Your browser doesn’t support HTML5
გუშინ, 10 ივნისის ღამეს აეროპორტმა რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობა შეაჩერა. სამი თვითმფრინავი ქუთაისის ნაცვლად თბილისმა მიიღო, ერთი რეისი ვერ გაფრინდა და დაგვიანდა მოსკოვი-ქუთაისის პირველი ფრენაც. რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ მეორე დილით დაჯდა.
მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა. დაიტბორა ასაფრენი ბილიკი, აეროპორტის დარბაზი და ჩამოინგრა შენობის ჭერის ფრაგმენტი.
„დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია… ტურისტები არ ჩამოფრინდნენ ან სხვა ქალაქში ჩაფრინდნენ და [სასტუმროს] ჯავშნები გაუქმდა“, – ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ლაშა ბერეკაშვილი და განაგრძობს: - “ძლიერი წვიმა 21-ე საუკუნეში არ შეიძლება აეროპორტის გაჩერების მიზეზად იქცეს… რჩება შთაბეჭდილება, რომ [სამშენებლო] სამუშაოები არასწორადაა განხორციელებული, რადგან დაიტბორა არა მარტო შიდა სივრცე, არამედ აეროპორტის გარეთ ტერიტორიაც“. ლაშა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ აეროპორტის მსგავსი შეფერხება დაუშვებელია და მომავალში არ უნდა განმეორდეს, რადგან მისი გაჩერება ნიშნავს „გულის გაჩერებას ორგანიზმისთვის“.
ტერმინალი, სადაც წუხელ ჭერის ფრაგმენტი ჩამოვარდა და წყალი ჩამოვიდა, რამდენიმე წელი შენდებოდა და 2021 წელს გაიხსნა, „მგზავრთა ნაკადის მატების და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები გადადო ან გააუქმა. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა 4 დღის წინაც მოხდა, როდესაც თვითმფრინავი დორტმუნდში ვერ გაფრინდა.
„[დღის] ხუთის თხუთმეტ წუთზე უნდა შესრულებულიყო ფრენა, თუმცა მისი გაუქმების შესახებ მხოლოდ 6-ის ნახევარზე გავიგეთ, მაშინ როდესაც რეგისტრაცია და უსაფრთხოების კონტროლი ორი საათის გავლილი გვქონდა. გვითხრეს, რომ თვითმფრინავი, რომელსაც დორტმუნდში უნდა შეესრულებინა ფრენა, აეროპორტში ვერ დაჯდა და ჩამოფრენის სივრცის გავლით გამოგვაბრუნეს უკან", - ჰყვება საბა კვიჟინაძე და იხსენებს, რომ აეროპორტის თანამშრომლებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ ძლიერი ქარის გამო პილოტმა თვითმფრინავი ვერ დასვა და თბილისში გაფრინდა.
საბასთან ერთად ბორტზე ასამდე სტუდენტი უნდა ასულიყო, რომლებიც გერმანიაში სტუდენტური დასაქმების პროგრამით მიდიოდნენ.
„ახლა ისეთი პერიოდია, გერმანიის ყველა ქალაქის მიმართულებით ფრენები თითქმის მთლიანად დაჯავშნილია, ძალიან გაგვიჭირდა ბილეთების გადაცვლა, ავიაკომპანია „ვიზეარის“ გვერდი, სადაც ბილეთი შევიძინე, დაბლოკილი იყო, იქ ვერ ვახერხებდით გადაცვლას. აეროპორტის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ კომპანიას ადგილზე წარმომადგენელი არ ჰყავს, გაურკვევლობა და ქაოსი შეიქნა. ჩემს მეგობრებს აეროპორტში ღამით მოცდა და ბრიუსელში წასვლა მოუწიათ და იქიდან გადავიდნენ გერმანიაში, მე ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილი რეისის ბილეთზე გადაცვლა მოვახერხე მხოლოდ“, – ჰყვება საბა.
ვებსაიტზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება და 4 თვითმფრინავის მიღება შეუძლია.
აეროპორტი, 2012 წელს გაიხსნა, ტერმინალის გაფართოება 2017 წელს გადაწყდა და ამაზე 110 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ამავე დროს გარემონტდა აეროპორტის შენობაც, აღმოჩნდა, რომ სწორად არ არის გათვლილი პარკირების ადგილები, სადგომი ავტომობილებს ვერ იტევს. ახლა მგზავრები თუ დამხვედრები იძულებული არიან მანქანები საავტომობილო გზის გასწვრივ, წესების დარღვევით გააჩერონ. ავტოსადგომის 600 მანქანაზე გაფართოება აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც ამჟამად 5 ავიაკომპანია იყენებს 40 სხვადასხვა მიმართულებისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაათვალიერა, თუმცა დასკვნა მალე არ იქნება. ჯერჯერობით შეუფერხებელი ფრენების ყველაზე მყარი გარანტია მხოლოდ კარგი ამინდია.