"გავუძლებთ" - ღამისთევით ქუჩაში, შვილის წამლისთვის

ღამე, კანცელარიასთან კივილი ისმის - ქალები პოლიციელებს ეჩხუბებიან, რომლებიც იქვე, რკინის ღობესთან პუფების დადებას არ აცლიან. “გინდა, რომ ძირს ვიჯდე მთელი ღამე, ცივზე?” - ყვირის ეკა ჭონქაძე. ის და კიდევ რამდენიმე ქალი ამ პუფებზე მთელ ღამეს გაატარებენ, წვიმაში.

ეკა ჭონქაძე ცდილობს, ღამის გასათევად კანცელარიის წინ პუფი დადოს

“ქალები ასე არ იქცევიან”, - უყვირის ეკას ერთ-ერთი პოლიციელი პასუხად. ეს დედები კანცელარიასთან მესამე დღეა, რაც ბავშვებისთვის იშვიათ, ახალ წამალს ითხოვენ, რომელიც აქონდროპლაზიასთან ბრძოლაში დაეხმარება და, როგორც ამბობენ, მათ შვილებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს. დრო ცოტა რჩებათ - Voxzogo მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე მოქმედებს, ძირითადად, 12-13 წლამდე - მერე ბავშვები აღარ იზრდებიან და წამალიც აზრს კარგავს.

თამუნა გელაშვილი

“დაჩი არის 12 წლის, აქ დადის, 46-ე სკოლაში, - ჰყვება თამუნა გელაშვილი, დაჩის დედა, - აქვს სახსრების ტკივილი, ვერ სუნთქავს ცხვირით, მალე იღლება ხოლმე. გვაქვს მაგალითები უცხოელი დედებისგან, რა კარგი შედეგები დადო წამალმა. ჩვენთვის ხომ სიმაღლე არაა პრობლემა - ჩვენ გვინდა მდგომარეობა შევუმსუბუქოთ. გაჩნდა ამის შანსი, რომ აღარ ვათენოთ დედებმა ღამეები. დაჩის ახლა ვცდილობთ, რომ მოვარიდოთ ამ სიტუაციას, ისედაც ძალიან განიცდიან ბავშვები თავიანთ მდგომარეობას”.

მშობლები კანცელარიის წინ მორიგეობით, მთელი ღამე რჩებიან

თამუნა ამბობს, რომ წამლის ავტორიზება დიდი სიხარული იყო - ოჯახი საცდელ ფაზას თვალს ჯერ კიდევ მაშინ ადევნებდა, როცა დაჩი ბაღში დადიოდა. Voxzogo-სთან ერთად გამოჩნდა იმედი, რომ დაჩის სხეული უფრო მძიმე ცვლილებებს გადაურჩება.

“ზოგადად მშობლები, ვინც მაგ წამლის მოლოდინმა გაგვაერთიანა, დავმეგობრდით უკვე, ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს ჩვენს შვილებზე, ამ წამალზე. ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა გაიღიმონ და ამოისუნთქონ”.

დედები კანცელარიის მომავალი ბაღის პერიმეტრზე, ღობეს იქამდე უბრახუნებენ, სანამ არ დაიღლებიან

როგორც იქნა, პუფები დაადებინეს, დედები გრძელი ღამისთვის ემზადებიან. ეკა ვიდეოზარით შვილს ესაუბრება, ეუბნება “ყველა ჩვენ მხარესაა, დედიკო, უბრალოდ ყველა ხმას ვერ იღებს”.

