ქინდერის არასასიამოვნო სიურპრიზი

კინდერ სიურპრიზი საქართველოში თითქმის ორი წელია რუსეთიდან შემოდის.

კინდერი იტალიური კომპანია “ფერეროს” ერთ-ერთი პროდუქტია. “ფერერო” ასევე აწარმოებს ტიკ-ტაკს, რაფაელოს, როშეს და ნუტელას. ყველა ამ პროდუქტით, საქართველოს გარდა, ვლადიმირის ოლქში მდებარე ქარხანა ამარაგებს კიდევ 28 ქვეყანას, მათ შორის ბრაზილიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. ამავე ქარხნიდან შედის პროდუქცია ოკუპირებულ აფხაზეთში.

რუსეთის მხრიდან აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობა არღვევს საქართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ და ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

“ჰიბრიდული ომის მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ყველაფერი, იქნება ეს ეკონომიკა, კულტურა, სპორტი, მედია თუ რამე სხვა, გამოიყენება იარაღად.” - ამბობს ბათუ ქუთელია, “საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ვიცე პრეზიდენტი.

  • რატომ და როგორ შემოდის ევროპული პროდუქცია საქართველოში რუსეთიდან?
  • ასტამურ გაგულია - აფხაზი დისტრიბუტორი მოსკოვური კავშირებით
  • რა შეუძლია გააკეთოს და რას აკეთებს საქართველო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საწინააღმდეგოდ?

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიური კომპანიის რუსულ წარმომადგენლობას კავშირი აქვს აფხაზურ სადისტრიბუციო კომპანიასთან, რომელიც ოფიციალურად ყიდულობს მისგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასაყიდად პროდუქციას, რადიო თავისუფლებას რამდენიმე თვეა აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ვცადეთ დავკავშირებოდით "ფერეროს" როგორც მოსკოვის, ასევე ლუქსემბურგის ოფისს - თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. არაერთხელ დავურეკეთ “Ferrero Russia”-ს წარმომადგენელს თბილისშიგიორგი გოგლიძეს. Ის ამ თემაზე საუბარს ერიდება. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იმ კომპანიასაც, რომლისგანაც “ფერერო” ყიდულობს დასავლეთ საქართველოში მოყვანილ თხილს - მათ კავშირი ლუქსემბურგის ოფისთან აქვთ და მხოლოდ ნედლეულით ამარაგებენ, მზა პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ჩართულები არ არიან.

“Ferrero Russia”-ს საქართველოში მარკეტინგული მომსახურებას “მედია პლიუსი” უწევს. კომპანიის ხელმძღვანელმა თამარ ზალიკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მან არაფერი იცის “ფერეროს” აფხაზეთში ვაჭრობასთან დაკავშირებით და მის კომპანიას კავშირი აქვს არა უშუალოდ “ფერერო რაშასთან”, არამედ შუამავალ მარკეტინგულ სააგენტოსთან.

“იმდენად არც ვუშვებ, რომ იქ შეიძლება პროდუქცია შეიტანონ, არც მიკითხავს. დარწმუნებული ვარ, შუამავალ კომპანიასაც არ ექნება ინფორმაცია ამის შესახებ” - ამბობს თამარ ზალიკაშვილი.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული შიდა მიმოწერის მიხედვით კი ირკვევა, რომ ამ თემაზე კითხვები არსებობდა და ამ კითხვებს ქართული სააგენტო “ფერეროს” რუსულ ოფისს უსვამდა.

“ქართული სააგენტოს მოთხოვნის შედეგად, თუ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ლუქსემბურგთან ან დისტრიბუტორთან, როგორ მუშაობდნენ და მუშაობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში. ანუ, ეს ტერიტორიები ითვლება ოკუპირებულად.

“კანონის მეექვსე მუხლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იკრძალება, ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე”, - კანონი ძალაშია.

ქართული სააგენტო გვთხოვს წარმოვადგინოთ წერილი იმის შესახებ, რომ ჩვენ, სააქციო საზოგადოება “ ფერერო რაშა” არ ვახორციელებთ, რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას ზემოთხსენებულ ტერიტორიებზე. “ - ვკითხულობთ ფერეროს რუსული ოფისის თანამშრომლების შიდა მიმოწერაში.


