ღვთისმშობლის „დიდებული და ძვირფასი“ ქართული ხატები

ღვთისმშობელი-ოდიგიტრია. ხატი მე-17 საუკუნისაა.

„საქართველოში ღვთისმშობლის ხატები ყველა სხვა ხატებზე ბევრია, მაცხოვრის ხატებზეც კი“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე. ის არის ავტორი წიგნისა „ქართული ხატები“, სადაც ერთი თავი სწორედ ღვთისმშობლის იმ ხატებს ეძღვნება, რომლებიც ქართულ კულტურას უკავშირდება. ეს არის უშუალოდ ქართველი ხატმწერების ნამუშევრები და საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ხატებიც.

„ღვთისმშობლის ასეთი დიდებული და ძვირფასი ხატები არც ბიზანტიაშია და არც იმდროინდელ რომში, თუმცა ერთიცა და მეორეც საქართველოზე გაცილებით მდიდარი იმპერიები იყო“, - ამბობს ნანა ბურჭულაძე. ის რადიო თავისუფლებას ღვთისმშობლის ხატებიდან რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეულის შესახებ უყვება.

წილკნის ღვთისმშობელი

მასალა: ხე, ტემპერა, მოოქრული ვერცხლი, ტიხრული მინანქარი, ძვირფასი ქვები

ზომა: 60X48სმ.

საქართველოში ადრეული ხანის, მეექვსე-მეშვიდე საუკუნეების ხატები შემორჩენილი არ არის. მხოლოდ ანჩის „მაცხოვარზე“ ეჭვობს მეცნიერი შალვა ამირანაშვილი, რომ ის შესაძლოა ამ პერიოდის იყოს. სანაცვლოდ მეცხრე საუკუნეში გვაქვს წილკნის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ტექნიკურად იმდენად კარგადაა შესრულებული, რომ ის არ შეიძლება პირველი ყოფილიყო.

საეკლესიო გადმოცემით, წილკნის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარობელმა მაცხოვრის აკვნის ფიცარზე დაწერა. იგი მირიან მეფეს (342-364 წწ.) ჩამოუტანია საქართველოში და მისთვის საგანგებოდ ტაძარი აუგია, მცხეთასთან, წილკანში.

წილკნის ხატი ქრისტეს ორბუნებრივობას გადმოსცემს, ანუ იმას, რომ ის თანაბრადაა ღმერთიც და ადამიანიც. ყრმის და ღვთისმშობლის ლოყაწითელი, შავთვალწარბა სახეები მათ ადამიანურ ბუნებაზე მიანიშნებს, ამასთან, ქრისტე გამოსახულია არაბუნებრივი პოზით, ის ღვთისმშობელს თითქოს ხელში კი არ უჭირავს, არამედ ჰაერშია, რაც მის ღვთაებრივ ბუნებაზე მიუთითებს.

ხატი დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (ამ მუზეუმის ექსპონატები დროებით ინახება ჯანაშიას სახელობის მუზეუმში და მნახველისთვის ხელმისაწვდომი არაა).

ფოტო წიგნიდან: „ქართული ხატები“

ღვთისმშობელი ყრმით და წმინდა ბარბარე

მასალა: ხე, ტემპერა

ზომა: 55X45.5სმ.

ხატი მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებისაა. მასზე გამოსახულია აღსაყდრებული ღვთისმშობელი ყრმით და მის წინაშე მდგარი წმინდა ბარბარე. მხატვრობის ტექნიკა და სტილი მიუთითებს, რომ ის ხატწერის სვანურ სკოლას მიეკუთვნება. ხატი ინახებოდა სვანეთში, ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ამჯერად დაცულია სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ფოტო წიგნიდან: „ქართული ხატები“

ღვთისმშობელი - ელეუსა ლაკლაკიძეთა

მასალა: ხე, მოოქრული ვერცხლი, ფოტო

ზომა: 80X54სმ.

ხატი მეთერთმეტე საუკუნისაა. ის ზარზმის ფერისცვალების ეკლესიაში იყო დაცული. ზარზმის ხატი საოქრომჭედლო ხელოვნების შედევრად მიიჩნევა. ხატის ცენტრალურ ნაწილზე, ვაზის ფოთლის ორნამენტიან ფონზე, წარმოდგენილია ღვთისმშობელი ყრმით, ჩარჩოზე კი გამოსახულია სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან და თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან. ხატის თავდაპირველი მხატვრობა არ შემორჩენილა. ამჯერად ხატში მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მხატვრობის ფოტოა ჩასმული.

ხატი ინახება ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (ჩარჩოს ფრაგმენტები - ერმიტაჟში).

აწყურის ხელთუქმნელი ხატი

მასალა: ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები

ზომა: 137X142 სმ.

აწყურის ხატს უკავშირდება გადმოცემა საქართველოს წილხვდომილობის შესახებ. „ქართლის ცხოვრებაში“ მოთხრობილია, რომ ღვთისმშობელმა თავის მაგივრად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოუშვა და თან თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა, ფიცარი, რომელზეც მისი სახე სასწაულებრივად გადმოვიდა.

