საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ბევრჯერ შეაქო პოლიცია და ხელისუფლება. ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოღალატეები, რადიკალები და ქვეყნის ძირის გამომთხრელები უწოდა, ხოლო საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი სატანისტებად და ოპოზიციის მიერ მართულად, ნაწილი კი შეცდომაში შეყვანილებად მონათლა.
ირაკლი ღარიბაშვილს საერთოდ არ უხსენებია რუსეთი. უკრაინა და დასავლეთი კი არ უხსენებია დადებით კონტექსტში.
რადიო თავისუფლებამ გადახედა პრემიერის პირველ, ძირითად გზავნილებს მარტის მღელვარე დღეების შემდეგ, როდესას მის პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო ზეწოლის გამო პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. აგენტების კანონის უკან გაწვევა მოუწია.
დასავლეთის დესტრუქციული გავლენა
56 წუთის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის თითქმის ყველა კლიშე და „არგუმენტი“, რომლითაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ „აგენტების შესახებ კანონი“, რასაც მოჰყვა 8-9 მარტის მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები, არც რუსულია და არც ანტიდასავლური და, რომ ქვეყნის მტერმა, რადიკალურმა ოპოზიციამ და ზოგიერთმა უცხოელმა პარტნიორმა (მათ შორის ელჩებმა) გააკეთეს „წამახალისებელი განცხადებები“, რომლებმაც დააბნია საზოგადოება. „გამოჩნდა მათი ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა“, - თქვა ღარიბაშვილმა.
ევროპას უნდა, ომში ჩაგვითრიონ
ირაკლი ღარიბაშვილის ირწმუნება, რომ არეულობის დროს, როცა „აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა, მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ“.
ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუს მსვლელობისას თან ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობას დასავლური კურსი არ შეუცვლია, კვლავ ესწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციას და თან ამბობდა, სჯობს ევროპარლამენტარებმა თავის თავს მიხედონო.
„100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში, ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ ერთი რამ - მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. ეს არის მთავარი მიზანი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, უნდა გვეყოს კეთილგონიერება. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მაგრამ მაგარი სიმტკიცე და სიფხიზლე, რომ არ დავუშვათ არც ერთი პროვოკაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვიძახით გადაჭარბებული შეფასებით, ეს არის რეალობა, მეგობრებო. მათი სურვილია, რომ საქართველო ჩაერთოს მეორე ფრონტში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კატარგეიტის კორუფციული სკანდალის გამო 2 მოქმედი სოციალისტი ევროდეპუტატი და ერთი ყოფილი ევროპარლამენტარი დააკავეს.
ასევე ნახეთ სად იპოვა რიცხვი 100? წყარო მაინტერესებს - კრამონი ღარიბაშვილის ბრალდებაზე
დასავლეთი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს
„ყველა ის ევროპელი თუ უცხოელი, რომელიც ტოლობის ნიშანს უწერს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, ესე იგი, არ ცნობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს; პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას; ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს ხალხს; ... ჩვენ გვაქვს მრავალათასწლიანი სახელმწიფოებრიობა, კულტურა და იდენტობა. არავის ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ რაიმე უკანონობას ჩავიდენთ“, - ირაკლი ღარიბაშვილმა ასე უპასუხა დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიმე დასავლურ ქვეყანაში გადაეყვანათ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
უსამართლო ევროპა
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო, რომელიც უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას „ყველა მიმართულებით“, ერთგვარად დასაჯეს, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველო რადგან ყველაფერს პირნათლად ასრულებს, წლის ბოლოსათვის სტატუსის მიღებას ელოდება.
„ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ უკვე, პარლამენტმა ძალიან მაგრად იმუშავა მთავრობასთან ერთად. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი შესასრულებელია, შეგვესრულებინა მაქსიმალურად მოკლე დროში. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ვინაიდან ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვინმე საბოტაჟს გაუწევს და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არის ისევ ეს დესტრუქციული, ანარქისტული ძალები“.
„ქართული ოცნება“ (მაინც) პროდასავლურია?!
ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა „შეცდომაში შეყვანილ“ ახალგაზრდებს, ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ძმებო, გავიხსენოთ, საიდან დაიწყო, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეალური, ხელშესახები პროგრესიო.
