„ქეთო და კოტე“ - უიღბლო ავტორის უკვდავი ოპერა

2019 წლის 11 დეკემბერს 100 წელი შესრულდება პირველი ქართული კომიკური ოპერის, „ქეთო და კოტეს“, პრემიერიდან. 1919 წლის 11 დეკემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც მკითხველს სახელმწიფო თეატრში ეპატიჟებოდა: „ოპერა ს.ი. ევლახიშვილის ხელმძღვანელობით. ხუთშაბათს, დეკემბრის 11-ს, პირველათ ქართული ორიგინალური კომიკური ოპერა ვ. დოლიძისა „ქეთო და კოტე“, კლასიკური კომედიის „ხანუმას“ სიუჟეტიდან“. პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. წარმატება ხვდა „ქეთო და კოტეს“ ყველა მომდევნო დადგმას მთელი ასი წლის განმავლობაში, თუმცა, ბედის ირონიით, სათანადო პატივით არ დაფასდა პოპულარული ოპერის ავტორი, ვიქტორ დოლიძე, რომელიც 1933 წელს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდის დაბადება

ვიქტორ დოლიძემ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, "ქეთო და კოტესათვის" მუსიკა ერთ წელიწადში დაწერა. ოპერას საფუძვლად დაედო ავქსენტი ცაგარლის ცნობილი კომედია, "ხანუმა". როგორც მუსიკის ისტორიკოსი შალვა კაშმაძე წერს წიგნში „თბილისის ბალეტისა და ოპერის თეატრი“, ლიბრეტო ძირითადად თვითონ კომპოზიტორს შეუდგენია იოსებ გრიშაშვილის დახმარებით. გრიშაშვილმა დაწერა სიკოსა და საქოს კუპლეტებიც, რომლებმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს ხალხში:

ვახ, ცოცხალი თევზები - ჭიჭყინა და ჭანარი,
ნორჩი ბატკნის მწვადები - ყველაფერი აქ არი,
აქ კუპრიას დუდუკზე ისმის ტკბილი საარი,
შენ, რაც გინდა, ისა სთქვი, ჩვენი ეშხი სხვა არი.

უნდა ნახოთ, ძმებოჯან, დილით შემოტანილი,
პატარძლის დაკრეფილი კიტრები და მწვანილი,
ქეიფი და სიმღერა, ბაღდადური, შალახო,
მოკვდი, რაღა, ოხერო, თუ ეს ცეკვა ვერ ნახო!

უდუდუკოთ ქეიფი განა არის ცხოვრება?
ქალი, ღვინო, დუდუკი - აი, ჩვენი ცხონება.
- მე კი როცა მოვკვდები, ამ ჩემს გოგრა თავიდან
ჭიანური გათალეთ - თავისთავად დაუკრავს...

იოსებ გრიშაშვილმავე გაუწია დახმარება ვიქტორ დოლიძეს ლიბრეტოს ლიტერატურულ დამუშავებაში. გარდა ამისა, ვიქტორ დოლიძემ "ქეთო და კოტეში" შეიტანა გრიშაშვილის ტექსტზე დაწერილი თავისივე რომანსი - „შენ ხარ ღვთაება“:

შენ ხარ ღვთაება
ამქვეყნიური,
შენ ხარ ოცნება
ნაზი, ციური;
შენ ხარ მთის წყარო ტკბილმოკამკამე...
...შენი კვნესამე!...

მხოლოდ შენთვის სტვენს
ნაზად ბულბული,
შენ არეს აფენს
სურნელს სუმბული;
შენთვის ბიბინებს, თვით მდელო მწვანე...
...შენ გენაცვალე... და ა.შ.

