ქვაბისხევში გაზიფიცირებას ითხოვენ

ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის 130–მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. სოფლის გაზიფიცირების შესახებ ადგილობრივებმა დაპირება დაახლოებით ათი წლის წინ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. სოფელში ამბობენ, რომ ყოველდღიურად თხევადი აირის ან ელექტროენერგიის მოხმარება უწევთ, რაც ძვირი უჯდებათ. მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირების გარდა, მოსახლეობა ქვაბისხევისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას, გარე-განათებასა და სკვერის მოწყობასაც ითხოვს, პრიორიტეტი მაინც ბუნებრივი აირია.

,,ყველაზე ძალიან გაზი გვინდა. ერთი ,,ბალონი“ კილო გაზი, აქ რომ მოაქვთ 4 ლარი ღირს. ცეცხლის ფასი აქვს. ვინც კი მოდის სოფელში ხალხთან შეხვედრაზე, თემა ყოველთვის გაზი და გზაა. გზა წელს როგორც იქნა მადლობა ღმერთს გაკეთდა."

"ზაფხულში შეშის დანთება ადვილია? გაზი ძალიან გვჭირდება. აქამდე ,,პლიტას“ ვხმარობდი და 31 ლარი მოვიდა გადასახადი“.

ბუნებრივი აირის საჭიროება განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება. ადგილობრივებს საშეშე მერქნის მოპოვების პრობლემა აქვთ. იმის გამო, რომ ტყეს საიდანაც ისინი ხის გამოტანას ითხოვენ, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის. პარკში კი ხის მოჭრა აკრძალულია. ტრადიციული გამოყენების ზონა სოფლისთვის საკმარისი არ არის, რადგან ბუნებრივი აირის უქონლობის გამო ზამთარში გასათბობად განკუთვნილი შეშის მოხმარება ადგილობრივებს ზაფხულშიც უწევთ.

,,ზაფხულში მაინც, ხალხმა შეშა აღარ დაანთოს. ეროვნული პარკი, რომ იხსნებოდა, მაშინ გვითხრეს, ოღონდ დაგვთანხმდით და გაზსაც გამოგიყვანთო."

"7 კუბამეტრს გვაძლევენ, ჰა ჰა 8 თუ გაჭირდა. გაყავით აბა 7 კუბამეტრი 8 თვეზე. არ ჰყოფნის ხალხს. ზამთრისთვის მოცემული შეშა ზაფხულშიც უნდა ვიხმაროთ და რა გამოდის“.

ასევე ნახეთ ათასობით ოჯახი კახეთში ბუნებრივი აირის მოლოდინშია

​საშეშე მერქნის სიმცირისა და ტყეში ხის ჭრის გამკაცრებული პოლიტიკის გამო მოსახლეობა პრობლემების წინაშე დგას. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ გაზიფიცირების შემთხვევაში შეშის მოხმარება მნიშვნელოვნად დაიკლებს. ეს ფაქტი კი ორმაგად მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე ტყის შენარჩუნებისთვის.

,, შეშის პრობლემა კიდევ იმიტომ დგას, რომ სულ ერთი დაიგივე ადგილსა და მონაკვეთზე აგზავნიან. როგორც ასეთი, საშეშე მერქანი აღარ არსებობს, სულ მოდის ნედლი, ცეცხლს ვერ აანთებ და უვარგისია. 10 წლის წინ დაგვპირდნენ, მაგრამ დღემდე ასე ვართ. გაზის გამოყვანა სოფელში ხის ჭრას შეამცირებს, მართალია ცოტა მაინც დაჭირდება შეშა, მაგრამ მესამედიც აღარ მოიჭრება“.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე განმარტავს, სოფლის გაზიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბუბა ბერიძეს მედიასთან ვადებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გაზიფიცირება ეტაპობრივად დაიწყება.

ასევე ნახეთ გაზიფიცირება სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნად რჩება

,,ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და ეს წლებია გრძელდება. ,,სოკარ–ჯორჯიას“ ევალება სოფლებში გაზიფიცირება და მოწყობა. გარკვეულ შედეგებს უკვე მივაღწიეთ და უკვე იგეგმება გაზის განვითარება თუმცა კონკრეტულ თარიღებს ვერ დავასახელებ ჯერ, რადგან ისევ მოლაპარაკებების პროცესია“.

მოლაპარაკებების დასრულებამდე ქვაბისხევის მოსახლეობას ბუნებრივი აირის გარეშე კიდევე ერთი ზამთრის გატარება მოუწევთ. მერის მოადგილე კი განმარტავს, რომ მერია გაზიფიცირებასა და მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებისათვის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არის, პრობლემის დადებითად გადაწყვეტისთვის აქტიურად არის ჩართული.