„2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და მოიყვანა „ქართული ოცნება“. რეალურად, მან დააბრუნა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. აცდენილი იყო საერთოდ, გახსოვთ, რომ სააკაშვილის მთავარი იდეა იყო, არა ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარება. შეგახსენებთ, რომ სამი წლის დაგვიანებით დავიწყეთ ჩვენ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა. რატომ? ამათ გადადებული ჰქონდათ. ისევე, როგორც უვიზო რეჟიმზე მუშაობა. შევახსენოთ საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდებს, ვინ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. მე მოვაწერე ხელი „ქართული ოცნების“ სახელით. ვინ მოაწერა თავისუფალ ვაჭრობას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა შეძლონ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ნულოვანი ბეგარით პროდუქციის გატანა”.
ღარიბაშვილის ტყუილ-მართალი
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩისა და „რონდელის ფონდის" მკვლევრის, გიორგი ბადრიძის თქმით, მტკნარი ტყუილია ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ნულიდან მოუწია ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის დაწყება და, რომ უსამართლოდ სდებენ მას და მის მთავრობას ბრალს არასაკმარისად პროდასავლურობაში.
„მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე, უვიზო მომოსვლაზე დაწყებული იყო წლების განმავლობაში ჩემი თაობის დიპლომატების მიერ და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილის ხელისუფლებამ უარი არ თქვა მის ხელმოწერაზე, იყო სწორედ საზოგადოების ის დამოკიდებულება, რომელიც ყველასთვის ცნობილი იყო - აბსოლუტური მხარდაჭერა პროდასავლური კურსის გაგრძელებისა. ეს იყო საარჩევნო პლატფორმა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმები რამდენიმე არჩევნებში და მასზე უარის თქმა (იანუკოვიჩის მსგავსად), დიდი ალბათობით, გამოიწვევდა საზოგადოების ძალიან მძაფრ რეაქციას. ვიქტორ იანუკოვიჩის 180 გრადუსით შემობრუნება „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელება ეტაპობრივად, რამდენიმე ნაბიჯად. აგენტების შესახებ კანონი რეალურად გააფორმებდა მას, ამიტომ შეხვდა საზოგადოების ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა“.
გიორგი ბადრიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არ ტყუის იმაში, რომ ხელი პირადად მან მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
„ტორტიც გვახსოვს მისი ხელმოწერილი, - ამბობს გიორგი ბადრიძე, - მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არც ასოცირების შეთანხმება შესრულდა რეალურად და არც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობები გამოიყენეს. იმავე პერიოდში, როდესაც ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა, იმის ნაცვლად, რომ ღარიბაშვილის მთავრობას ხელი შეეწყო ქართული ეკონომიკისთვის და ევროპის ბაზარზე ორიენტირებული გამხდარიყო, ზუსტად იმ პერიოდში დააბრუნა რუსეთის ეკონომიკური ბერკეტები და ეს გააკეთა სრულიად მიზანმიმართულად. შედეგიც სახეა: დღეს რუსეთს ჩვენზე ზემოქმედების ბევრად მეტი ეკონომიკური ბერკეტი აქვს, ვიდრე 2012 წელს ჰქონდა“.
გიორგი ბადრიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაარწმუნა იგი, რომ „ქართული ოცნება“ თვისებრივად არაფრის შეცვლას არ აპირებს:
„როდესაც გამოცხადდა აგენტების კანონის უკან გაწვევის ამბავი, მაშინვე დავწერე, რომ ეს არის ტაქტიკური სვლა. ამ ხელისუფლების გეგმები, მისი ინტერესები არ შეცვლილა, ისინი ძირეულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს სვლას დემოკრატიულ ევროპაში და, აქედან გამომდინარე, ძირეულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს და ქართველი ხალხის გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს“.
უკრაინა
ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ განაცხადა, რომ გარკვეული ძალები დასავლეთსა და უკრაინაში საქართველოში ომის დაწყებით არიან დაინტერესებული.
„წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. აღარ მინდა, ახლა დეტალებში წავიდე, ყველამ კარგად ვიცით, აქ რა მოხდება“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და მაგალითად უკრაინა მოიყვანა:
„შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, 20 პროცენტი არის უკვე ოკუპირებული, 20 პროცენტი. ამბობენ, რომ 800 მილიარდიდან 1 ტრილიონ დოლარამდე ზარალი აქვს მიყენებული უკრაინას. უკრაინის GDP რამდენია - 200 მილიარდი იყო. 800 მილიარდი, სულ მცირე, უკვე არის ზარალი. ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე. უკრაინის 20 მილიონი მოქალაქე არის მიგრაციაში. ეს ტრაგედიაა, საშინელება ხდება უკრაინაში. ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იციან, ცდილობენ, ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არცერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი“.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ომში ჩათრევის იდეა მომდინარეობს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან:
„რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ უკრაინის ოფიციალური, მაღალი თანამდებობის პირის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის აღიარებითი ჩვენება, სადაც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენ, არამედ ეს ომი უნდა გადასულიყო საქართველოში და მოლდოვაშიცო“.
გიორგი ბადრიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინისადმი ჯერ კიდევ 2013 წელს შეიცვალა, 2014 წელს კი ივანიშვილის ხელისუფლებას სრული მიუღებლობა ჰქონდა უკრაინის როგორც ბრძოლის, ასევე თავისუფლებისა:
„ჯერ კიდევ მაშინ ვიხილეთ მიზანმიმართული და თანმიმდევრული გამიჯვნა უკრაინისგან, რის გამოც სტატიაც კი დავწერე ირ. ღარიბაშვილის ინტერვიუს ნახვის შემდეგ, ღარიბაშვილი ბრიტანელ ჟურნალისტს უხსნიდა იმას, თუ როგორ არაფერი აქვთ საერთო საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და რატომ არ უნდა იდარდოს დასავლეთმა საქართველოს გამო, რომლის ურთიერთობა რუსეთთან აქტიურად იყო გამოსწორების პროცესში. ამ დროიდან გამჟღავნდა ყველაფერი ნათლად. სტატიაში „პრაგმატიზმის ილუზია“ დავწერე, რომ „ოცნების“ არგაღიზიანების პოლიტიკითა და კრემლის გულის მოგებით მოხდებოდა საქართველოს (სინამდვილეში კი ხელისუფლების) ინტერესების დაბალანსება რუსეთთან, მეტი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა. რეალურად ამ პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის ტემპი მნიშვნელოვნად შესუსტდა. ფორმალურად მოეწერა ხელი ევროკავშირთან შეთანხმებებს, ხოლო რეალური ნაბიჯები, რომლებიც დაგვაახლოებდა, არ გადაიდგა“.
პრემიერის მადლობები და მუქარები
ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი ილაპარაკა პოლიციის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქციის მონაწილეების შესახებ: პოლიცია და შს მინისტრი შეაქო, ყველა დანარჩენს კი რადიკალიზმში დასდო ბრალი და პასუხისგებაში მიცემითაც დაემუქრა. ოპოზიცია მან მკვლელობის განზრახვაშიც კი დაადანაშაულა.
- მადლობა ხელისუფლებას. „გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენი სიმტკიცე, ხელისუფლების და, ამავდროულად, ჩვენი ხელისუფლების გონიერება. კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ამით ჩვენ, ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა, ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს... მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო გუნდს, უმრავლესობას, პარტიის, პარლამენტის თავმჯდომარეებს, ყველას, ძალიან რთული დღეები იყო მათთვისაც“.
- მადლობა ჰუმანურ პოლიციას. „ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე - ჰუმანურობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა. ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე, ეს არის სისულელე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მაგარ პოლიციას“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 8-9 მარტს რუსთაველის გამზირზე პროტესტს გამოთქვამდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის მხარდამჭერები („ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, პროვოკატორ ჯაფარიძის („გირჩი“) მოძრაობა), და მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები. ღარიბაშვილის თქმით, აქციებზე ასევე იყვნენ „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტები“:
- მკვლელი ოპოზიცია. „ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“.
- სატანისტები. „რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს. არ მინდა, მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია. პირველი ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“, ეს იყო კოორდინირებული, ამის უკან იდგა მერაბიშვილი, რომელიც კეზერაშვილთან ერთად აკონტროლებს პარტიას“.
