ქუთაისში მდინარის კალაპოტი მერიისთვის ნაჩუქარი პროექტის მიხედვით მოაბეტონეს

მდინარე ოღასკურის კალაპოტი

ქუთაისის საკრებულოში გამარჯვების მაჟორიტარული ოლქის ყოფილი დეპუტატის, ნატო ქათამაძის, ინფორმაციით, მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი ჯერ კიდევ 2016 წელს შემუშავდა. ქათამაძის თქმით, მან, მდინარის კალაპოტის მოწესრიგების მოთხოვნით, 3 ათასი მოქალაქის ხელმოწერა 2014 წელს შეაგროვა, რის შემდეგაც კალაპოტის მდგომარეობა ექსპერტებმა შეისწავლეს. ნატო ქათამაძის განცხადებით, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა ქუთაისის მერიას დაავალეს პროექტის მომზადება.

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისში მდინარის კალაპოტი მერიისთვის ნაჩუქარი პროექტის მიხედვით მოაბეტონეს

საკრებულოს ყოფილი წევრის ინფორმაციით, მერიის დაკვეთით კომპანია „სანდომ“ მოამზადა პროექტი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო. ნატო ქათამაძის განცხადებით, პროექტის მიხედვით, ნაპირსამაგრი სამუშაოები, საყრდენი კედლების მშენებლობა და კალაპოტის გაწმენდა უნდა განხორციელებულიყო ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, ჭონქაძის ქუჩიდან მდინარე გუბისწყლის შესართავამდე. სამუშაოების ღირებულება 2 340 000 ლარით განისაზღვრა და, პროექტის მიხედვით, რკინაბეტონის უნდა ყოფილიყო მხოლოდ მდინარის ჯებირები და არა მდინარის კალაპოტის ფსკერი:

ნატა ქათამაძე

„2 340 000 ლარად გათვალისწინებული იყო ჯებირების გაკეთება რკინაბეტონით, რათა მდინარის წყალი არ გადმოსულიყო ჯებირებიდან. სამწუხაროდ, იყო ფაქტი, როცა 35-ე საჯარო სკოლასთან მდინარის ნაპირი ჩაიშალა და ბავშვი დაიღუპა. ამიტომ უნდა გაკეთებულიყო ჯებირები და იმ ადგილებში, სადაც დაცული არ იყო, - მოაჯირები, როგორც ევროპულ ქალაქს შეესაბამებოდა, ისე“.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ამჟამად მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს ინდმეწარმე ვაჟა ოქროპირაშვილის პროექტის მიხედვით, რომელიც ავტორმა ქალაქს აჩუქა. ვაჟა ოქროპირაშვილი რადიო თავსუფლებას უდასტურებს, რომ პროექტი მერიას აჩუქა და განმარტავს, რომ პროექტი თვითმმართველობასთან შეთანხმებით მომზადდა ისე, როგორც მერიაში სურდათ:

ქალაქს ჰქონდა პრობლემა ქვეწარმავლების და დატბორვის. შესაბამისად, იმ რესურსით და საშუალებით, რაც არსებობდა, ქალაქმა მოიფიქრა რეალური და კანონიერი გადაწყვეტის გზა.
მირზა ხიდაშელი

„მერიასთან შეთანხმებით გაკეთდა პროექტი ისე, როგორც არის, როგორც უნდოდა დამკვეთს, ისე გაკეთდა“.

ოღასკურის პროექტის ავტორი ვაჟა ოქროპირაშვილი არ ამბობს, კონკრეტულად ვის სურდა მდინარის ფსკერის მობეტონება. ამასთან, აღიარებს, რომ დღემდე მსგავს პროექტზე არ უმუშავია. რადიო თავისუფლების შეკითხვას, მომზადდა თუ არა პროექტი სპეციალისტების, კონკრეტულად კი, გარემოსდამცველების ჩართულობით და რამდენად იყო გათვალისწინებული მათი რეკომენდაციები, ოქროპირაშვილმა მოუცლელობის მიზეზით არ უპასუხა, მიზეზად შეხვედრაზე ყოფნა დაასახელა და სატელეფონო საუბარი დაასრულა.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, მირზა ხიდაშელის, განცხადებით, 2016 წელს მომზადებული პროექტი შეიცვალა, რადგან მისთვის საჭირო თანხა ქალაქს არ გააჩნია. ხიდაშელის თქმით, პროექტი კანონის დაცვით შემუშავდა და სამუშაოებიც კანონის დაცვით მიმდინარეობს:

