5 მარტი იყო, ხუთშაბათი, შუადღე, ქმარმა სამსახურიდან რომ დაურეკა, დღეს სახლში ვეღარ მოვალ, მეგობარს, რომელიც ორშაბათს ვნახე, კორონავირუსი აღმოაჩნდა, ახლო კონტაქტად ვითვლები და თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეო.
მას შემდეგ, 20 დღე გავიდა. მიკა ძიძიგურის ქმარი ჯერ ისევ ინფექციურ საავადმყოფოში წევს. კორონავირუსი 8 მარტს დაუდასტურდა.
რამდენიმე დღის წინ, ბოლო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი მართალია მცირედ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა მის სინჯში. მესამე ტესტს, სავარაუდოდ, ორ დღეში აუღებენ და თუკი ექიმები საბოლოოდ დაადასტურებენ, რომ ის გამოჯანმრთელდა, საავადმყოფოდან გაწერენ. თუმცა, ორი კვირის განმავლობაში კვლავ თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა.
„სამსახურიდან რომ დამირეკა და ეს ამბავი შემატყობინა, პირველი შეგრძნება, რაც გამიჩნდა, სრული მოულოდნელობა იყო. მართალია კორონავირუსის პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირებული იყო საქართველოში და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ვირუსი შესაძლოა, ჩვენც შეგვხებოდა, შეიძლებოდა მეც კი შემხვედროდა და თითქოს ამისთვის მზადაც ვიყავი, მაინც ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. მოწმენდილ ცაზე, არსაიდან რომ არ ელი, ისე დაგვეცა თავზე. შემდეგ ენით აღუწერელი შიში დამეუფლა. შიში, რომ ბავშვებს არ გადასდებოდათ. სამი შვილი გვყავს. ლილეს დაუნის სინდრომი აქვს, გულის მანკის ოპერაცია აქვს გადატანილი. მის გამო განსაკუთრებით შევშინდი. თან იმ დღეებში ვირუსი ჰქონდა, ჩვენთან ერთად ეძინა და მივხვდი, რომ ლილე განსაკუთრებული რისკის ქვეშ შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი რომ გავაცნობიერე, სიბრაზე მომერია, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ახლა ბრაზის დრო არ იყო“.
მიკას ქმარს კორონავირუსის სიმპტომები სახლიდან გადასვლის მეორე საღამოს, პარასკევს, 6 მარტს დაეწყო. ტემპერატურა მოემატა. ინფექციურ საავადმყოფოში 7 მარტს გადაიყვანეს.
მიკას თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ავადმყოფობა მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს: „ჩემი ქმრისგან არ ვარ მიჩვეული წუწუნს და პანიკას. ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებულია. ამ შემთხვევაშიც, შიშის საბაბი არ მქონია. მისი მდგომარეობა ისედაც არ იყო რთული. ერთხელ ჰქონდა სიცხე 38 და შემდეგ დაბალი სიცხეები. ჰქონდა ყელის ტკივილი. მაგრამ როგორც მითხრა, ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ ყელის ტკივილს, თითქოს დაჭიმული მქონდაო. სხვა ჩივილები, მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ ჰქონია. თან აქვს პლანშეტი და კითხულობს. როგორც ამიხსნა, იმ ინფიცირებულსაც, რომლის შესახებაც ექიმები თავიდანვე ამბობდნენ, რომ შედარებით მძიმე მდგომარეობაში იყო, ჰქონდა ფილტვების ანთება და ამიტომ ითვლება დანარჩენებისგან განსხვავებით მძიმე პაციენტადო“.
ძალიან გრძელი 14 დღე
მიკასა და მისი შვილების, დემნას, ლილესა და თადეს 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი 20 მარტს გავიდა. მათ კორონავირუსი არ გადაედოთ. მიკა ფიქრობს, რომ ისინი, სავარაუდოდ, იმიტომ გადაურჩნენ ვირუსს, რომ მისი ქმარი თვითიზოლაციაში სიმპტომების გამოვლენამდე წავიდა:
„ინფიცირებულ მეგობართან კონტაქტის შემდეგ, ჩემი ქმარი სამი დღის განმავლობაში ჩვეულებრივად ცხოვრობდა ჩვენთან ერთად. ეჭვიც კი არ გვქონდა, რომ მის მეგობარს შესაძლოა ვირუსი აღმოსჩენოდა. თამაშობდა ბავშვებთან, ერთად გვეძინა. ვფიქრობ, შესაძლოა, სწორედ იმან დაგვიცვა, რომ მას სახლში ყოფნის პერიოდში სიმპტომები არ ჰქონდა“.
