ღამის გასათევი 2 დოლარად! ბათუმში ოთახების იაფად გაქირავების იმედად არიან

საქართველოს შავიზღვისპირეთის სასტუმროების მფლობელები იმედოვნებენ, რომ უზარმაზარი ფასდაკლებები გამოაცოცხლებს ბათუმის განადგურებულ ტურისტულ მრეწველობას.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მშვენიერ ქალაქში, ყველა მოგზაური მიაგნებს რამეს თავისი ჯიბის შესაბამისად.

სანაპიროს გასწვრივ, პლაჟთან მიმდებარე ყველაზე პრესტიჟულ არეალში, ბინების შოვნა ღამეში 12 დოლარად შეიძლება. თუ ეს ძალიან ეძვირებათ, ტურისტებს შეუძლიათ რამდენიმე ასეული მეტრით ქალაქის სიღრმეში შევიდნენ და იქ უკვე სულ 2 დოლარად იშოვონ ღამის გასათევი.

ქართველების ოჯახი სეირნობისას ბათუმის თითქმის ცარიელ პლაჟზე

მაგრამ ტურისტები თითქმის არ ჩამოდიან. ბათუმმა დიდი აღმავლობა განიცადა, როგორც დასასვენებელმა ადგილმა, დაბალი და საშუალო ბიუჯეტიანი ტურისტებისთვის, უმეტესად რუსეთიდან. მაგრამ ერთი-ორმა დარტყმამ ტურიზმი მწყობრიდან გამოიყვანა.

ჯერ იყო და, რუსეთთან დიპლომატიური უთანხმოების გამო, 2019 წლის ზაფხულში კრემლმა ორ ქვეყანას შორის ფრენებზე აკრძალვა დააწესა. შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში, კორონავირუსის გამო, საქართველოს საზღვრები ჩაიკეტა.

ბათუმის პლაჟი 2019 წლის ივნისში

მერი ემირიძე, რომელიც აჭარის ტურიზმის უწყებაში ბათუმს ზედამხედველობს, ამბობს, რომ რეგიონმა 1.6 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა 2019 წელს, 2020 წელს კი მხოლოდ 306 000 ტურისტი ჩამოვიდა, ანუ მათი რიცხვი 81 პროცენტით დაეცა.

ემირიძე ამბობს, რომ მას "მსგავსი არაფერი უნახავს". რაც შეეხება საცხოვრებელი ფასების დაცემას ბათუმში, ტურისტების ყურადღების მიპყრობის მიზნით ერთმანეთთან მეტოქეობისას ბევრი სასტუმრო ცდილობს ოთახები გააქირაოს ისეთ ფასად, რომელიც ადრინდელი ფასების მცირე ნაწილს შეადგენს.

ოქროსფერსახურავიანი კოშკის წვერი ბათუმის ცენტრში

სასტუმროს მფლობელი არჩი, რომელმაც გვთხოვა მისთვის ინგლისურ ყაიდაზე მიგვემართა, ბათუმის ძველ ქალაქში ბინებს 2019 წლის ფასების მესამედ ფასში აქირავებს. მისი შეფასებით, ტურისტების რიცხვმა 90 პროცენტით იკლო იმასთან შედარებით, რამდენიც ჩვეულებრივ იყო ხოლმე წელიწადის ამ დროს. ბათუმის მკვიდრი ამბობს, რომ ასე "გაჭირვებული" არ ყოფილა 1990-იანი წლების მერე, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ბევრი პრობლემა იყო.

არჩი ამბობს, რომ ბათუმის მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი გასულ წელს იძულებული იყო დახმარებისთვის მიემართა ნათესავებისთვის, რომლებიც მთებში ცხოვრობენ. "ბევრს ჰყავს ნათესავები, რომლებიც მთებში ცხოვრობენ და რომლებსაც ძროხები და ცხვრები ჰყავთ. მთაში ხალხს ყოველთვის აქვს საჭმელი. მათ არ სჭირდებათ მთავრობა. მათ თვითონაც შეუძლიათ ცხოვრება".

ბათუმის პლაჟთან საბჭოთა დროის ნაგებობა, სადაც ახლა ბარია. 25 აპრილს ბარი ცარიელი იყო

ამჟამად საქართველოში განახლდა ფრენები თურქეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან, მაგრამ თუ ჩამომსვლელები აცრილი არ არიან, მათ კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ქაღალდი სჭირდებათ, რომ თვითმფრინავში ჩასხდნენ, საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს კი კოვიდის მეორე ტესტი უნდა გაიკეთონ. ბავშვებმაც უნდა გაიარონ არაკომფორტული ტესტი ცხვირიდან ნაცხის აღებით, თუმცა ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელი ამ მოთხოვნას უგულებელყოფს.

საქართველოში ახლა კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი. რესტორნები საღამოს 8 საათზე იკეტება, 9 საათის შემდეგ კი გარეთ გასვლა აკრძალულია.დამრღვევებს მაღალი ჯარიმა ემუქრებათ. კერძების შინ მიტანის სამსახურები ყველგან მოქმედებს.

ტაქსის მძღოლები კამათელს აგორებენ ბათუმის ნავსადგურში, წყალთან

აპრილის ბოლო დღეებში ბათუმში ჩამოსული ტურისტების უმეტესობა ისრაელიდანაა. თუმცა არჩი ამბობს, რომ ფული, რომელსაც ეს ტურისტები ხარჯავენ, უმეტესად ტრიალებს საერთაშორისო ქსელის სასტუმროებში, სადაც კაზინოები და მაღალი კლასის რესტორნებია. ისინი ბათუმის სანაპიროზეა განთავსებული. ისრაელში აზარტული თამაშობების უმეტესობა აკრძალულია და იქ არც საზოგადოებრივი სამორინეებია. ბათუმის სასტუმრო „ჰილტონის“ - რომლის მეორე სართულზეც კაზინოა განთავსებული - მიმღებმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასტუმრო აპრილისთვის თითქმის მთლიანად დაჯავშნილია, თუმცა ამ სასტუმრომაც, 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით, 25 პროცენტით დასწია ფასები.

ბათუმის ბაზარი

ტურიზმზე დამოკიდებული შეკვეცილი ეკონომიკა ბათუმის პლაჟიდან მოშორებითაც თვალში საცემია. მალხაზი ბაზარში მწვანილს, ახალ ხახვს და სალათს ყიდის. ბათუმელი მოვაჭრე ამბობს, რომ 2019 წლამდე მისი ბიზნესი ნაწილობრივ დამოკიდებული იყო დიდი ხნით ჩამოსულ დამსვენებლებზე, რომლებიც ბაზარში იძენდნენ ყოველკვირეულად პროდუქტს.

ბოსტნეულით მოვაჭრე ამბობს, რომ ადრე ადგილობრივ ფერმერებს ჩამოუვლიდა და სატვირთო მანქანას ნახევარი ტონა პროდუქტით ავსებდა ხოლმე. ახლა მსუბუქი მანქანაც ჰყოფნის იმ რამდენიმე ათეულ კილო მწვანილეულის ბაზარზე მისატანად.

ბათუმის პლაჟის სტუმრები აპრილის მზით ტკბებიან

ბათუმის უსიცოცხლო ცენტრში სასტუმროს პატრონ არჩის, იმის მოლოდინში, რომ ვინმე დაჯავშნის სასტუმროს, ახსენდება ძველი ქართული, ახლა მეტად აქტუალური, ანდაზა და ამბობს: ჩვენ მზად ვართ სტუმრებისთვის და „სტუმარი ღვთისაა".