ღაზის სექტორი - უახლესი 75 წელი მოკლედ

არაბები ტოვებენ სოფლებს გალილეის ტერიტორიიდან. 1948 წლის ოქტომბერი.

ღაზა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ტერიტორიაა, სადაც უძველესი სავაჭრო და სანაოსნო გზები გადიოდა. 1917 წლამდე მას ოსმალეთის იმპერია ფლობდა.

შემდეგ ამ მიწას ჯერ ბრიტანეთი აკონტროლებდა, მერე კი ეგვიპტე და ისრაელი. ახლა ის შემოსაზღვრული ანკლავია, სადაც 2 მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს.

აი, მისი უახლესი ისტორიის მოკლე ქრონოლოგია.

მომზადებულია „როიტერის“ მიხედვით.

ისრაელის ჯარები მოქმედებენ გალილეის რეგიონში დაუდგენელი არაბული სოფლის მახლობლად, 1948 წლის დამოუკიდებლობის ომის საწყის ეტაპზე. პალესტინაში ბრიტანეთის მანდატი ამოიწურა. მეორე დღეს ეგვიპტის, სირიის, იორდანიის არმიები და ერაყის კონტიგენტი თავს დაესხნენ ისრაელის ახალ სახელმწიფოს.

1948 - ბრიტანეთის მმართველობის დასასრული

1940-იანი წლების ბოლოს, როდესაც პალესტინაში ბრიტანეთის კოლონიალური მმართველობა დასასრულს უახლოვდებოდა, გამძაფრდა დაპირისპირება ებრაელებსა და არაბებს შორის. ამ კონფლიქტის კულმინაცია, 1948 წლის მაისში გახდა ომი ახლადშექმნილ ისრაელის სახელმწიფოსა და მის მეზობელ არაბულ სახელმწიფოებს შორის. ღაზას ათობით ათასმა პალესტინელმა შეაფარა თავი - ზოგი ომს გაურბოდა, ზოგს კი სახლის დატოვება აიძულეს. ეს ვიწრო, 40 კილომეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი ეგვიპტის არმიამ დაიკავა. ღაზაში ლტოლვილთა შედინებამ მოსახლეობა სამჯერ გაზარდა. ახლა იქ უკვე 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.

ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი

1950-იანები და 1960-იანები - ეგვიპტის სამხედრო მმართველობა

ეგვიპტე ღაზის სექტორს ორი ათწლეულის განმავლობაში აკონტროლებდა. იქ თავისი სამხედრო გამგებელი ჰყავდა დანიშნული, პალესტინელებს კი ეგვიპტეში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობას აძლევდა. შეიარაღებული პალესტინელი „ფიდაინები“, რომელთა შორისაც ბევრი ლტოლვილი იყო ისრაელს თავს ესხმოდნენ, რასაც საპასუხო ნაბიჯები მოჰყვებოდა. გაერომ შექმნა ლტოლვილთა სააგენტო, UNRWA, რომელიც დღეს სერვისებს სთავაზობს ღაზაში რეგისტრირებულ 1.6 მილიონ პალესტინელ ლტოლვილს და ასევე პალესტინელებს იორდანიაში, ლიბანში, სირიაში და დასავლეთ სანაპიროზე.

1967 - ომი და ისრაელის სამხედრო ოკუპაცია

ისრაელმა ღაზის სექტორი 1967 წლის ომის დროს დაიკავა. იმ წელს ისრაელის ჩატარებული აღწერის თანახმად ღაზაში 394 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მათგან სულ მცირე 60% ლტოლვილი იყო.

ისრაელის მებრძოლების მიერ განადგურებული ეგვიპტური ჯავშანტექნიკა სინაის გზაზე. 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს.

ეგვიპტელების წასვლის შემდეგ ბევრმა ღაზელმა მუშაობა დაიწყო ისრაელში, სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და სერვისის ინდუსტრიებში - მაშინ ამ სფეროებში სამუშაოს შოვნა იოლი იყო. ისრაელის ჯარები ტერიტორიას აკონტროლებდნენ და იცავდნენ დასახლებებს, რომლებიც ისრაელმა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში აღმართა. ეს პალესტინელების ბრაზს იწვევდა.

ასევე ნახეთ სიწმინდეები, რომლებსაც ებრაელები და პალესტინელები ვერ იყოფენ

1987 - პალესტინის პირველი აჯანყება. ჰამასის შექმნა

1967 წლის ომიდან ოცი წლის თავზე, 1987 წლის დეკემბერში პალესტინელებმა პირველი ინტიფადა - აჯანყება დაიწყეს. კონფლიქტი ავტოსაგზაო შემთხვევით დაიწყო, როდესაც ისრაელის სატვირთო მანქანა პალესტინელი მუშების მანქანას შეეჯახა. დაიღუპა ოთხი პალესტინელი. დაპირისპირება შეტაკებებში და გაფიცვებში გადაიზარდა.