14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი საუკუნედ გაეწელა. განსაკუთრებულ სტრესს მიკას დილა-საღამოს, სიცხის გაზომვის პროცედურა ანიჭებდა. ის წუთები, სანამ თერმომეტრს დავხედავდი, უსასრულოდ გრძელდებოდა და ბოლოს იმასაც კი ვფიქრობდი, ამ გაურკვევლობას, იქნებ, სჯობია, შემეყაროს ვირუსი და დავისვენოო:
„მკაცრი რეკომენდაცია გვქონდა, რომ სისტემატურად გვეკონტროლებინა ტემპერატურა. ბავშვებს დილა-საღამოს ვუსინჯავდი სიცხეს. მე კი ისტერიულად, თითქმის ყოველ ერთ საათში ვიზომავდი. მოგვამაგრეს ეპიდემიოლოგი, რომელთან კონტაქტიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ საკითხზე შემეძლო“.
მდგომარეობა, რომელშიც მიკა და მისი შვილები აღმოჩნდნენ, არ იყო სტანდარტული. მით უმეტეს, რომ მარტის დასაწყისში, თვითიზოლაციაცა და თვითიზოლაციაში მოხვედრილებისა თუ მათი ახლობლების ქცევის წესები, ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო.
პირველი, რაც მიკამ გააკეთა, საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ მის ქმარი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის კონკრეტული მიზეზი ჰქონდა:
„შესაძლოა, ჩემი ქმარი იმ პერიოდში ისეთ ადამიანებს ეკონტაქტა, რომელთა დასახელებაც ეპიდემიოლოგებთან გასაუბრებისას დაავიწყდა. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ყველა გაგვეფრთხილებინა. გარდა ამისა, სანამ შევიტყობდით, რომ ჩემს ქმარს ინფიცირებულთან ჰქონდა ახლო კონტაქტი, წინა დღეს, საკმაოდ ხალხმრავალ დაბადების დღეზე ვიყავი. ამიტომ შევქმენი რამდენიმე ჯგუფი, ვისთანაც იმ წვეულებაზე მქონდა კონტაქტი და ყოველ დღე, ყველას ვწერდი ჩემი მდგომარეობის შესახებ. გასაგებია, რომ თეორიულად ძალიან მცირე იყო შანსი, რომ ჩემგან ვინმე დაინფიცირებულიყო, მაგრამ როდესაც ლაპარაკია კორონავირუსზე, რომლის ბუნებასაც ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ბოლომდე, მესმის, რომ ალბათ ძნელია შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა იცი, რომ კორონავირუსით ინფიცირებულის ცოლთან გქონდა ახლო კონტაქტი“.
თამაში სახელად „კორონავირუსი“
მიკამ თამაში გამოიგონა. ასე გადაწყვიტა შეემსუბუქებინა შვილებისთვის 14-დღიანი იზოლაციისა და ინკუბაციის პერიოდი. პირველ რიგში, მიკამ ბავშვებს უთხრა, რომ მამა საავადმყოფოში წევს, მალე გამოჯანმრთელდება და სახლში დაბრუნდება. შემდეგ კი ბავშვებს თამაშის წესებიც გააცნო:
„მივხვდი, რომ ჩემი ემოციები, შესაძლოა ბავშვებზე ასახულიყო ცუდად. ამიტომ იმას კი არ ვცდილობდი, რომ ემოცია დამემალა, ვცდილობდი, რომ ემოცია საერთოდ არ მქონოდა. ეს შემართება ძალიან დამეხმარა. მთელი კონცენტრაცია და ყურადღება ბავშვებზე გადავიტანე. დავთქვით, თამაშის წესები: რომ ქულები, რომლებიც დაგვეწერებოდა, დამოკიდებული იქნებოდა ჩვენს ქცევებზე. როგორ უნდა აუხსნა ხუთი წლის ბავშვს, რომ გარეთ გასვლა და მეგობრებთან ურთიერთობა აკრძალულია? სწორედ ამიტომ, ამ თამაშის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ სახლიდან გარეთ არ გავდივართ და თუ ამ მისიას შევასრულებთ, ქულა მოგვემატება ან ისეთი რამის გაკეთების უფლება გვექნება, რასაც აქამდე არ ვაკეთებდით ხოლმე. მაგალითად, აკრძალული გვაქვს კომპიუტერული თამაშები. თუმცა, ახლა დავუშვით გამონაკლისი, მეგობარმა გვათხოვა Play Station და დღეში თითო საათი შეუძლიათ ითამაშონ. ეს თამაშის წესები ბავშვებს ძალიან დაეხმარათ. და ჩემდა გასაოცრად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც არ გამიგია მათგან წუწუნი“.