- მუქარა. „ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, 60-მდე პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე პოლიციელი ლამის ცოცხლად დაიწვა, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი“.
- არასამთავრობოები - დესტაბილიზაცია და მეორე ფრონტი. „300 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო გაერთიანებული ამ აქციის ორგანიზებაში. ამას დაემატა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, „გირჩი“, ეს კლუბები, ორგანიზაციები, რაც აქვთ შექმნილი და, რა თქმა უნდა, მათი ეს ამოცანა, კიდევ ვიმეორებ, იყო დესტაბილიზაციის გამოწვევა, რაღაც გარკვეული პროვოკაციების მოწყობა. მთავარი მიზანი არის უკრაინის, ასე ვთქვათ, როგორც თვითონ ამბობენ, უკრაინის დახმარება ომში. როგორ? მეორე ფრონტის გახსნა“.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი არაზუსტი და უპასუხისმგებლო ინფორმაცია გაავრცელა, მის ვრცელ ინტერვიუში არ ჩანდა არანაირი სინანული მავნებლური კანონის ინიცირების გამო და, რომ ყველაფერი გადააბრალა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს, დასავლეთსა და ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისგებაში მიცემითაც დაემუქრა. ინტერვიუდან გიორგი კლდიაშვილმა გამოჰყო:
- უპასუხისმგებლობა. „აპირებდნენ რამდენიმე ახალგაზრდის მკვლელობასო,- ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ამას სჭირდება დასაბუთება. უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ ასეთი ბრალდების წამოყენება არ არის უბრალო პოლიტიკური განაცხადი. ასეთი რამ ძალიან სერიოზული საფრთხის შემქმნელია“.
- პოლარიზაციის გაღრმავება. „ცეცხლზე ნავთი იყო პრემიერის ეს ინტერვიუ. არანაირი შერიგება, დიალოგისკენ ნაბიჯი. პირიქით, ყველას დავსჯით... რა დასჯაზეა საუბარი?! საზოგადოების პასუხი იმ უგუნურ გადაწყვეტილებაზე, რაც მიიღო ხელისუფლებამ, იყო პროპორციული იმისა, რაც ხდებოდა პარლამენტის შიგნით: იღებდნენ მავნებლურ, ქვეყნის დამაზიანებელ, ანტიდასვლურ, რეალურად კი, მოღალატეობრივ კანონს. ყველა პარტნიორმა გაგვაფრთხილა, რომ ამ კანონის მიღება გამოიწვევდა სერიოზულ შეფერხებას ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. მაინც მიიღეს“.
- მუქარა. „იმუქრება, დავაპატიმრებთ ყველასო. არადა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გაიწვიეს კანონპროექტი, რათა შეწყვეტილიყო საპროტესტო გამოსვლები. აქ არ არის საუბარი სამართლებრივ შეფასებაზე. ღარიბაშვილმა დაასახელა ჩვენი კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ჩვეულებრივი მტრები. მან თქვა, რომ ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებენო. 37 წლის ტერმინოლოგიით საუბრობს. თუ გაგრძელდა რეპრესიები და ყველას დაუწყეს დევნა, ვინც გამოსული იყო პროტესტის გამოსახატად, მაშინ ეს გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო მძაფრ რეაქციას და დაიწყება ახალი ტალღა“.
- სარწმუნოებაზე აპელირება. „ეკლესიის ხშირი ხსენებით უნდათ საზოგადოების კონსერვატული ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება. ეს ყველაფერი გათვლილია სამომავლო არჩევნებზე. უკვე დაწყებულია ძალიან სერიოზულად მზადება მომავალი არჩევნებისთვის. „ოცნებას“ რომ არ აქვს მყარად გარანტირებული გამარჯვება, ეს ფაქტია. „ხალხის ძალის“ შექმნითაც ცდილობენ კონსერვატული, არადასავლური ელექტორატის მიმხრობას“.