„ქეთო და კოტეს“ პირველი დადგმა ალექსანდრე წუწუნავას ეკუთვნის. დირიჟორობდა სამუელ სტოლერმანი, სწორედ ის სამუელ სტოლერმანი, რომელიც პრემიერიდან ზუსტად ერთ თვეში, 1920 წლის 15 იანვარს, თავის ბინაში (სასამართლოს ქუჩა #31), მუდმივი შევიწროებისა და „აბესალომ და ეთერის“ ერთადერთი პარტიტურის ხელყოფის გამო, რევოლვერის ორი გასროლით მოკლავს მძინარე ცოლს, ალექსანდრა სტოლერმანს, თუმცა სასამართლო გაამართლებს დირიჟორს და დარბაზიდან გაათავისუფლებს.

პრემიერაზე „ქეთო და კოტეს“ შემსრულებლად გამოვიდნენ: ო. კალანდაძე-აღასოვა (ქეთო), ი. როგაჩევსკი (კოტე), თარხნიშვილი (ლევანი), ისეცკი (მაკარი), შელუდკოვსკაია და ოვსიანიკოვა (ბარბარე და ბაბუსი), გ. ქურხული (საქო), კურბატოვი (სიკო).

შალვა კაშმაძის თქმით, ნიჭიერად გადამუშავებულმა, ქალაქურ ფოლკლორზე აგებულმა მუსიკამ დიდი მოწონება პოვა დამსწრე საზოგადოებაში. ოპერა ზედიზედ იდგმებოდა და დარბაზში ტევა არ იყო. პრემიერის დღესვე თეატრის სალაროში ათი შემდგომი სპექტაკლის ბილეთების შეკვეთა მისცეს. ვიქტორ დოლიძის თხოვნით, კოტეს პარტიას ზოგჯერ ვანო სარაჯიშვილიც ასრულებდა.

1933 წელი...

1933 წელი მძიმე გამოდგა ქართული მუსიკალური საზოგადოებისათვის. რამდენიმეთვიანი ინტერვალით გარდაიცვალნენ კომპოზიტორები ვიქტორ დოლიძე და ზაქარია ფალიაშვილი. ჩვენ ვიცით, როგორი პატივი მიაგო ქართულმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს. იყო პანაშვიდები კონსერვატორიის დარბაზში, ორკესტრი, გვირგვინები, საპატიო ყარაული... ერთ-ერთ პანაშვიდზე ორკესტრმა, გუნდმა და ნიკო ქუმსიაშვილმა შეასრულეს „აბესალომის“ მესამე მოქმედება... მოკლედ, ზაქარია ფალიაშვილი დაკრძალეს (ოპერის ბაღში) სათანადო პატივით, როგორც დიდი ეროვნული მოღვაწე. ვიქტორ დოლიძეს კი, როგორც აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე იხსენებს, დიდუბემდე სულ რამდენიმე კაცი მიჰყვა, დანარჩენები გზაში მიმოიფანტნენ:

„ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. მისი „ქეთო და კოტე“ ყველას უყვარდა, მის მელოდიებს ხალხი მღეროდა... მაგრამ თვითონ ვერ იქცა „ფიგურად“! იყო ერთი ჩია, მოძრავი, მხიარული და მოხითხითე კაცი, რომელსაც ბევრნი ალბათ სერიოზულად არც უყურებდნენ და უცებ გაქრა, სულ ხუთი დღე იავადმყოფა. 43 წლისა იყო“.

მუსიკის კრიტიკოსები ვიქტორ დოლიძეს განათლებას უწუნებდნენ. აი, რას წერდა კომპოზიტორის გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე, 1923 წლის „ჩირაღდნის“ („კომუნისტის“ სალიტერატურო-სამხატვრო ორკვირეული დამატება N 2) დეკემბრის ნომერში პ. ბებუთოვი „ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორ ბიქტორ დოლიძეზე, რომელმაც მოკლე დროის განმავლობაში დაწერა სამი ოპერა“:

