კორონავირუსმა ქუთაისის აეროპორტის გაფართოება შეაფერხა. პირველად გეგმასთან შედარებით, ისედაც დაგვიანებით მიმდინარე პროექტის დასრულება, მინიმუმ რამდენიმე თვით გადაიწია. სამშენებლო ტენდერების ნაწილი შეჩერდა, ნაწილი გაჭიანურდა. არადა მაშინ, როდესაც ქუთაისის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კი არ შეზღუდულა, წესით მშენებლობის დაჩქარებაც იყო შესაძლებელი.
რა გაკეთდა
ქუთაისის აეროპორტის გაფართოებისთვის თანხის ნაწილი ჯერ კიდევ 2017 წლის ბიუჯეტში ჩაიდო. თავდაპირველად ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობა დაიგეგმა. ტენდერში შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა, რომელსაც სამუშაო 140-დღიან ვადაში უნდა შეესრულებინა. 2017 წლის შემდეგ ხელშეკრულებაში 12 ცვლილება შევიდა: შეიცვალა შესრულების ვადები და ღირებულება. დაგეგმილი 23 მილიონის ნაცვლად, კარკასის მშენებლობაზე საბოლოოდ 27 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
14 მილიონი ლარი დაჯდა აეროპორტის ახალი ტერმინალის საინჟინრო ნაწილის მოწყობა (შპს „თბილი სახლი“), 1.58 მილიონი ლარი - აეროპორტის შიდა ტიხრები და მოჭიმული იატაკი (შპს „ანაგი“). ცოტა ხნის წინ დასრულდა ტერმინალის სახურავის, ვიტრაჟებისა და ფასადის მოწყობა (18.7 მილიონი ლარი, შპს „ანაგი“). პოლონურ კომპანია Dimark group-ს ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი.
გადავადებული ხელშეკრულებები და შეფერხებული ტენდერები
გასული წლის 31 დეკემბერს ქუთაისის აეროპორტის ახალი და ძველი ტერმინალის ინტერიერის მოწყობაზე 11.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. წინადადებების მიღება 3 თებერვალს დასრულდა, თუმცა გამარჯვებულ კომპანიასთან (შპს „ანაგი“) ხელშეკრულების გაფორმება გაჭიანურდა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აპრილში აცხადებდა, რომ პროექტის დაფინანსებას პრობლემა შეექმნა.
საბოლოოდ, „ანაგთან“ ხელშეკრულება 15 მაისს გაფორმდა. „შიდა ინტერიერის მოწყობა, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დროებით შეფერხდა, უახლოეს მომავალში დაიწყება“, - უთხრეს „რადიო თავისუფლებას“ „აეროპორტების გაერთიანებაში“.
ასეთი მასშტაბის სამუშაოების ჩასატარებლად გაცილებით უფრო ხელსაყრელი დროა, როდესაც ფრენები არ არის, ყველაფერი გაჩერებულია. ძალიან ბევრმა აეროპორტმა და კომპანიამ ზუსტად ეს დრო გამოიყენა...იგორ აფციაური
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ სამუშაოების შესრულების მაქსიმალური ჯამური ვადა 9 თვეა. ანუ ახალი ტერმინალის ნაწილში რემონტი 5 თვეში უნდა დასრულდეს (15 ოქტომბრამდე), რის შემდეგაც სამუშაო ძველ ტერმინალში, 4-თვიან ვადაში გაგრძელდება (15 თებერვლამდე).
„ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო“ რამდენიმე ტენდერი შეჩერდა. მაგალითად, 6-მილიონიანი ტენდერი არსებული ხელოვნური საფარის ნაწილობრივი დემონტაჟის, ავტოსადგომების, საავტომობილო გზებისა და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტების და მოწყობის, განათების ბოძების მონტაჟის მიზნით. გადაიდო აეროპორტში წყლისა და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობა, რაზეც თითქმის 3 მილიონი ლარის მიმართვა იგეგმებოდა. აეროპორტების გაერთიანებამ ამ ეტაპზე გადაიფიქრა მგზავრთა ინფორმირების ელექტრონული სისტემის შესყიდვაც.
„ასეთი მასშტაბის სამუშაოების ჩასატარებლად გაცილებით უფრო ხელსაყრელი დროა, როდესაც ფრენები არ არის, ყველაფერი გაჩერებულია. ძალიან ბევრმა აეროპორტმა და კომპანიამ ზუსტად ეს დრო გამოიყენა იმისთვის, რომ დაესრულებინათ და დაეჩქარებინათ მშენებლობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი”, - განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ Aero Georgia Group-ის დამფუძნებელმა იგორ აფციაურმა.
ასევე ნახეთ ქუთაისის აეროპორტი გაფართოვდებააფციაურის თქმით, ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარება კარგი სიგნალი იქნებოდა Wizz Air-ისთვის და Ryanair-ისთვის, რომლებმაც ქუთაისში ფრენები უნდა განაახლონ და ეტაპობრივად ახალი მიმართულებებიც აითვისონ.
აეროპორტის მომავალი
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წელს 873 616 მგზავრს მოემსახურა (2018 წელთან შედარებით 41.5% ზრდა ). აეროპორტისთვის 2020 წელიც რეკორდული უნდა ყოფილიყო, თუმცა ვითარება კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა. აეროპორტში ფრენების აღდგენა 1 ივლისიდან, ეტაპობრივად იგეგმება.
გაფართოების შემდეგ, აეროპორტი არსებულზე ოთხჯერ დიდი იქნება - შვიდი გასასვლელით (ე.წ. Gate) და პიკურ პერიოდში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარების შესაძლებლობით. ზუსტად როდის მოხდება ეს - ჯერ უცნობია. ისევე როგორც ჯერ კიდევ 2017 წელს საზეიმოდ გამოცხადებული კიდევ ერთი პროექტის ამოქმედების ვადა - ქუთაისის აეროპორტისა და რკინიგზის ინტეგრაცია ჯერაც არ მომხდარა.