ხატი დასვენებული იყო აწყურის ტაძარში, რომელიც დღევანდელი ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

„ქართლის ცხოვრება“ აწყურის ხატს ხშირად ახსენებს, უმეტესად კი მასთან დაკავშირებულ სასწაულებს აღწერს. ერთ-ერთი ასეთია: Მე-15 საუკუნეში ირანის შაჰმა საქართველოში ილაშქრა და სხვა ძვირფასეულობასთან ერთად აწყურის ხატიც გაიტაცა. „ქართლის ცხოვრება“ ჰყვება, რომ სანამ ხატი უკან არ დააბრუნეს, უცხო მიწაზე აღარც ბავშვი დაიბადა და აღარც პირუტყვი.

ნანა ბურჭულაძე: „არც ერთი ხელთუქმნელი ხატის მხატვრობა არც ერთ ქვეყანაში არ არის შემონახული. ეს არის ორიგინალის მიხედვით დაწერილები პირები. აწყურის ხატის ყველაზე ძველი ნაწილი მე-16 საუკუნისაა“.

ხატი დაცულია ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

ფოტო წიგნიდან: „საქართველოს ხატები“

ღვთისმშობელი-ოდიგიტრია „თეთროსანი“

მასალა: ხე, ტემპერა

ზომა: 80X53.5სმ.

ხატი მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებისაა. ღვთისმშობელი წითელ ფონზეა გამოსახული, მისი მოსასხამი კი თეთრი ფერისაა, რაც მარიამის უბიწოებას განასახიერებს. ხატის ჩარჩოზე გამოსახულია ოთხი ვარდული, რვა ფურცლით. ოთხი ვარდული ქვეყნის ოთხ მხარეს აღნიშნავს, რიცხვი რვა კი მერვე დღის, უფლის მეორედ მოსვლის სიმბოლოა. ხატი ინახებოდა სვანეთში, ლატარის თემში, იფხნის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ხატის ნახვა შეიძლება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ფოტო წიგნიდან: „საქართველოს ხატები“

ღვთისმშობელი-ოდიგიტრია

მასალა: ვერცხლი, ძვირფასი ქვები

ზომა: 29,4X14,5სმ.

ხატზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, იოანე ნათლისმცემელი და იონე ოქროპირი, ასევე ორი ანგელოზი. ხატი მე-17 საუკუნისაა. ხატი წარმოადგენს 1568 წელს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის ევდემონ ჩხეტიძის დაკვეთით შექმნილი ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ასლს. თუმცა, მისგან განსხვავდება როგორც სტილით, ასევე იკონოგრაფიული ნიშნებით. ხატი ინახებოდა ბიჭვინთაში. ახლა მისი ნახვა შესაძლებელია ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.

ფოტო წიგნიდან: „საქართველოს ხატები“

უშგულის ღვთისმშობელი

მასალა: ხე, ტილო, ტემპერა, მოოქრული ვერცხლი

ზომა: 66X52სმ.

ეს ხატი ახლაც უშგულში ინახება, სოფელ ჩაჟაშის კოშკში. ხატი დაზიანებულია.

გამოსახულების ზურგზე შავი საღებავით ხაზებია გავლებული, ასეთ ხაზებს ხატზე დაფიცებისას ტოვებენ, ეს ნიშნავს, რომ ხატი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ნანა ბურჭულაძე: „ეს არის ტილოზე დახატული, ოქროს ფონზე გამოსახული ოდიგიტრია, ანუ ღვთისმშობელი მაკურთხეველი ყრმით. ხატი უჩვეულოდ მაღალი აკადემიურობით გამოირჩევა, მაშინ როცა სვანურ ხატებს უფრო მარტივი სტილი აქვთ. ვფიქრობ, ეს ხატი დაწერილია მეფის მხატვრის თევდორეს მიერ, რომელსაც სვანეთში სამი ეკლესია აქვს მოხატული. ეს ხატი ძალიან ჰგავს თევდორეს სტილს“.

მარტვილის ღვთისმშობელი

მასალა: ხე, ოქრო, მოოქრული ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ტიხრული მინანქარი

ზომა: 27,5X15სმ.

ხატი მე-11 საუკუნისაა, მასზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით. ის თაღქვეშ მდგომი გამოისახება, თაღი - ზეციური სამყოფელის სიმბოლოა.

ნანა ბურჭულაძე: „თაღები სამეფო ყოფის მახასიათებელია ანტიკურ ეპოქაში და შემდეგ ეს ქრისტიანობაშიც გადავიდა“.

ხატი ინახებოდა მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარში, ამჯერად ინახება ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

ხახული

მასალა: ოქრო, მოოქრული ვერცხლი, ძვირფასი ქვები, მინანქარი

ზომა: სიმაღლე 1.47 მ, სიგანე გაშლილი კარით 2.02 მ.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეებშია დაწერილი. მასზე გამოსახულია მავედრებელი ღვთისმშობელი. ღვთისმშობლის სახე და ხელები (შესაძლოა სხეულიც) დიდი ზომის მინანქრისგან არის დამზადებული. ხატის კარედი დაამზადეს დემეტრე პირველის პერიოდში, მე-12 საუკუნეში.

ხატი ბევრჯერ გაიძარცვა, განსაკუთრებით 1859 წელს, როდესაც დაიკარგა მისი ცენტრალური ნაწილი.

ხატი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას ინახებოდა, მათ შორის ხახულისა და გელათის მონასტრებში. ამჟამად დაცულია ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.