"გამარჯობა კოლეგებო!

არ შეიძლება ასეთი მტკიცებულებების, ოფიციალურ კომუნიკაციაში წერა …

საზოგადოების კომერციული ქვედანაყოფი არის ამ მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, ბრედსკაიას ქუჩა 2, სახ. 8 ფაქტიური მისამართი, საზოგადოების აღმასრულებელი ორგანო.

მითითებულ მისამართზე არის დარეგისტრირებული, საზოგადოების ცალკეული დანაყოფი.

გთხოვთ, არსებული განცხადება ამოიღეთ წარმომადგენლობითი წერილიდან….

ჩვენი კონტრაგენტები, მოლაპარაკების საფუძველზე ვუწოდებთ მყიდველებს ( არა დისტრიბუტორებს), სასურველია ტერმინოლოგია იყოს შესაბამისობაში ( მაგრამ არ არის საგანგაშო)." - ვკითხულობთ საპასუხო წერილში.

შიდა მიმოწერის გარდა, მოვიპოვეთ გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოდგეს იმის დასტურად, რომ აფხაზურ სადისტრიბუციო კომპანია პრემიუმს “ფერეროს” პროდუქცია ვლადიმირიდან მიაქვს აფხაზეთში. გადარიცხვის დოკუმენტი ერთერთია , თავისუფლების მიერ მოპოვებულია მასალებიდან, რომელთა რაოდენობა და შინაარსი ადასტურებს, რომ “ფერერო რაშას” და “პრემიუმის” კავშირი ოფიციალური და მრავალწლიანია.

რუსეთზე დაკისრებული სანქციების და ბიზნესის კეთებისთვის არახელსაყრელი გარემოს მიუხედავად, მოსკოვი არაერთი ტრანსნაციონალური კორპორაციის რეგიონული ცენტრია. მოსკოვის წარმომადგენლობები უმეტესად პასუხისმგებლები არიან როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მეზობელ ქვეყნებში დისტრიბუციაზე, მარკეტინგსა და სხვა სავაჭრო მიმართულებებზე.

რუსეთში ბიზნესის წარმოება ადვილი და უსაფრთხო არ არის. ეს კარგად იციან ევროპულმა კომპანიებმა. მეორეს მხრივ რუსული ბაზარი დიდია და მასზე უარის თქმა “დიდ ფულზე” უარის თქმას ნიშნავს.

რუსეთში ბიზნესის კეთება, როგორც წესი, რუსულ სახელმწიფოში არსებული ფორმალური და არაფორმალური თამაშის წესებზე დათანხმებას გულისხმობს და ამას კრემლი პერიოდულად ახსენებს მსხვილ კომპანიებს.

2014 წელს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებიდან მალევე;

  • “როსპოტრებნადზორმა” (მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური) ეჭვი შეიტანა მაკდონალდსის საკვების უვნებლობაში;
  • 2016 წელს პოლიცია შევიდა იკეას მოსკოვის ოფისში. მაშინ იკეას ადვოკატი ამ რეიდს მიწასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავას უკავშირებდა. ​
  • ჯერ კიდევ 2010 წელს Travis International-ის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რუსეთში კორუფციას წარმოუდგენელი მასშტაბები აქვს და იქ ჩასულ ბიზნესმენებს ღიად თხოვენ ქრთამს.

ფერეროს შემთხვევაში, რუსეთი ეკონომიკას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მმართველი რეჟიმების ლეგიტიმაციისთვის იყენებს, ამყარებს მათთან სავაჭრო ურთიერთობას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებთან.

ფერეროს პროდუქციის დისტრიბუტორი აფხაზეთში კომპანია “პრემიუმია”, რომლის მფლობელის აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტი, ასტამურ გაგულიაა, რომლის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი მოსკოვია. აფხაზეთის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე იყო ასტამურის მამა, გენადი გაგულიაც, რომელიც თვითგამოცხადებულ სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

გენადი გაგულია სხვადასხვა წლებში სამჯერ დაინიშნა აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პირველად 1995 წელს დანიშნა არძინბამ , მეორედ 2002 წელს, მესამედ კი 2018 წელს დაინიშნა. რუსეთის მოქალაქე გაგულია 1997-2002 წლებში რუსეთის დუმაში დეპუტატების თანაშემწედაც მუშაობდა.