„ერთი მათგანი, „ქეთო და კოტე“, არის პირველი ცდა ქართული კომიკური ოპერის სფეროში. ამ ოპერას ვერ ჩავთვლით ჩვენ საოპერო შემოქმედების დამთავრებულ ნიმუშათ. მასში არ არის დაცული ეროვნული სტილი, არ არის ინდივიდუალურობა. ეს ოპერა სასიამოვნო მოსასმენია შინაარსის, მშვენიერი დადგმისა და ერთსულოვანი ანსამბლის წყალობით... ბიქტორ დოლიძეს უეჭველათ აქვს ინსტრუმენტალური ნიჭი, მაგრამ კომპოზიტორი სათანადოდ ვერ არის გაცნობილი შემოქმედების გარეშე მხარეებთან, რომელნიც აუცილებელია იმისათვის, რომ ნაწარმოებს მიეცეს დამთავრებული სახე. მე ვლაპარაკობ ორკესტროვკასა და ინსტრუმენტოვკაზე. ხშირად ავტორს მოუფიქრებია რომელიმე მუსიკალური პრობლემა, მაგრამ ის სათანადოდ ვერ ერკვევა მასში, რომ მოგვცეს დამთავრებული მუსიკალური პერიოდი და მუსიკალური აზრი. ამის გამო ნაწარმოებს რამოდიენიმეთ დილეტანტური ხასიათი აქვს. ცნობილია, რომ რესპუბლიკის მთავრობამ დააფასა ბიქტორ დოლიძის დიდი ნიჭი და საშუალება მისცა მას დაამთავროს მუსიკალური განათლება და შორს არ არის ის დრო, როდესაც ბიქტორ დოლიძის კალამი შექმნის უფრო დამთავრებულ ნაწარმოებს, რადგან მისი ნიჭი ეჭვს გარეშეა“ („ქართული საოპერო მუზა - პირველი ეტაპები“. პ. ბებუთოვი).

ეს წერილი 1923 წელს დაიწერა, კომპოზიტორის გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე. უცნაურია, მაგრამ მსგავსი სულისკვეთებით არის განმსჭვალული ვიქტორ დოლიძის გარდაცვალების შემდეგ დაწერილი წერილებიც. კერძოდ, „სალიტერატურო გაზეთის“ 29 მაისის ნომერში პროფესორი კოტე მეღვინეთუხუცესი გულისტკივილით წერს კოლეგის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ დიდ ადგილს უთმობს განსვენებულის „ტეხნიკურ ჩამორჩენილობას“:

„სისტემატურ ტეხნიკურ განვითარებას მოკლებულმა შესძლო მხოლოდ ბუნებრივი ინტუიციის კარნახით, დიდი ბუნებრივი ნიჭის წყალობით, ორი დიდი ოპერის - "ლეილას" და "ცისანას" შექმნა-გაფორმება, შესძლო ქართულ მუსიკაში ჯერ შეუდარებელი მაგალითის - კომიკური ოპერის, "ქეთო და კოტეს", შეთხზვა, შესძლო შეერთება თავისი სახით მუსიკის და ლიბრეტტოს ავტორობისა, და უკანასკნელ ხანში კი შესძლო გადახალისება და სიმფონიურ შემოქმედებაში მუშაობის დაწყება. ვიქტორის უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ნიჭიერება, შეერთებული საერთო სწავლა-განათლებასთან (განსვენებულს დამთავრებული ჰქონდა უმაღლესი სწავლა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში), სძლევდა მის ტეხნიკურ ჩამორჩენილობას მუსიკაში, ხოლო შემდეგ ამ ნიჭმა მისცა მას საშუალება თავისი საკუთარი გზის აღმოჩენისა და თავისებური ხერხების გამოყენებისა. ამგვარსავე მდგომარეობაში იზრდებოდა შემოქმედება რიმსკი-კორსაკოვისა, ბოროდინისა, გლინკასი, მუსორგსკისა და სხვ. - და სწორედ არა ტრაფარეტულმა ცოდნამ, არამედ თვითგანვითარების გზებმა მიიყვანეს რუსეთის მუსიკა უმაღლეს კულმინაციურ წერტილამდის. ამიტომ დიდათ ნაყოფიერი იყო ის გზა, რომელიც განვლო კომპოზიტორმა ვ. დოლიძემ“.