პალესტინელი სკოლის მოსწავლეები სახლში ბრუნდებიან გაკვეთილებიდან. ფონზე ისრაელის ჯარისკაცების არაბ მამაკაცებს ჩხრეკენ, მას შემდეგ რაც ებრაელი მამაკაცი მძიმედ დაჭრეს, 1986 წელი. 1987 წელს მასობრივი აჯანყება მოხდა, რომელიც ცნობილია როგორც „ინტიფადა“.

ამ შეტაკებების ფონზე ეგვიპტეში ბაზირებულმა „მუსლიმთ საძმომ“ ჩამოაყალიბა პალესტინის ფილიალი, „ჰამასი“, რომლის ცენტრიც ღაზაში იყო განთავსებული. „ჰამასი“ ისრაელის განადგურებას და მუსლიმური მმართველობის აღდგენას ქადაგებს. ის გახდა მთავარი კონკურენტი იასირ არაფატის სეკულარული „ფათჰის“ პარტიისა, რომელიც „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“ უძღვებოდა.

1993 - ოსლოს ხელშეკრულება და პალესტინის ნახევრად-ავტონომია

ისრაელმა და პალესტინამ 1993 წელს ხელი მოაწერეს ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის შედეგადაც შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია. დროებითი შეთანხმების შედეგად პალესტინამ ნაწილობრივი კონტროლი დაამყარა ღაზაზე და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იერიქონზე. არაფატი ათწლეულების შემდეგ ღაზაში დაბრუნდა.

ასევე ნახეთ „ხანდახან დაბომბვა წყდება, მაგრამ სიჩუმის უფრო მეშინია“, - ქართველი ებრაელი აშკელონიდან

ოსლოს პროცესმა პალესტინის ხელისუფლებას გარკვეული ავტონომია მიანიჭა და ხუთი წლის შემდეგ სახელმწიფოებრიობის შექმნაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ეს არ მომხდარა. ისრაელმა პალესტინელებს უსაფრთხოების შეთანხმებების დარღვევაში დასდო ბრალი, პალესტინელები კი ისრაელის მიერ ახალი დასახლებების მშენებლობებს ეწინააღმდეგებოდნენ.

PLO-ს თავმჯდომარე იასერ არაფატი (მარჯვნივ) ხელს ართმევს ისრაელის პრემიერ მინისტრს იცხაკ რაბინს (მარცხნივ), მათ შორის დგას აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ისრაელისა და PLO-ის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, თეთრი სახლი, ვაშინგტონი, 1993 წლის 13 სექტემბერი.

ჰამასმა და ისლამისტურმა ჯიჰადმა სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად აფეთქებები მოაწყო, ისრაელმა კი პალესტინელებს ღაზიდან გადაადგილების შეზღუდვები დაუწესა. ჰამასმა ასევე გამოიყენა პალესტინელების უკმაყოფილება არაფატის გარშემო არსებული კორუფციით, ნეპოტიზმითა და ეკონომიკის არასწორი მართვით.

2000 - პალესტინელების მეორე ინტიფადა

2000 წელს ისრაელი-პალესტინის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა და დაიწყო პალესტინელების მეორე ინტიფადა. პალესტინელები თავს იფეთქებდნენ და ესროდნენ ისრაელელებს, ისრაელი კი საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდა ღაზაზე და აკრძალულ ზონებს და კომენდანტის საათებს აწესებდა. განადგურდა ღაზის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც პალესტინელების ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო იყო - ერთადერთი პირდაპირი კავშირი გარე სამყაროსთან, რომელსაც არც ისრაელი აკონტროლებდა და არც ეგვიპტე.

2000 წლის 1 ოქტომბერს, ღაზის სექტორში, პალესტინის პოლიციასა ისრაელის ჯარისკაცებს შორის სროლა მოხდა. ოთხი დღის განმავლობაში შეტაკებების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 19 პალესტინელი და დაიჭრა 700-მდე, დაიღუპა 2 ისრაელელი ჯარისკაცი, ათობით დაიჭრა.

აეროპორტი 1998 წელს გაიხსნა. ისრაელმა მას უსაფრთხოების მხრივ სარისკოდ მიიჩნევდა და, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში მისი რადარი და საფრენი ბილიკი გაანადგურა.

ღაზის აეროპორტის დანგრეული შენობები რაფაჰში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში.

კონფლიქტს შეეწირა ღაზის თევზაობის ინდუსტრიაც, სადაც ათობით ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ისრაელმა ღაზის სათევზაო ზონა შეამცირა, რადგან მიიჩნია, რომ საჭირო იყო ნავებით იარაღის კონტრაბანდის აღკვეთა.

ხანდაზმული პალესტინელი მამაკაცი უყურებს თავისი სახლის ნანგრევებს. ის ხუთ სხვა სახლთან ერთად გაანადგურა ისრაელის ბულდოზერმა, 2001 წლის 4 თებერვალი.

2005 - ისრაელი ღაზის დასახლებების ევაკუაციას იწყებს

2005 წლის აგვისტოში ისრაელმა ღაზიდან მოახდინა ჯარებისა და მოსახლეების ევაკუაცია, სექტორი კი მთლიანად შემოსაზღვრა. პალესტინელებმა მიტოვებული შენობები და ინფრასტრუქტურა დაანგრიეს და ჯართში ჩააბარეს.

