ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მერიიდან რეორგანიზაციის საფუძველზე 2018 წელს გათავისუფლებული მაია მურუსიძის შუამდგომლობა და ქალაქის მერს აუკრძალა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის წესით სხვა პირის დანიშვნა. მაია მურუსიძე ქუთაისის მერიაში მუშაობდა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილედ. რეორგანიზაციის შედეგად სამსახური გაუქმდა და ამავე სახელწოდების განყოფილება ჩამოყალიბდა. მაია მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მერიამ განყოფილების უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. მურუსიძე ამბობს, რომ სამსახურიდან ის უკანონოდ დაითხოვეს:
„ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზი იყო 2018 წლის იანვარში ახლად არჩეული მერის საახლობლოს და პარტიული აქტივის დასაქმება. რეორგანიზაციის უფლება ჰქონდათ კანონიერად, მაგრამ ყველა რეორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფუძველი და მკვეთრად იყოს განსაზღვრული მისი საჭიროება“.
გამოცხადებული კონკურსის გამო სასამართლოსთვის მიმართვამდე მაია მურუსიძემ ქუთაისის მერიას დავა მოუგო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. მურუსიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება სასამართლომ ბათილად ცნო და მერიას იმავე ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და ადვოკატის მომსახურების თანხის გადახდა დაავალა. მაია მურუსიძის ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ის რეზერვში გადაიყვანეს, ახლა კი მისი სამსახურის ტოლფას პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა და მისთვის მუშაობის გაგრძელება არავის შეუთავაზებია. მაია მურუსიძის თქმით, „მერიამ კონკურსი დაჩქარებულად გამოაცხადა, რადგან თუ კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის წესით სხვა პირი დაინიშნება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მისი სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება“.
ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადებულია 25 ვაკანტურ თანამდებობაზე და მათ შორისაა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაც. როგორც ირაკლი გიორგაძე ამბობს,მაია მურუსიძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება და საქალაქო სასამართლოს მიერ ახლახან მიღებული განჩინება ამ დრომდე არ ჩაბარებიათ. გიორგაძის განცხადებით, დოკუმენტების მიღების შემდეგ მერია გამოიყენებს კანონიერ უფლებას და მათ გაასაჩივრებს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას კი აღასრულებს. ირაკლი გიორგაძე ასევე აცხადებს, რომ მაია მურუსიძე რეორგანიზაციის დროს იკავებდა ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას, განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა კი, რომელზეც ამჟამად კონკურსია გამოცხადებული, მისი ტოლფასი არ არის:
„სამსახურის უფროსის მოადგილე უფრო მაღალი პოზიციაა, ვიდრე განყოფილების ხელმძღვანელი. ხელფასით, რანგირებით განსხვავდება ეს თანამდებობები. შეუძლია რეზერვში მყოფ საჯარო მოხელეს კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, ისევე როგორც სხვამ. თავის დროზე, მაია მურუსიძე სამსახურიდან გათავისუფლდა შტატის შემცირების და სამსახურის ხელმძღვანელის შეფასების საფუძველზე“.
ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ახალი რედაქცია, რომლითაც რეორგანიზაციის პროცესი წარიმართა,ძალაში შევიდა 2018 წელს და სამსახურიდან გათავისუფლების ან თანამდებობაზე დაბრუნების პრაქტიკა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ უზენაესმა სასამართლომ უნდა განმარტოს და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც პრეცედენტული იქნება.