- მადლობა პოლიციას თუ ახალგაზრდებს? „ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლიციას და არა ახალგაზრდებს, რომლებმაც გამოხატეს პროტესტი. თუ დემოკრატია გინდა, უნდა უსმენდე ხალხს, რა პრობლემები აქვთ და რის გამო გამოდიან ქუჩაში. ისე წარმოაჩინა, თითქოს იმისთვის გამოვდნენ ქუჩაში, რომ მანქანები დაეწვათ და პოლიცია დაეზიანებინათ. ეს ასე არ იყო. აქცია თავიდან იყო მშვიდობიანი, ვიდრე რუსთაველზე ჩიტაძის ქუჩის მხრიდან სრულიად უმიზეზოდ არ ისროლეს გაზის მაშხალები, რაც დაუშვებელი იყო. ამ დარღვევაზე სახალხო დამცველმაც ილაპარაკა“.
გამჭვირვალე ხელისუფლება
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, გამჭვირვალეა.
„ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც კარგია თავისთავად და ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის. თუნდაც იგივე, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი კლდიაშვილი, რომლის ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს ინფორმაციის თავისუფლების ანგარიშს, ამბობს, რომ არანაირი გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საქართველოს ხელისუფლება არ არის:
„საჯარო ინფორმაცია პრაქტიკულად აღარ გაიცემა საჯარო დაწესებულებებიდან, განსაკუთრებით ცენტრალური დაწესებულებებიდან და ეს არის სისტემური, ერთიანი მიდგომა. ინფორმაციის თავისუფლების 2022 წლის ანაგრიშის მიხედვით, წერილებზე გაცემული პასუხების სტატისტიკა დაცემულია 82%-დან 58%-მდე. გამჭვირვალობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა 2011 წლიდან. სააკაშვილის მმართველობის ბოლოსაც კი არ ყოფილა ასეთი დაბალი მაჩვენებელი. იმის მაგივრად, რომ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტი აამაღლონ, ყურადღება გადაიტანეს აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან“.
რატომ გაისარჯა პრემიერი?!
გიორგი კლდიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სცადა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფლება არის ძლიერი და მონოლითური, რომ ჰყავს პოლიცია და რომ არ დათმობენ არაფერს.
„რაც მოვისმინეთ, იყო საწყენიც და საგანგაშოც, - ამბობს გიორგი კლდიაშვილი, - არანაირი საუბარი, შერიგება. მხოლოდ მუქარა. კრიზისის გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ძალისხმევა. კარს არის მომდგარი კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუს მსვლელობისას რამდენჯერმე ახსენა „ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, რომელმაც „დააბრუნა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე“, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ფაქტორი უშლის ხელს საქართველოში დასავლური ტიპის დემოკრატიის მშენებლობას, რაც თავის მხრივ ევროკავშირთან დაახლოების წინაპირობაა.
„ქართული ოცნებისა და ივანიშვილისთვის დასავლური ტიპის დემოკრატია სრულიად მიუღებელია, რადგან ის მოითხოვს ტოტალურ კონტროლზე უარის თქმას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაზე. „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით იერიში მიიტანეს თავისუფლების ბოლო სექტორზე - თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს არის ბოლო სივრცე, რომელიც დარჩენილია ივანიშვილის პირად კონტროლს მიღმა. ამ ჯერზე ეს იერიში ჩაიშალა, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტაქტიკური უკან დახევა და ღარიბაშვილის ამ ინტერვიუმ ეს ნათლად გამოაჩინა. არანაირი გადააზრება დემოკრატიის, თავისუფლების მიმართ დამოკიდებულების არ მომხდარა. ოლიგარქიის ინტერესები ბუნებრივადაა დაპირისპირებული დასავლეთთან, ევროკავშირთან, მის მთავარ ფუძემდებლურ პრინციპებთან. დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი პოლიტიკური სისტემა ბევრად უფრო ართულებს კონტროლის შენარჩუნებას, რომელსაც მიაღწია ფულადი თუ სხვა სახის ინვესტიციების ჩადებით. მან აისრულა ოლიგარქის ოცნება: ეს არის პატარა კერძო ქვეყანა, რომელიც ურჩევნია იყოს იზოლირებული, სუსტი და ღარიბი, რადგან დასავლური პრინციპების გამზიარებელი თუნდაც ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყანა, უფრო ძნელად გასაკონტროლებელია“, - უთხრა გიორგი ბადრიძემ რადიო თავისუფლებას.