პალესტინელები დროშებენ აფრიალებენ ყოფილი ებრაული დასახლებების ნანგრევებზე. დაწვეს სინაგოგა. ღაზის სექტორის სამხრეთი ნაწილი. 2005 წლის 12 სექტემბერი.

ევაკუაციამ ღაზის სექტორში გაზარდა გადაადგილების თავისუფლება და გაჩნდა „გვირაბების ეკონომიკა“ - შეიარაღებულმა ჯგუფებმა და კონტრაბანდისტებმა ათობით გვირაბი გათხარეს ეგვიპტეში.

თუმცა, ევაკუაციის შედეგად გაქრა ქარხნები, სათბურები და სახელოსნოები, სადაც არაერთი ღაზელი მუშაობდა.

2006 - ჰამასი და იზოლაცია

2006 წელს ჰამასმა მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა პალესტინის საპარლამენტო არჩევნებში და ღაზის სექტორზე სრული კონტროლი დაამყარა. მათ განდევნეს არაფატის მემკვიდრის, პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ერთგული ძალები.

საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესმა ნაწილმა ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას დამხარება შეუწყვიტა, რადგან ჰამასი მათ მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

პალესტინელი ჰამასის ოფიციალური პირი ისმაილ ჰანიე ეხმარება ჰამასის თანადამფუძნებელს აჰმედ იასინს სატელეფონო ზარის განხორციელებაში ღაზაში, 2003 წლის 13 ივნისი.

ისრაელმა ათობით ათას პალესტინელს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა და ამით შემოსავლის წყარო გადაუკეტა. ისრაელის საჰაერო დარტყმებმა ღაზის ერთადერთი ელექტროსადგური დააზიანა, რამაც ელეტროენერგიის მუდმივი პრობლემები გამოიწვია.

პალესტინელი პოლიციელები ღაზის სექტორში დანგრეულ ხიდთან. ხიდს ისრაელის რაკეტა მოხვდა. 2006 წლის 28 ივნისი.

ჰამასი გეგმავდა ღაზის ეკონომიკა აღმოსავლეთით, ისრაელისგან შორს განევითარებინა, თუმა ეს გეგმა თავიდანვე ჩაიშალა. ეგვიპტის სათავეში 2014 წელს მოვიდა აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, რომელიც ჰამასს საფრთხედ მიიჩნევდა. მან ღაზის საზღვარი დახურა და გვირაბების უმეტესობა ააფეთქა. ღაზის ეკონომიკა კიდევ უფრო გაუარესდა.

კონფლიქტის ციკლი

ღაზის ეკონომიკა მუდმივ დარტყმებს განიცდიდა კონფლიქტის ამ ციკლის დროს, როდესაც მუდმივი დარტყმები და კონტრდარტყმები ისრაელსა და პალესტინელთა სამხედრო დაჯგუფებებს შორის.

პალესტინელები ნანგრევებს შორის მიდიან. თვითმხილველების თქმით, შენობები ისრაელის შეტევის დროს განადგურდა, ქალაქ ბეიტ ჰანუნში ჩრდილოეთ ღაზის სექტორში. 2014 წლის 7 სექტემბერი.

2023 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი წელი 2014-ში იყო, როდესაც ჰამასმა და სხვა დაჯგუფებებმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს ისრაელის ქალაქებზე. ისრაელის საპასუხო საჰაერო და საარტილერიო დარტყმებმა ღაზის ნაწილი გაანადგურა. დაიღუპა 2100 პალესტინელი, უმეტესობა სამოქალაქო პირი. ისრაელის ოფიციალური ინფორმაციით დაიღუპა ამ ქვეყნის 67 ჯარისკაცი და 6 სამოქალაქო პირი.

2023 - მოულოდნელი თავდასხმა

ისრაელი მიიჩნევდა, რომ ახერხებდა ჰამასის შეკავებას და ღაზაში მცხოვრებლებს ეკონომიკურ წახალისებას ცდილობდა. ამ დროს ჰამასის მებრძოლები საიდუმლოდ წვრთნას გადიოდნენ.

პალესტინელებმა ისრაელ-ღაზის საზღვრის ღობე გაარღვიეს მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა პირებმა შეაღწიეს სამხრეთ ისრაელის რაიონებში. 2023 წლის 7 ოქტომბერი.

7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლები მოულოდნელად თავს დაესხნენ ისრაელის ქალაქებს, ასობით ადამიანი დახოცეს და ათობით მძევალი აიყვანეს. ისრაელმა ღაზა დაბომბა და რამდენიმე უბანი მთლიანად გაანადგურა. ასე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეპიზოდი 75-წლიანი კონფლიქტის ისტორიაში.

ღაზაში მდებარე მაღალსართულიან შენობას ისრაელის ძალებმა დაარტყეს. 2023 წლის 7 ოქტომბერი.