ქორწილს გადადებ, მაგრამ რა ვუყოთ დაკრძალვებს? 

მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალი, რომელიც საქართველოში 3-7 დღე გრძელდება, თავშეყრისა და დაავადების გავრცელების შესაძლო კერად მიიჩნევა. ეპიდსიტუაციის გაუარესების კვალდაკვალ შესაძლოა ამ კუთხით შეზღუდვები დაწესდეს.

„გასვენებაში ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ჭირისუფლის გადაკოცნისგან თავს იკავებდნენ. თუმცა, კაცები ხელს მაინც ართმევდნენ ერთმანეთს და არც დისტანციას ინარჩუნებდნენ. ქელეხშიც დარჩნენ ჩვეულებრივად“, - ამბობს მარინე, რომელიც ახლობლის გასვენებაში რამდენიმე დღის წინ იყო.

ხალხმრავალი ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, კორპორატიული ზეიმი, ბანკეტი ან დაბადების დღე შეიძლება გადაიდოს, ან საერთოდ აღარ ჩატარდეს. უფრო რთული ვითარებაა დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ 12 მარტის ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსახლეობა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისთვის უნდა იყოს მზად. შესაძლოა მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს, მათ შორის ასკაციანი ქორწილები და ქელეხები.

Your browser doesn’t support HTML5

პაატა იმნაძის რეკომენდაცია

ქორწილების რიცხვის მატება მოსალოდნელია აპრილის ბოლოდან, როდესაც დიდი მარხვა ჩაივლის და წყვილებს ჯვრისწერის საშუალება მიეცემათ. რაც შეეხება ქელეხს, ეს თემა ახლაც აქტუალურია.

ზურა თოდუა, რომელიც ჩხოროწყუში ცხოვრობს და სხვადასხვა რიტუალისთვის დროდადრო კარვებს (ე.წ. სეფა) აქირავებს, ამბობს, რომ სოფელში ერთ გასვენებაში დაახლოებით 150-600 კაცი მიდის. აქედან მაქსიმუმ 200 ქელეხში რჩება.

„ახლა არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ადრე ასე იყო. მკვდარს ყველა ტირის და ამას ვერ გააუქმებენ“.

დამკრძლავი ბიუროს „PARADISE“ ხელმძღვანელი ამირან ჯანელიძე ამბობს, რომ თავის თანამშრომლებს ნიღბები დაურიგა, სარიტუალო მანქანის მძღოლი კი მკაცრად არის გაფრთხილებული, ხალხთან არ დადგეს.

„ისედაც ამას ვეუბნები ხოლმე, ხალხთან არ ილაპარაკო, მანქანაში იჯექი-მეთქი“, - ამბობს ის.

სპირტით, იოდითა და ფილტრიანი ნიღბებით მოამარაგა ხელქვეითები ბესარიონ ჯავაშვილმაც, რომელიც დამკრძალავი ბიუროს „აღაპის“ ხელმძღვანელია.

„ყოველ ნახევარ საათში სპირტით ვიმუშავებთ ხელებს, ცხვირის ნესტოებს. გასვენებაში ხალხის რაოდენობამ იკლო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ივლიან, ისე როგორ იქნება“, - ვარაუდობს ის.

საბანკეტო დარბაზის ხელმძღვანელი ხათუნა ქორიძე კი ჰყვება, რომ არა მხოლოდ მას, არამედ მთელ ნაძალადევში „მუშაობა არავის აქვს“.

„ბოლო ათ დღეში მარტო ერთი ღონისძიება გვქონდა, ქელეხი. დაახლოებით 50-60 კაცი იყო. ჩვეულებრივად ისხდნენ, ერთმანეთის გვერდით. არ ვიცი, ვირუსის ბრალია თუ რისი, მაგრამ არ არის მუშაობა“.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. 12 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დაავადდა 126 380 ადამიანი, გარდაიცვალა - 4 634, გამოჯანმრთელდა - 68 313.