"როცა საინკუბაციო პერიოდის 14 დღე გავიდა, იმ დღეს თითქოს უშველებელი ქვები ჩამოვიხსენი ბეჭებიდან", - ყვება მიკა. შიში გაქრა და ისეთი სიმსუბუქე და თავისუფლება ვიგრძენი, როგორც არასდროსო: „მეგობრები ერთმანეთს ვიდეოებს ვუზიარებთ ხოლმე და როცა საინკუბაცო პერიოდის გასვლის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს გვერდიდან შევხედე, მაშინღა აღვიქვი, რას ნიშნავდა ეს ჩემი შეუჩერებელი სიცილი. ეს იყო სტრესისგან დაცლა“.
როგორ აღნიშნეს ლილემ და მიკამ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
მიკა „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ თანადამფუძნებელია. თვითიზოლაციის პირობებში მოუწიათ მას და ლილეს 21 მარტს, დაუნის საერთაშორისო დღის აღნიშვნაც, რომლისთვისაც თვეებით ადრე ემზადებოდნენ და არაერთი ღონისძიება ჰქონდათ დაგეგმილი:
„როგორც ორგანიზაციას, გარკვეული პასუხისმგებლობები გვქონდა აღებული, ღონისძიებები უნდა ჩაგვეტარებინა, სპეციალური წინდები შევიძინეთ, კორონავირუსმა კი გეგმები ჩაგვიშალა. თუმცა, მაინც გადავწყვიტე, რომ მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, თუკი მინიმალური შანსი მაინც იყო, რომ დისტანციურად აღგვენიშნა ეს დღე, მაშინ აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა ეს სიტუაცია. ამიტომაც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სოციალურ ქსელში აღვნიშნეთ. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ კორონავირუსის ფონზე, ჩვენ, შშმ ბავშვების მშობლებს, განსაკუთრებული შფოთვის საფუძველი გვაქვს. ჩვენ არ ვიცით, როგორ ზრუნავს სახელმწიფო ამ პირობებში შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებზე. რა რისკების წინაშე დგანან ისინი“.
ინკუბაციისა და თვითიზოლაციის პერიოდში მიკამ პურის ცხობასაც მიჰყო ხელი:
„სულ მშურდა, სხვები რომ აცხობდნენ ლამაზ-ლამაზ პურებს და მე არასდროს მქონდა ამის საშუალება. სახლში გამოკეტვის პერიოდი გამოვიყენე და გადავწყვიტე, თუკი სახლიდან არ უნდა გავიდე, მაშინ კარგი იქნება, პურის ცხობა ვისწავლო-მეთქი, მოვძებნე კარგი რეცეპტები და ბავშვებთან ერთად მშვენიერი პურის ცხობა დავიწყე“.
მიკამ კარგად იცის, რომ მისი ქმრის გამოჯანმრთელებით ამბავი არ მთავრდება. რომ თამაში სახელად „კორონავირუსი“ გრძელდება და არა მხოლოდ მისთვის, არამედ მსოფლიოსთვის:
„ხვალ რა იქნება ან ვის რა ფორმით შეგვეხება ვირუსი, არავინ ვიცით. მე უნიკალური გამოცდილება მომცა ამ პერიოდმა. იმედია, ამ გამოცდილებას მეც და სამყაროც სათანადოდ გამოვიყენებთ“.
...
ქმარს, ანუ მამას ანუ პაციენტ #13-ს კი სახლში დაბრუნებამდე, ყოველ საღამოს მოუწევს დისტანციურად უსმინოს და უყუროს კონცერტს, რომელსაც სპეციალურად მისთვის მართავს ლილე.