ქუთაისის მერია „ტორპედოს“ მფლობელს სასამართლოში უჩივის

„ტორპედოს“ გულშემატკივრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა ქალაქის მერიასთან აქცია გამართეს და მოსთხოვეს, რომ კლუბისთვის ახალი ინვესტორი მოკლე დროში მოიძიოს. გულშემატკივართა განცხადებით, თუ კლუბის ფინანსური მდგომარეობა სასწრაფოდ არ გამოსწორდა, მისთვის შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს 12 სექტემბერს საჩხერეში დაგეგმილი მატჩი „ტორპედოსა“ და „ ჩიხურას“ შორის.

გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ „ტორპედოში“ ფინანსური კრიზისი შეიქმნა კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას, არასწორი მენეჯმენტის გამო, ამიტომ ქუთაისის მერიისგან მოითხოვენ, რომ ჩაჩავას სასამართლოში დროულად უჩივლოს


ფან კლუბ „ჩვენ ვართ ტორპედოს“ წევრი ქეთა ჯალაღანია ამბობს, რომ, ფინანსური პრობლემების გამო, სამი თვის წინ გუნდი დატოვა ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა და მხოლოდ ოთხი სპორტსმენი დარჩა, რის შემდეგაც გუნდში ახალი ფეხბურთელები აიყვანეს, თუმცა ხელფასი არც მათ მიუღიათ. ქეთა ჯალაღანიას თქმით, „დაფინანსების შეწყვეტის გამო ფეხბურთელები ვეღარ ვარჯიშობენ და დავალიანების გამო კლუბის მომსახურებაზე უარს ამბობენ კომპანიებიც“.

„ტორპედოს“ გულშემატკივრის, ქეთა ჯალაღანიას, განცხადებით, დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ჰყავდეს კლუბი და, თან, წარმატებული და ძლიერი. ქეთა ჯალაღანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბს დროებითი მმართველი დაუნიშნა, დაფინანსების მოძიება ვერ ხერხდება.

გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ „ტორპედოში“ ფინანსური კრიზისი შეიქმნა კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას, არასწორი მენეჯმენტის გამო, ამიტომ ქუთაისის მერიისგან მოითხოვენ, რომ ჩაჩავას სასამართლოში დროულად უჩივლოს და გაირკვეს, რატომ შეიქმნა პრობლემები, მაშინ როცა ბოლო ორი წლის განმავლობაში გუნდი წარმატებით ასპარეზობს.

თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, აუცილებელია სასწრაფოდ მოიძებნოს სპონსორი, რადგან ქუთაისის მერიას კლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია. ამასთან, აუცილებელია ვალის განულება.


ქუთაისის მერიამ „ტორპედოს“ დროებით მმართველად დანიშნა თემურ ჩეჩელაშვილი, რომელიც კლუბს 2017 წლამდე, ანუ მერიის მიერ ზაალ ჩაჩავას კომპანიისთვის გადაცემამდე, ხელმძღვანელობდა. როგორც თემურ ჩეჩელაშვილი განმარტავს, კლუბი ჩაჩავას საკუთრებაში რჩება, რადგან მფლობელსა და მერიას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ კლუბი მერიის საკუთრებაში დაბრუნდეს, ჩაჩავამ დავალიანება უნდა დაფაროს ან აღიაროს, რასაც მფლობელი არ აკეთებს. თემურ ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, „დავალიანება, დაახლოებით, 3 მილიონი ლარია. დროებითი მმართველის ცნობითვე, ჩაჩავას მხოლოდ ერთ ბანკთან 190 000 ევროს ვალდებულება აქვს. კლუბის ყოფილ ინვესტორს დავალიანება აქვს ქუთაისის მერიის მიმართაც. მას ამ დრომდე არ გადაუხდია კლუბის საპრივატიზაციო თანხის ნაწილი, 170 00 ლარი, და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა, რაც, ჯამში, 250 ათასი ლარია“.

თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, აუცილებელია სასწრაფოდ მოიძებნოს სპონსორი, რადგან ქუთაისის მერიას კლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია. ამასთან, აუცილებელია ვალის განულება, რადგან 3 მილიონ ლარამდე დავალიანების პირობებში სპონსორის პოვნა შეუძლებელია.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.

აღიარებს თუ არა ზაალ ჩაჩავა დავალიანებას, უცნობია. უცნობია მისი პოზიცია მოსალოდნელი სასამართლო დავის მიმართაც. ზაალ ჩაჩავა სატელეფონო ზარს უპასუხოდ ტოვებს.