ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. როგორც სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი აცხადებს, სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს 2 ნოემბერს სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში შეკიდული ჭერის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნის მიზეზები და დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
Your browser doesn’t support HTML5
სკოლის დირექტორის განცხადებით, ჭერიდან თაბაშირ-მუყაოსა და ლითონის მასალის ჩამოშლის შემთხვევა მესამედ დაფიქსირდა სკოლაში 2016 წელს განხორციელებული რეკონსტრუქციის შემდეგ. ქალაქის მეორე საჯარო სკოლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია და ორი წლის წინ სკოლის კაპიტალური რემონტისთვის მილიონ-ნახევარ ლარამდე დახარჯა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, გასულ პარასკევს საკლასო ოთახში ჩამოშლილი ჭერი უკვე აღდგენილია და კომპანიამ, რომელმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, კონსტრუქცია დამატებით გაამაგრა.
ჭერის ნაწილის ჩამოშლის გამო ბავშვების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს რადიო თავისუფლების რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის დაუსახელებლად განაცხადა, რომ მე-2 საჯარო სკოლაში ორი შვილი დაჰყავს და მათ სკოლაში ყოველდღე შიშით უშვებს.
რესპონდენტის თქმით, ცოტა ხნის წინ სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეების ვალდებულება განისაზღვრა. ამ დოკუმენტის მიხედვით, გარემოს უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს სკოლის ადმინისტრაციამ. მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობას სკოლასა და განათლების სამინისტროს აკისრებს იმ მშობელთა ნაწილიც, რომელიც რადიო თავისუფლებამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაწერა სკოლის ეზოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობელთა დიდმა ნაწილმა ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ სკოლაში ჭერის ნაწილის ჩამოშლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. რესპონდენტთა შორის არიან მშობლებიც, რომლებიც შეკიდული ჭერის ჩამოვარდნას უსაფრთხოების ნორმის დარღვევად არ მიიჩნევენ და პრობლემის დროულად გადაჭრის იმედი აქვთ.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი მშობლების საპასუხოდ განმარტავს, რომ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად სკოლის ადმინისტრაცია სხვადასხვა უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. მურად ჯიშკარიანისავე განცხადებით, 2 ნოემბერს ერთ-ერთ საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ სკოლაში იმუშავა ყველა შესაბამისმა სამსახურმა, მათ შორის სამართალდამცველებმა და ამ დროისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება. მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ფრაგმენტების ჩამოცვენის შედეგად რამდენიმე მესამეკლასელი ბავშვი მსუბუქად დაშავდა და მათ დახმარება სკოლის ექიმმა აღმოუჩინა. ჯიშკარიანი ამბობს, რომ ბავშვები შეშინდნენ, მაგრამ სერიოზული ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ. სკოლის დირექტორისავე განცხადებით, განათლების სამინისტროსა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებმა ჩაატარეს მოკვლევა და დასკვნის პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
როგორც მურად ჯიშკარიანი განმარტავს, ამ დროისთვის შემოწმებულია 2016 წელს კომპანია „თაგის“ მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოების ტექნიკური მხარე და სამშენებლო მასალის ხარისხი და ყველაფერი პროექტის მიხედვითაა განხორციელებული, თუმცა, მისივე განცხადებით, რამდენიმე დღეა სარემონტო სამუშაო მიმდინარეობს სკოლის მეორე სართულზე, იმ დერეფანში, რომლის ქვემოთ, პირველ სართულზე, ზაფხულში შეკიდული ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. ჯიშკარიანის განცხადებით, მეორე სართულის იატაკზე დაგებული ფილები მსუბუქი ხის მასალით უნდა ჩანაცვლდეს, რისთვისაც სამინისტრომ დამატებით 27 ათასი ლარი გამოყო.
მურად ჯიშკარიანი მეორე სართულის დერეფანში ფილების ხის მსუბუქი იატაკით ჩანაცვლების საჭიროებას ზაფხულში პირველ სართულზე ჭერის ნაწილის ჩამონგრევას არ უკავშირებს და განმარტავს, რომ იატაკის შეცვლა ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ხდება, რადგან დაცემის შემთხვევაში ტრავმების ალბათობა ნაკლებია. ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში 1569 მოსწავლე სწავლობს და გაკვეთილები ორ ცვლაში მიმდინარეობს.