ქუთაისში გრძელდება დისკუსია მოსკოვის თეატრის გასტროლის თაობაზე

სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი კვლავ აპროტესტებს ქუთაისში მოსკოვის თეატრის მიერ სპექტაკლების გამართვას.

მოსკოვის თეატრის, „ნიკიტსკის ჭიშკართან“, დასმა ქუთაისში გასტროლის შემდეგ ქალაქი დატოვა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი კვლავ აპროტესტებს მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რუსული სახელმწიფო თეატრის მიერ სპექტაკლების გამართვას.

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისში გრძელდება დისკუსია მოსკოვის თეატრის გასტროლის თაობაზე

გასულ შაბათ-კვირას გამართული აქციების შემდეგ საკითხის განხილვამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა 19 ოქტომბერს ქუთაისის თეატრთან აქციით გააპროტესტეს მოსკოვის თეატრის დასის წარმოდგენა, 20 ოქტომბერს კი მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლებმა თეატრში მისულ მაყურებლებს ოკუპაციის საწინააღმდეგო ფლაერები დაურიგეს. მესამე დღეა, სოციალურ ქსელში არ წყდება კამათი, უნდა უმასპინძლოს თუ არა სახელმწიფო თეატრმა მოსკოვის თეატრს, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და რუსეთი მავთულხლართების გავლებას აგრძელებს. მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრის, იმედა ონიანის, შეფასებით, „არ არსებობს ორი რუსეთი, ოკუპანტი და კულტურული. კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ძალისმიერი და უკანონოა და ქუთაისში მოსკოვის სახელმწიფო თეატრის გასტროლი რუსეთის ე.წ. რბილი ძალის გავლენის შედეგია“.

მოსკოვის თეატრის დასმა ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ორი სპექტაკლი, „კესანე“ და „ჩვენი ეზოს სიმღერები“, წარმოადგინა.


მოსკოვის სახელმწიფო თეატრის მიერ ქუთაისში ორი სპექტაკლის გამართვას „რუსული ოკუპაციის ნაწილად“ მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ქეთი დეისაძე.

სამოქალაქო აქტივისტთა ნაწილის პროტესტს არ იზიარებს ლელა ცეცაძე, რომელიც დაესწრო მოსკოვის თეატრის სპექტაკლს „ჩვენი ეზოს სიმღერები“. როგორც ლელა ცეცაძე ამბობს, მას თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მარკ როზოვსკი ცნობილია, როგორც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკოსი, და არაერთხელ გამოუხატავს პროტესტი პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკის მიმართ. ლელა ცეცაძის ინფორმაციით,„სპექტაკლის ბოლოს მარკ როზოვსკიმ წაიკითხა ლექსი, რომელიც თანაგრძნობისა და თანადგომის გამომხატველი იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ“.

მესხიშვილის თეატრის დირექტორის, სულხან გოგოლაშვილის, განმარტებით, მოსკოვის სახელმწიფო თეატრი ქუთაისში ჩამოვიდა იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმებული აქვთ ევროპისა და აზიის კიდევ 5 თეატრთან. სულხან გოგოლაშვილის განცხადებით, „თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა მარკ როზოვსკიმ საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთთან ომის დროს“.

გასტროლის პირველ დღეს, 19 ოქტომბერს, თეატრთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და რუსული დასისგან საქართველოს ოკუპაციის დაგმობა მოითხოვეს.


როგორც მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კონსტანტინე აბაშიძე ამბობს, სამოქალაქო აქტივისტებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი პოზიცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ და ეს მისთვის მისაღებია. აბაშიძის განცადებით, აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია ის, რომ მოსკოვის სახელმწიფო თეატრის რეჟისორი მარკ როზოვსკი, წლებია, იდეოლოგიურად უპირისპირდება პუტინის რეჟიმს და მისი თეატრი რუსეთიდან ერთადერთია, რომელმაც ქართულ თეატრთან მემორანდუმი გააფორმა, რაც სოლიდარობის ერთგვარი გამოხატულებაა. კონსტანტინე აბაშიძის თქმით, „მოსკოვის თეატრმა მაყურებელს ორი მაღალი დონის სპექტაკლი უჩვენა, რაც თეატრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“.

მოსკოვის თეატრის დასმა ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ორი სპექტაკლი, „კესანე“ და „ჩვენი ეზოს სიმღერები“, წარმოადგინა. გასტროლის პირველ დღეს, 19 ოქტომბერს, თეატრთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და რუსული დასისგან საქართველოს ოკუპაციის დაგმობა მოითხოვეს. სპექტაკლ „კესანეს“ შემდეგ რეჟისორმა მარკ როზოვსკიმ მაყურებელს მიმართა და განაცხადა, რომ სპექტაკლში, რომელიც ცნობილი რუსი მწერლის, ნობელის პრემიის ნომინანტის, ლუდმილა ულიცკაიას, ნაწარმოების მიხედვით დადგა, ადამიანობა იმარჯვებს სიძულვილზე.