საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ქუთაისში დაბრუნდა ქალაქის ყოფილი მერი, შოთა მურღულია. ის ირწმუნება, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს და არც პარტია „ქართული ოცნების“ წევრია, თუმცა, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების საფრთხის გამო, თანამოაზრეებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ჩაატარებს სამოქალაქო აქტივობის კამპანიას. ქუთაისის ყოფილი მერის განცხადებით, 2012 წლის მონაპოვარს შენარჩუნება სჭირდება და მოქმედი ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებები არ ღირს იმის ფასად, რა საშიშროების წინაშეც ქვეყანა დგას. შოთა მურღულიას შეფასებით, მოსახლეობა გაბრაზებულია, მაგრამ ქუთაისში არჩევნების პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, გამარჯვება, მაინც მოქალაქეებთან კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგია.
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიასავე განცხადებით, მისი პოზიცია უცვლელია და, როგორც ქუთაისელი, მხარს უჭერს ქალაქში პარლამენტის დატოვებას. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, შესაძლოა, დაფიქრდეს გზავნილზე, რომელიც ქუთაისიდან მიიღეს პარლამენტის თბილისში დაბრუნების განზრახვის გამო. შოთა მურღულიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო აქტივობის კამპანიაში მონაწილეობა დაადასტურეს წინა მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ არჩეულმა თემურ ნადირაძემ და გურამ ტოროშელიძემ. ტოროშელიძის განცხადებით, მისი გააქტიურება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა განაპირობა.
ქუთაისში რეგისტრირებული 156 051 ამომრჩევლიდან 28 ოქტომბრის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 65 ათასმა კაცმა. მათგან 29 585-მა ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა, 18 059-მა კი სალომე ზურაბიშვილს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მიუღებელია თემურ ნადირაძისთვისაც. მისი შეფასებით, ქუთაისში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება ქალაქში არსებულ რეალობას არ ასახავს. ნადირაძის თქმით, ის ნეიტრალურად განწყობილი საზოგადოების მობილიზებას აპირებს.
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრები და ყოფილი მერი ამბობენ, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგი როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობის, ისე ხელისუფლების პასიურობის შედეგია, რაც მეორე ტურში შეიცვლება. ჟურნალისტების შეკითხვას, გააქტიურებისთვის მიიღეს თუ არა ვინმესგან დავალება, პასუხობენ, რომ დავალება არჩევნების შედეგებმა განაპირობა.
შოთა მურღულიასა და ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრების წინასაარჩევნო პროცესში ჩართვას და გააქტიურებას „ქართული ოცნების“ აგონიაში ყოფნას უწოდებს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიგა შუშანია. შუშანიას განცხადებით, აქტივობის კამპანიაში ჩართულ ადამიანებზე „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე უარი თქვა მათი წარუმატებლობის გამო და ახლა მათი გააქტიურება მეორე ტურის შედეგებზე დადებითად ვერ იმოქმედებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განვითარებულ პროცესებს სხვადასხვაგვარად აფასებენ რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტები, თუმცა ყველას საერთო აზრით, მნიშვნელოვანია, რომ გარემო მშვიდი და სტაბილური იყოს.
ქუთაისში რეგისტრირებული 156 051 ამომრჩევლიდან 28 ოქტომბრის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 65 ათასმა კაცმა. მათგან 29 585-მა ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა, 18 059-მა კი სალომე ზურაბიშვილს.