ქუთაისის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვა

პოლიტიკური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა“ და“ ევროპული საქართველოს“ წევრები ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს, რამდენიმე თვეა, აღარ ესწრებიან. ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტს საკრებულოში, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა პროტესტი მოჰყვა. საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე მათ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სანქციების დაწესების ან სპეციალური წესების შემოღების საკითხიც კი დააყენეს.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მარეხ ნიჟარაძის, განცხადებით, რადგან თვითმმართველობის საქმიანობაში არ მონაწილეობენ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად უარი უნდა თქვან მათთვის განკუთვნილი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების, ასევე ტელეფონის ხარჯებზე:

ქუთაისის საკრებულოში სულ 25 დეპუტატია, აქედან 4 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, 2 „ევროპული საქართველოსი“.


„ისინი ამომრჩევლის ნებით არიან საკრებულოში, რისთვისაც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, საწვავს და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯი აქვთ. ამიტომ დესტრუქციულად არ უნდა იქცეოდნენ და ქუჩაში ოპოზიციურად არ უნდა იდგნენ, არამედ რისთვისაც ხელფასს იღებენ, მოვალეობას უნდა ასრულებდნენ, ერთვებოდნენ კომისიებისა და საკრებულოს სხდომებში. ყველაფერი საინტერესოა მათი ამომრჩველისთვის და ეს არის მათი ამომრჩევლისთვის ბოიკოტის გამოცხადება და არა თვითმმართველობისთვის“.

ქუთაისის საკრებულოში სულ 25 დეპუტატია, აქედან 4 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, 2 „ევროპული საქართველოსი“. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიგა შუშანია ამბობს, რომ საკრებულოს სხდომების ბოიკოტირების მიზეზად რამდენიმე საკითხი იქცა. მათ შორის ერთ-ერთი იყო „ქართული ოცნების“ მიერ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით გამართვის შესახებ არსებული შეთანხმების ჩაგდება. გიგა შუშანია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბოიკოტის უფლებას მათ კანონი აძლევთ:

„გასულ წელს საკრებულოში შეტანილი 31 ინიციატივიდან 24 იყო ჩვენი და ერთი საკითხიც არ განხილულა. ამიტომ, ვიდრე გარემო არ შეიცვლება, სხდომებზე დაბრუნებას აზრი არ აქვს. ამასთან, ჩვენ ვხვდებით ამომრჩეველს, მედიის წარმომადგენლებსაც აქტიურად ვეკონტაქტებით, პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე საზოგადოებასთან ხშირად ვსაუბრობთ. რაც ჩვენი მოვალეობაა კანონით, ვასრულებთ და საკრებულოს სხდომაზე სურათის გადასაღებად და სოციალურ ქსელში განთავსებისთვის ვერ ვივლით“.

საკრებულოს სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ასევე თავის უფლებად მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, დავით გოგისვანიძე. მისი თქმით, საწვავისა და სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯები მიზერულია და ის დეპუტატის უფლება-მოვალეობების შესასრულებლადაა განკუთვნილი.

სხდომებზე დაუსწრებლობა არ ნიშნავს იმას, რომ არ ვმუშაობთ, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. დავით გოგისვანიძის განცხადებით, ქუთაისის საკრებულო კომუნისტურ ეპოქაში მომუშავე ორგანოს დაემსგავსა, რომლის წევრებსაც წინააღმდეგობის გამო დისკომფორტი ექმნებათ.

„პოლიტიკური ბოიკოტი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქუთაისის ინტერესებს გვერდს ვუვლით. პოლიტიკური აქტივობაა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ბრიფინგებს, მივმართავთ საზოგადოებას და ფორმალურად არ ვიღებთ მონაწილეობას სხდომებზე“, - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ბოიკოტი გასულ წელს 22 ივლისის - ე.წ. გავრილოვის ღამის - შემდეგ გამოაცხადეს. 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათი ნაწილი სხდომებზე დროებით დაბრუნდა.


ქუთაისის საკრებულოს ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი მაია სვინტრაძე, თავის მხრივ, განმარტავს, რომ რაიმე სახის სანქციას ან შეზღუდვას საკრებულო ოპოზიციონერ წევრებს ბოიკოტის რეჟიმის გამოცხადებისა და, შესაბამისად, საკრებულოს სხდომებზე დაუსწრებლობის გამო ვერ დაუწესებს.

მაია სვინტრაძისავე განმარტებით, კანონის თანახმად, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არასაპატიოდ გააცდენს საკრებულოს სხდომებს 6 თვის განმავლობაში. რაც შეეხება ბოიკოტს, მისი თქმით, ეს პოლიტიკური პროცესია და რაიმე ტიპის სანქცია ან გაფრთხილება ასეთ დროს არ მოქმედებს:

„კანონით დაშვებული არ არის რაიმე სამართლებრივი ნორმა, რადგან საკრებულოს რამდენიმე წევრს გაცხადებული აქვს ბოიკოტი, რომელიც არასაპატიოდ არ ითვლება. ამასთან, ბოიკოტში იყო წყვეტა და ზოგიერთი მათგანი გარკვეული საკითხების დროს აჩერებდა ბოიკოტს და მონაწილეობდა საკრებულოს სხდომებში“.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ბოიკოტი გასულ წელს 22 ივლისის - ე.წ. გავრილოვის ღამის - შემდეგ გამოაცხადეს. 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათი ნაწილი სხდომებზე დროებით დაბრუნდა.