„ქალაქს ჰქონდა პრობლემა ქვეწარმავლების და დატბორვის. შესაბამისად, იმ რესურსით და საშუალებით, რაც არსებობდა, ქალაქმა მოიფიქრა რეალური და კანონიერი გადაწყვეტის გზა. კალაპოტთან დაკავშირებით არც ერთი არგუმენტირებული მოსაზრება არ არსებობს, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის“.

მდინარე ოღასკურის კალაპოტი

რადიო თავისუფლებასთან საუბარში მირზა ხიდაშელი უპასუხებს სოციალურ ქსელში საზოგადოების წარმომადგენელთ მიერ დასმულ შეკითხვებსაც და აცხადებს, რომ მდინარის კალაპოტის რეკონსტრუქციისთვის საჭირო არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი:

„იყო მოსაზრება, რომ ქალაქის ტერიტორიაზე რეკონსტრუქციის ჩატარება სამინისტროსთან უნდა შემეთანხმებინა, რაც არასწორია. ასევე არ სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება. შესაბამისად ეს აჟიოტაჟი არ არის განპირობებული ობიექტური გარემოებებით და არ მიმდინარეობს არგუმენტირებული მსჯელობა საინჟინრო გადაწყვეტაზე და ვისაც რა უნდა, იმას წერს. საზოგადოება თავისუფალია შეფასებებში, ვერ დავუშლი აზრის გამოხატვას. მალე გამოვაქვეყნებთ სკრინინგის შესაბამის დოკუმენტაციას“.

ასევე ნახეთ მობეტონება - მდინარის ეკოლოგიური საფრთხე თუ წყალგამტარიანობის გაზრდა?

მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქციას მწვავე კრიტიკა მას შემდეგ მოჰყვა, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა მობეტონებული ფსკერის ფოტოები. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო, ინტელექტუალურმა კლუბმა - თაობათა დიალოგმა“, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „350.ორგთან“ ერთად გარემოსდაცვით პროექტს ახორციელებს, მდინარის კალაპოტის რეკონსტრუქციის პროექტი შეფასებითვის კვალიფიციურ გარემოსდამცველ ორგანიზაციებს გაუგზავნა. „თაობათა დიალოგის“ წარმომადგენლის, ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს მდივნის, ნუგზარ კოხრეიძის, ინფორმაციით, შეფასებას და რეკომენდაციებს უახლოეს დღეებში ელოდებიან:

„ქრონოლოგია გაუმჭვირვალე და გაუგებარია, თუ როდის დაიწყო პროცესი, ვინ გასცა ნებართვა, რომელი ნებართვის საფუძველზე შემუშავდა პროექტი - ეს ყველაფერი დეტალურადაა დასადგენი. ზედაპირული შესწავლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარეობს მდინარის არხად გადაქცევა, რაც დაუშვებელი ამბავია. 21-ე საუკუნეში ასეთი მეთოდები მიუღებელია და, პირიქით, დაუშვებელია მდინარის ბუნებრივი არსებობის შეზღუდვა“.

გარემოსდამცველებმა, მათ შორის მეცნიერთა კავშირის, „სპექტრის“, ხელმძღვანელმა ქეთევან ცხაკაიამ, მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენელმა თემურ კეპულაძემ და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს, კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ ქვაჩაკიძემ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქციის პროექტს არ იცნობენ, მის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა მდინარის კალაპოტში მსგავსი ჩარევა დაუშვებელია. ეკოლოგები ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტის ფსკერისა და ჯებირების მობეტონება ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოს გაანადგურებს, რაც, თავის მხრივ, მიკროკლიმატს შეცვლის.