ქუთაისში აშენებული პარლამენტის ულტრათანამედროვე შენობის გამჭვირვალე გარსი საჯაროობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი აშენებიდან ათი წლის შემდეგ, შუშის პანელები მტვრითაა დაფარული. შენობა პრაქტიკულად უკაცრიელი გახდა 2018 წლის მიწურულს, როდესაც პარლამენტი თბილისს დაუბრუნდა.
პარლამენტის გამჭვირვალე შენობა ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. ექსპრეზიდენტმა 6 მაისს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროექტს ძირითადად სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ „გადაწყდა პარლამენტის ქუთაისში გადატანა, რადგან თუ თბილისს დაესხმებოდნენ თავს, საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლებას [სამუშაოდ] სხვა ადგილი ჰქონოდა“.
„ჩვენ, ფაქტობრივად, სარეზერვო ადგილი შევქმენით, ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაციის შემთხვევისთვის. ეს საფრთხე კი დღესაც ძალაშია“, - თქვა მან.
პროექტი ტრაგიკულად დაიწყო. შენობისთვის ადგილის გასათავისუფლებლად ფაშიზმზე გამარჯვების 46-მეტრიანი მემორიალი ააფეთქეს. აფეთქების დროს ბეტონის ნამსხვრევები დედას და მის 11 წლის გოგონას მოხვდა. ორივე დაიღუპა.
ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შუშის კონსტრუქციაში მოქცეული შენობის აშენება, სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.
პროექტს სხვა პრობლემებიც ახლდა. ამბობდნენ, რომ ზაფხულში შუშის კონსტრუქცია სათბურს ემსგავსებოდა და შენობა აუტანლად ხურდებოდა. ამის პასუხად სააკაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა: „მე მწამს შუშის შენობების. მე მჯერა გამჭვირვალობის. მჯერა საზოგადოებრივი კონტროლის“.
სააკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ასაშენებლად ქუთაისი კიდევ ერთი კრიტერიუმით შეირჩა. „საზოგადოება პარლამენტს იოლად უნდა მისწვდომოდა. გეოგრაფიულად ქუთაისი საქართველოს ცენტრია. ასე რომ, თუ შენობა თბილისშია, მაშინ საქართველოს დიდ ნაწილი თავს მიტოვებულად გრძნობს“.
როცა 2012 წელს, შენობის ოფიციალური გახსნიდან ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ მალევე დაიწყო მუშაობა პარლამენტის თბილისში დასაბრუნებლად.
„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის ქუთაისში განთავსება არაპრაქტიკული იყო და ძვირიც ჯდებოდა.
2018 წლის მიწურულს ქუთაისში საპარლამენტო საქმიანობა შეწყდა და შენობა გასაყიდად გამოიტანეს, თუმცა მისი შეძენის მსურველი არ გამოჩენილა.
2021 წლის მაისის ვითარებით, პარლამენტის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აღარ იყიდება.
მაისში, როდესაც ადგილზე რადიო თავისუფლება იყო ჩასული, შენობის წინ 6 მანქანა იყო გაჩერებული. დაცვამ შიგნით შესვლის უფლება არ მოგვცა.
სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი აუცილებლად დაუბრუნდება ქუთაისს.
ეს, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში არ მოხდება. თუმცა ამასობაში ადგილს დაუბრუნდა ხმალაღმართული ცხენოსნის ფიგურა, რომელიც 2009 წელს აფეთქებული მემორიალის ნაწილი იყო.
12 წლის შემდეგ, 9 მაისს, ქანდაკება კვლავ აღმართეს უკაცრიელი პარლამენტის შენობის წინ მდებარე კვარცხლბეკზე.