ქეთი ბეგიაშვილი

ქეთი ბეგიაშვილი, რომელიც შეუძლოდ გახდა და ცოტა ხნით, სასწრაფოს მანქანაში იყო გადასული, ახლა რამდენიმე საბანში გახვეული ზის და ყვირილისგან ჩაწყვეტილი ხმით ლაპარაკობს თავის 13 წლის ზაკოზე:

“თოთხმეტი წლის გახდება სექტემბერში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი შვილი ბევრად უფრო ჩართულია ახლა ამ პროტესტში, ვიდრე მისი ასაკის ბავშვი უნდა იყოს. ყოველდღე მეუბნება, როგორ ამაყობს ჩემით, რომ ჩემი შვილია. ამან იმხელა ძალა მომცა, რომ ათი ქეთი გავხდი. მაგრამ აი, ახლა ძალიან დაღლილი ვარ ემოციურად, ვტირი მთელი დღე, არ გვთვლიან ადამიანებად, არ გვაღიარებენ.

ქეთის შვილი, ზაკო მუშკუდიანი

ამიტომაც ვარ ძალიან შეურაცხადი. ზოგჯერ ჩემი საქციელის მრცხვენია, მიწაზე ვჯდები, ვკივივარ, აგრესიული ვარ - ნამდვილად არ ვიყავი ასეთი, მაგრამ გამხადეს. იქნებ ცრემლით მაინც გაიგონ ჩვენი ტკივილი. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მივიდოდი”.

ქეთი ბეგიაშვილი პოლიციასთან შეხლა-შემოხლის მერე შეუძლოდ გახდა

რა აღარ ქნეს - იარეს შეხვედრებზე, წერეს წერილები, და ბოლოს, ქუჩაში გასულები, საათობით აბრახუნებდნენ კანცელარიის მომავალი პარკის რკინის ღობეზე, მაგრამ ჯერ ხმა ვერავის გააგონეს. გვერდში ერთმანეთი ჰყავთ - 17 დედა, აქედან თორმეტის ბავშვს წამალი სასწრაფოდ ესაჭიროება. მათ გვერდით სხვა დედებიც დგანან, ვის შვილებსაც რთული და იშვიათი დიაგნოზები აქვთ, მაგალითად, აქტივისტი თამუნა იარაჯული დღეს მათთან ერთად ათენებს. ფეისბუკზე სტატუსს წერს და თან ცრემლებს იწმენდს - პროტესტის მონაწილე ერთ-ერთი დედის ისტორიას ჰყვება, რომელიც მარტოხელაა.

თამუნა იარაჯული

“ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, რომ სახლში მიიტანოს საკვები და მედიკამენტი, და ის მეკითხებოდა, რამდენი ხანი შეიძლება გაგვიმეტონ, იქნებ ერთი დღე მაინც ვიმუშავო, რომ საჭმლის ფული დავტოვო სახლშიო. ვერც კი წარმოიდგენენ, რამხელა ზიანი გვადგება, ფინანსური და ფსიქოლოგიური, როცა აი, ასე, ქუჩაში ვიძინებთ, როცა თვითონ ალბათ თბილ სახლში ზიან. ერთი წუთი როგორ უნდა დაიძინო, როცა იცი, რომ შეგიძლია ეს დედები ოჯახებს დაუბრუნო. მუდმივად ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ, რომ შვილები გადავარჩინოთ”.

ეკა ჭონქაძე შვილს ამშვიდებს

ღამის პირველისკენ ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოსული მხარდამჭერებისა და პოლიტიკოსების ნაკადი ილევა, რჩებიან მხოლოდ დედები და მათი რამდენიმე ახლობელი. სცივათ, ერთმანეთს ეუბნებიან, შენ მაინც წადი სახლში, დაისვენეო, მაგრამ არცერთი არ მიდის, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, იქამდე იმორიგეონ, სანამ შვილების წამალს არ მოიპოვებენ.

"არასდროს მეგონა, რომ აქამდე მივიდოდი" - ქეთი ბეგიაშვილი

“გავუძლებთ ყველაფერს ბოლომდე, ეგ პრობლემა არ იქნება”, - ამბობს საბანში გახვეული თამუნა გელაშვილი. “ვიტოვებ პატარა იმედს, რომ გაგვიგონებენ”.