გენადი გაგულია პირველი აფხაზი ლიდერი იყო, რომელსაც ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტის რანგში, 2003 წლის მარტში, სოჭში, საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად შეხვდა. გენადი გაგულია ამბობდა, რომ ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ პუტინი აფხაზეთს არ მიატოვებდა:

„პუტინთან და შევარდნაძესთან სამი საათის მანძილზე ვისაუბრეთ და მაშინ მივხდი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. მართალია, იზოლაციაში ვიყავით და უამრავი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ნათელი იყო რომ რუსეთი ჩვენთან არის.

რა თქმა უნდა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ რუსეთი 5 წლის შემდეგ ჩვენს დამოუკიდებლობას სცნობდა, მაგრამ ჩემთვის უკვე მაშინ გასაგები გახდა, რომ არ დავიკარგებოდით, რადგან რუსეთი ჩვენს გვერდით იყო.“

​გენადი გაგულია იყო ის, ვინც მოახერხა, რომ აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას წარმომადგენლობა 30-მდე ქვეყანაში გაეჩინა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგობის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მიეღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში აფხაზური დროშის ქვეშ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენელს. საერთაშორისო პლატფორმებზე აფხაზეთის მონაწილეობა აღიარების პოლიტიკის ნაწილია. ეს კრემლის მიერ დასახული მიზანია - თავის მიერ აღიარებული კონფლიქტის ზონები სხვებმაც დამოუკიდებელ ქვეყნებად მიიღონ.

ის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა გახდეს და “აფხაზეთმა თავისთვის, საქართველომ კი თავისთვის უნდა უნდა იცხოვრონ,”, გენადი გაგულია სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ დანიშვნამდეც ამბობდა.

ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომელიც ჩვენ დაგვაახლოვებდა" - უთხრა მან 2012 წელს გაზეთ “იზვესტიას” და ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ თვითონ რუსეთის მოქალაქე იყო, ბინაც ჰქონდა მოსკოვში და იქვე იყო ჩაწერილი.

"აფხაზეთის" სტენდი ბარსელონაში, Alimentaria 2018-ზე

გენადი გაგულია 2018 წლის სექტემბერში, ავტოავარიაში გარდაიცვალა, როცა სირიიდან მომავალი აფხაზეთის დელეგაცია სახლებში ბრუნდებოდა. გენადი გაგულიას მიერ დაწყებულ საქმეს სავაჭრო და სამრეწველო პალატა წარმატებით აგრძელებს. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი 2019 წლის ივნისში ბრაზილიაში ჰქონდათ, სადაც როგორც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერენ 100 ქვეყნის 1200 -ზე მეტ წარმომადგენელს გააცნეს აფხაზეთი და აფხაზური პროდუქცია.

ასტამურ გაგულია პროფესიით მარკეტოლოგია, კომპანია “პრემიუმი” 2006 წელს დაარსა. მასში 100-მდე ადამიანია დასაქმებული და როგორც რუსულენოვანი მედია წერს, კომპანია ერთ-ერთი მსხვილი გადასახადის გადამხდელი და ამავე დროს მეცენატურ საქმიანობაში ჩართული ბიზნესია აფხაზეთში.

ასტამურ გაგულიას სახელი ჩნდება ხოლმე აფხაზეთის კრიმინალურ ქრონიკაშიც: ის ერთ-ერთი იყო იმ აფხაზებს შორის, რომლებმაც სავაჭრო ცენტრ “კონტინენტალის” წილების გაყოფის გამო სასტიკად სცემეს აფხაზეთში ბიზნესის მქონე რუსი იგორ ვაროვი.

