ქუთაისში ქუჩების რეკონსტრუქცია გაურკვეველი ვადით გახანგრძლივდა

ქუთაისის სამ ცენტრალურ-ბარათაშვილის, დუმბაძისა და იაშვილის - ქუჩაზე გზის მოასფალტება, სანიაღვრე არხების მოწყობა და ტროტუარების მოპირკეთება 10 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული.

ქუჩების კაპიტალურად შეკეთება, მესამე თვეა, მიმდინარეობს. სამუშაოებს, რომელთა საერთო ღირებულება 3 მილიონი ლარია, კომპანიები „დაგი +“ , „გზამშენი 21-ე საუკუნე“ და „ორიენტირი“ ასრულებენ. ახალი წლისა და შობის სადღესასწაულო დღეებში მუშაობა შეჩერებული იყო, შემდეგ კი მიზეზად უამინდობა დასახელდა, თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, მშენებლები არც გამოდარების შემდეგ გამოჩენილან. ამ ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეები მუშაობის ნელი ტემპით უკმაყოფილონი არიან და არ იციან, როდის იგეგმება სამუშაოების დასრულება:

„არავის არაფერი უთქვამს. მოხუცი ქალი ვარ. რომ ჩავვარდე ორმოში და დამიშავდეს რამე, ღამით განათებაც არ არის. რამდენიმე დღეა, არ ყოფილან ხელოსნები, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ამინდია“;

„ტალახია და სახლამდე მისვლას ვერ ვახერხებთ. როგორც ვიცი, ახლა დასრულებული უნდა იყოს“;

„შეგვპირდნენ და არ კეთდება. სინათლეებიც არ არის ღამით“;

„დატანჯულები ვართ. არაფერს აკეთებენ. რამდენჯერმე დავეცი ამ ხნის კაცი“,- ამბობენ ადგილობრივები.

ქუთაისის მერია რეკონსტრუქციის გახანგრძლივების მიზეზად უამინდობას და წყალმომარაგების, ენერგოკომპანიებისა და ინტერნეტპროვაიდერების მიერმათი წილი სამუშაოების შეუსრულებლობას ასახელებს.ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, მირზა ხიდაშელის, განცხადებით, გზის მოასფალტებისა და ტროტუარების მოპირკეთების გარდა გათვალისწინებულია წყალმომარაგების სისტემის შეცვლა და ელექტრო და ინტერნეტსადენების მიწის ქვეშ განთავსება, რაცშესაბამისმა კომპანიებმა უნდა შეასრულონ:

„იაშვილის ქუჩაზე დაგეგმილია საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიწის ქვეშ მოწყობა, ამიტომ გარკვეულწილად დამოკიდებულნი ვართ ენერგოკომპანიასა და ინტერნეტპროვაიდერებზე. დუმბაძის ქუჩაზე კი ტროტუარების მოპირკეთება თითქმის დასრულდა. გზაზე ასფალტის ერთი ფენაც დაგებულია. ახლა ველოდებით წყალმომარაგების კომპანიას, თუ როდის გააუქმებს ძველ ქსელს და აბონენტებს ახალ ქსელზე გადართავს, რათა წყლის ქცევა არ მოხდეს და მოასფალტების დასრულების შემდეგ პრობლემა არ შეიქმნეს.ასევე დასრულებულია ბარათაშვილის ქუჩის ნახევარი. აქ მთელ ქუჩაზეა წყალმომარაგების მილები გამოცვლილი და ქუჩის მეორე ნახევარზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაწყებულია“, - განმარტავს მირზა ხიდაშელი.

ქუთაისის მერიაში ვერ ასახელებენ ბარათაშვილის, დუმბაძისა და იაშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების თარიღს და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მუშაობა უწყვეტი რეჟიმით ამინდის შესაბამისად გაგრძელდება. ამქუჩების რეკონსტრუქციისთვის 3 მილიონი ლარი შარშან გამოყო რეგიონების განვითარების ფონდმა.