ქუთაისში ტუალეტების მოწყობას ითხოვენ

ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა ერთ-ერთია იმ სამი რეკომენდაციიდან, რომლითაც ქუთაისის მერიას მიმართა მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ. მისმა წევრებმა გასულ წელს 30-მდე სამოქალაქო ინიციატივა განიხილეს და ერთ-ერთი წინადადება, რომელმაც მრჩევლების განსაკუთრებული მხარდაჭერა მოიპოვა, საზოგადოებრივი ტუალეტების გახსნაა. ქალაქის სხვადასხვა უბანში ტუალეტების განთავსებას ქუთაისელები, უკვე წლებია, ითხოვენ. პრობლემაზე ხშირად ლაპარაკობენ ქალაქის ვიზიტორებიც. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში 2012 წელს გახსნილი საზოგადოებრივი ტუალეტი რამდენჯერმე იყო დაკეტილი, ბოლოს თითქმის ორი წელი იმუშავა და ამჟამად დაკეტილია. ბულვარის ხშირი სტუმრები ამბობენ, რომ ტუალეტში ხშირად იყო ანტისანიტარია და შესვლა უჭირდათ, თუმცა მისმა დაკეტვამ უარესი პრობლემა შექმნა:

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისში ტუალეტების მოწყობას ითხოვენ

ქუთაისში 2012 წელს გახსნილი საზოგადოებრივი ტუალეტები მომხმარებლებმა მალევე დააზიანეს. ორი მათგანი რამდენიმე კვირაში დაიხურა.

„უარესი სიტუაციაა, გარეთ გახდა ანტისანიტარია“.

„ხალხი ითხოვს ტუალეტი გარემონტდეს და გაიხსნას. აქვე კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მოჰყავთ ბავშვები. რა ქნან, სად წავიდნენ, სად წაიყვანონ ბავშვები?!“

„თავიდან, როცა გაიხსნა ტუალეტი, კარგი იყო და მერე გააფუჭეს, თავად ხალხმა უნდა მოუაროს და იქონიოს კულტურა“, - ამბობენ მოქალაქეები.

ქუთაისში 4 საზოგადოებრივი ტუალეტი 2012 წელს ააშენა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“. ცენტრალური ბულვარის გარდა ტუალეტები მოეწყო სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებასთან, წითელი ხიდის მიმდებარედ და ჯავახიშვილის ქუჩაზე. 2015 წლამდე საზოგადოებრივი ტუალეტები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და, როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ, ამ ხნის განმავლობაში მათი ქალაქისთვის გადაცემის პროცედურები მიმდინარეობდა. დაკანონების შემდეგ ქუთაისის მერიამ ოთხივე საზოგადოებრივი ტუალეტი გადასცა თავის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია „სპეციალურ სერვისებს“. კომპანიაში გვითხრეს, რომ ამჟამად ქალაქის ცენტრალურ ბაღში მდებარე ტუალეტის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მერიის კეთილმოწყობის სამსახური და დანარჩენი ტუალეტების ფუნქციონირების საკითხსაც ამ სამსახურში გადაწყვეტენ. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განგვიმარტეს, რომ საკითხზე მუშაობს შესაბამისი სამსახური, რათა ქალაქში არსებული ყველა ტუალეტი მოწესრიგდეს. კონკრეტული გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

ერთ-ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი ქუთაისში

ქუთაისში 2012 წელს გახსნილი საზოგადოებრივი ტუალეტები მომხმარებლებმა მალევე დააზიანეს. ორი მათგანი რამდენიმე კვირაში დაიხურა. სარემონტო სამუშაოები 2 წლის წინ ჩაუტარდა და მას შემდეგ უნიტაზები, ნიჟარები და ონკანები რამდენჯერმე განახლდა ბულვარში მდებარე ტუალეტშიც, თუმცა ამ დროისთვის ისევ დაზიანებულია. შუშის კარზე გამოკრულია წარწერა სარემონტო სამუშაოების შესახებ. ქუთაისის ბულვარში მდებარე ტუალეტი ერთადერთია, რომელიც ადაპტირებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.