ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია დავების საბჭოს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს

ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია, რომელმაც 10 აპრილს, საღამოს, მაუწყებლობა განაახლა, აპირებს სასამართლოს მიმართოს რუსთავის სატენდერო კომისიისა და ელექტრონული შესყიდვების დავების საბჭოს წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ შპს პალიტრა TV-ს საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდეგ.

ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ 26 მარტს პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა. განაცხადა რა, რომ ასეთი ფორმით ემიჯნება გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში.“ თუმცა, განცხადების ავტორებს მაშინ არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვინ წარმოადგენდა ამ ძალებს.

ასევე ნახეთ ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

​ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგი მგალობლიშვილმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ დავების საბჭომ „სრულიად აბსურდული“ გადაწყვეტილება „გარე ძალების“ ჩარევის შედეგად მიიღო, როცა ტენდერის შედეგების გადასინჯვა მოითხოვა.

კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ვინ ჩაერია დავის განხილვაში. ამას სასამართლოს გზით გავარკვევთ, - თქვა გიგი მგალობლიშვილმა. ტელერადიოკომპანია აპირებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართოს სასამართლოში მისი ინტერესების დაცვისთვის.

გიგი მგალობლიშვილის თქმით, „გარკვეული ძალები“ ზემოქმედებენ მერიაში შექმნილი სატენდერო კომისიის მუშაობაზეც.
ადგილობრივ მერიას გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი ტელედარადიომაუწყებლობისთვის, ახალი ამბების სააგენტოსა და პრესისთვის, აქედან მაუწყებლობისთვის 160 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, რომელშიც ორი პრეტენდენტი მონაწილოებდა - ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია და შპს პალიტრაTV.

დავების სააბჭომ რუსთავის მერიის სატენდერო კომისიას დაავალა, გადასინჯოს 2019 წლის 18 მარტს მიღებული გადაწყვეტილება შპს „პალიტრა TV“-ს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით და „პრეტენდენტის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასება განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.”

პალიტრაTV ტენდერიდან მოხსნეს სატენდერო დოკუმენტაციის ხარვეზის მოტივით; კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია, რომ პალიტრაTV-ს მაუწყებლობა ფარავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს. ასევე არ იყო წარმოდგენილი მაუწყებლობის ვადები, რომელიც ხორციელდება ოპერატორი კომპანიების მეშვეობით. თუმცა სხვა დოკუმენტებში მითითებულია, რომ პალიტრა TV-ს მაუწყებლობა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ასევე კომპანიის საჩივრის თანახმად, მაუწყებლობის ვადის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა სატენდერო პირობებში მითითებული არ იყო.

დავების საბჭოს პოზიციით, სატენდერო კომისიას არ უმსჯელია ტენდერის პირობების რომელ მოთხოვნასთან არის პალიტრა TV-ს მიერ წარდგენილი ინფორმაცია შეუსაბამო.

დავების სააბჭომ რუსთავის მერიის სატენდერო კომისიას დაავალა, გადასინჯოს 2019 წლის 18 მარტს მიღებული გადაწყვეტილება შპს „პალიტრა TV“-ს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით და „პრეტენდენტის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასება განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.” პალიტრა TV სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.

ქვემო ქრთლის ტელერადიოკომპანიას მიაჩნია, რომ მან ტენდერში გაიმარჯვა, დავების საბჭოს დასკვნა კი „ავტომატურად აფერხებს გამარჯვებულ კომპანიასთან საბოლოო დოკუმენტის ხელმოწერის პროცესს.“

რუსთავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტენდერი გრძელდება და „პალიტრა TV“-ის სატენდერო დოკუმენტაციაც გადაისინჯება.

სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ქვემო ქრთლის ტელერადიოკომპანიამ მაუწყებლობის განახლების შემდეგ გაავრცელა, ნათქვამია, რომ საინფორმაციო გადაცემები, საინფორმაციო სამსახურის ახალი გუნდის დაკომპლექტებამდე ეთერში არ გავა, თუმცა ტვ4-ის ყველა სატელევიზიო გადაცემა აღდგება.

ტელეკომპანიამ იმედი გამოთქვა, რომ „მომავალში ზეწოლის ფაქტები აღარ განმეორდება და ტელევიზიის ფუნქციონერებას საფრთხე აღარ შეექმნება.“