ღია წყაროების მიხედვით გაგულიას “პრემიუმს” აფხაზეთში “ფერეროს” გარდა “კოკა-კოლას”, “აჰმედ ჩაის” , “კამპარის” და სხვა, ჯამში 28 დასავლური კომპანიის პროდუქცია შეაქვს და რთული სათქმელია, ამ კომპანიებთან აფხაზურ კომპანიას რა ტიპის ურთიერთობა აკავშირებს: ოფიციალური პარტნიორობა, რაც გლობალურ ბრენდებს კანონდამრღვევებად ხდის თუ მათი პროდუქციით არაოფიციალურად ვაჭრობა, მათი გვერდის ავლით.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სავაჭრო პალატის საპირწონედ არსებობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და მხარდაჭერაა.

ამირან დოლიძე, რომელიც ამ პალატის წარმომადგენელია, ამბობს, რომ თვალს აქტიურად ადევნებენ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საქმიანობას და გვაჩვენებს სავაჭრო პალატის მიერ 2017 წელს გამოცემულ კატალოგს, სადაც მათი საზღვარგარეთ ვიზიტებია აღწერილი. რუსეთი, სირია, დამასკო, ჩეხეთი, იტალია, ჩინეთი - ეს არის ქვეყნები, სადაც სოხუმი, მოსკოვის დახმარებით მხარდამჭერებს ეძებს.

“მაგათ აქვთ, როგორც აფხაზური, ისე რუსული პასპორტები. ამ რუსული პასპორტებით ჩადიან სადაც საშუალება აქვთ, რესურსი გამოყოფილი აქვთ. ჩვენ გავაპროტესტეთ, პრაღაში და ტურინშიც მათი ვიზიტი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კერძო გამოფენა იყო, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო ორგანოები დიდად ვერ გვეხმარებიან. ჩვენი ყოველი დილა იწყება მათი საინფორმაციო წყაროების შემოწმებით, ვუყურებთ მათ აქტივობებს და მერე ვაკეთებთ პოსტ ფაქტუმ რეაგირებას, რაც ნაკლებად ეფექტურია. ახლა გვინდა, რომ პრევენციულ ღონისძიებებზეც ვიმუშაოთ, ეფექტური შედეგისთვის. პოსტ ფაქტუმ მუშაობას ნაკლები ეფექტი აქვს. დელიკატურად უნდა დავწეროთ, მიზანს რომ მივაღწიოთ. “ - გვიყვება ამირან დოლიძე, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ მაგალითად “ფერერომ”,აფხაზეთში ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო დასაჯოს “ფერერო რაშა” და უარი თქვას რუსულ ბაზარზე. მისთვის ეჭვს იწევს ის ფაქტიც, რომ ასტამურ გაგულიას კომპანია, ნამდვილად ოფიციალურად წარმოადგენს ყველა იმ დასავლურ კომპანიას აფხაზეთში, რაც “პრემიუმს” საიტზე უწერია.

ჰიბრიდულ ომში საქართველოს დასახმარებლად ამერიკის კონგრესმა 2018 წელს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, ყველა იმ ბიზნეს სუბიექტს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, ამერიკის ბაზრის დახურვის საფრთხე ემუქრება.

„რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა“ - ნათქვამია ამ რეზოლუციაში.

“ამერიკული ბაზარი არის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველი ბაზარი. ფერერო ოპერირებს ამერიკულ ბაზარზე მისი გაყიდვები ამერიკულ ბაზარზე დარწმუნებული ვარ იმდენად სოლიდური იქნება, და არ მგონია ფერეროს უღირდეს აფხაზი დისტრიბუტორის ან რუსი ჩინოვნიკების ინტერესები ამერიკის ბაზრის დაკარგვად. “ - ბათუ ქუთელიას აზრით ეს მხოლოდ ერთი გზაა, რომელიც ეფექტური იქნებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. არსებობს სასამართლოს გზაც, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევთათვის და დიპლომატიური არხებიც, რომელიც საელჩოებზე გადის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთხელ, წლების წინ შეძლო და აღკვეთა ასევე იტალიური კომპანიის, “ბენეტონის” მაღაზიის გახსნა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაშინ ამ ინიციატივის უკან ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის თურქეთის წარმომადგენლობა იდგა.