ქუჩაში ცხოვრება

ქამინგაუთის შემდეგ ქუჩაში დავრჩი.

უცებ ყველაფერი გაქრა: სახლი, ოჯახი, დედა, სანათესაო, მეგობრები.

Your browser doesn’t support HTML5

ქუჩაში ცხოვრება

რწმენაც დავკარგე, რომ გადავრჩებოდი და ოდესმე ამ სიტუაციას თავს დავაღწევდი. არ ვიცოდი ქუჩაში თავი როგორ გამეტანა.

სიამაყე იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ მოწყალება მეთხოვა. ძალიან მიჭირდა, მაგრამ ვერც მოპარვა შევძელი.

იმ ხანებში სრულიად შემთხვევით ვიპოვე გამოსავალი - დეზერტირების ბაზრობაზე ტვირთის მზიდავად დავიწყე მუშაობა.

ბაზრობის მეპატრონისგან ოთხბორბლიანი ურიკა ვიქირავე და მყიდველებს 1 ლარად ვთავაზობდი ტვირთის მანქანამდე მიტანას. ზოგს ვეცოდებოდი და ცოტა მეტ ფულსაც მაძლევდა. დღეში თორმეტიოდე ლარი იმისთვის მყოფნიდა, რომ იმ დღეს მეჭამა.

ხანდახან ვახერხებდი ფხვნილისა და საპნის ყიდვასაც. მერე თბილისის ზღვაზე მივდიოდი, ვბანაობდი და ტანსაცმელს ვრეცხავდი.

მაშინ გრძელი თმა მქონდა და შეჭრას მერჩივნა თავი შადრევნებზე ან ზღვაზე დამებანა.

სადგურში მეძინა. იქ ღამით შედარებით თბილოდა.

ვხვდებოდი, რომ ასეთი უბადრუკი ცხოვრებით არ უნდა მეცხოვრა, ამას ვერასოდეს შევეგუებოდი, მაგრამ ჯერ თავი უნდა გადამერჩინა - სიცოცხლე ძალიან მინდოდა. ამიტომ ყველაფერი უნდა მეკადრა.

ის სამუშაო მალე მივატოვე - სხვა მუშებმა უწმაწური სიტყვების ძახილი დამიწყეს, რადგან გოგოსავით ვიქცეოდი, ისინი კი ჩემს დანახვაზე იფურთხებოდნენ. მეშინოდა რომელიმეს რამე არ დაეშავებინა.

ქუჩაში ცხოვრება უფრო რთულია, როცა ტრანსგენდერი ხარ და ამას ქუჩაში მცხოვრები ბიჭები ატყობენ. უფრო დიდ გულზე არიან ხოლმე, რომ დაგჩაგრონ. და ასეც იყო - საშინელება მაშინ ხდებოდა, თუ სადმე ბნელ ადგილზე მიმიმწყვდევდნენ.

მაშინ არც ის ვიცოდი, რომ პოლიცია დამიცავდა, არც ის, რომ ლგბტ სათემო ორგანიზაციები არსებობდა.

პოლიციას, პირიქით, ვემალებოდი, რადგან ვიცოდი, რომ თუ დამიჭერდნენ, სახლში დამაბრუნებდნენ, სადაც ჩემი ძმა უმოწყალოდ მცემდა ან ბავშვთა სახლში დამაბრუნებდა.

იქ ერთხელ უკვე ნამყოფი ვიყავი და იქაურობა მძულდა.

ქუჩაში ცხოვრების ერთი დღე მახსოვს - ქუჩის მაწანწალა ძაღლი პურს მოარბენინებდა. შიმშილისგან ისე ცუდად ვიყავი, გავეკიდე, პური წავართვი და მე შევჭამე.

მიღირდა თუ არა ამ ყველაფრის ფასად ჩემი ქალობა? მიღირდა. სწორედ ამ რწმენამ და სურვილმა და ამ ქალურმა ძალამ შემაძლებინა ის, რომ ახლა აქ ვზივარ და ჩემს უფლებებზე გელაპარაკებით.