეეხება რისკებს, სულხან სალაძე ფიქრობს,რომ ორი ძირითადი საფრთხეა გამოსაკვეთი:

  • მოქალაქეთა ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა
  • ქუჩების გადაკეტვა რადიკალური ძალების მიერ, რათა მარში არ გაიმართოს.

სულხან სალაძე იმედოვნებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს ამ რისკების პრევენციული ღონისძიებების სათანადოდ დაგეგმვას.