დიდათ ნაყოფიერი იყო ის გზა, რომელიც კომპოზიტორმა განვლოო, წერს კონსტანტინე მეღვინეთუხუცესი... მაგრამ როგორი იყო ვიქტორ დოლიძის უკანასკნელი გზა? რა ვითარებაში დაკრძალეს „ქეთო და კოტეს“ ავტორი? კვლავ ვახტანგ ბერიძეს მოვუსმინოთ:

„მისი დაკრძალვის დროს დიდუბეში რატომღაც მეზურნეები და მედუდუკეები აღმოჩნდნენ (სხვის საფლავზე იყვნენ). მივიდნენ და იკითხეს, ვინ არის აქ უფროსიო; ეს ის კაცია, „ქეთო და კოტე“ რომ დასწერა? მაშ, თუ შეიძლება, ნება მოგვეცით, ცოტა რამე დავუკრათო. და ასე ზურნა-დუდუკით ჩაუშვეს საფლავში“.

და მაინც უკვდავება!

ვიქტორ დოლიძე, გარკვეულწილად, უბედური ავტორია, სპეციალისტების მიერ ბოლომდე არაღიარებული... უცნაურია, მაგრამ 1933 წელს გარდაცვლილი ადამიანის მხოლოდ ერთადერთი ფოტოა შემორჩენილი - ის, რომელსაც აფიშებსა და წიგნებში ბეჭდავენ, და ის, რომელიც დიდუბის პანთეონში, საფლავის ქვაზეა გამოყენებული. გარდაცვალებითაც სრულიად ახალგაზრდა, 43 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

„ასეთი ბედი დაჰყვა. ვერც უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო. მოგეხსენებათ, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე - ყველანი იყვნენ პეტერბურგსა და მოსკოვში ნასწავლი ხალხი და კომპოზიციასაც იქ დაეუფლნენ. ვიქტორ დოლიძე კი კიევის მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა და უმაღლესი მუსიკალური სკოლა მართლაც არ გაუვლია, მაგრამ მისი „ქეთო და კოტე“ კომიკური ოპერის იშვიათი ნიმუშია, რომელსაც არაფერი დაეწუნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რევაზ ტაკიძემ, „ქეთო და კოტეს“ დამდგმელმა დირიჟორმა, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში 1975 წლიდან მუშაობს და მოესწრო „ქეთო და კოტეს“ სამივე დადგმას: ჯერ იყო ალექსანდრე წუწუნავასი; შემდეგ, 1991 წლიდან, გიგა ლორთქიფანიძისა და ბოლოს, რომლითაც ოპერის თეატრი „ქეთო და კოტეს“ ასი წლის იუბილეს ხვდება, იოანე ხუციშვილისა.

რევაზ ტაკიძე

„სამივე დადგმა ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ სამივეს უდიდესი სიყვარული აქვს ხალხში. როცა ვიქტორ დოლიძეს პროფესიონალიზმს უწუნებენ, მიჩნდება სურვილი, გავაკეთო ასეთი პარალელი... არ ვიცი, რამდენად ზუსტი იქნება: ფიროსმანს რომ დავუწუნოთ ტექნიკა და ვთქვათ, პიკასოს ტექნიკით ვერ ხატავს ან ვან გოგის ტექნიკით ვერ ხატავსო... ასე ყველას შეიძლება მოვუნახოთ რაღაც ნაკლი, მაგრამ რატომ ვეძებთ ამ ნაკლს? ვიკითხოთ: რაც დაწერა, ცუდია თუ კარგი? ეს არის ძალიან კარგი, ძალიან მისაღები და უსაყვარლესი ოპერა!“, - ამბობს რევაზ ტაკიძე, რომლის თქმითაც, „ქეთო და კოტეს“ არაფერი დაეწუნება როგორც მუსიკალური, ასევე სცენური თვალსაზრისით:

ვიქტორ დოლიძე

„მუსიკალურ-სცენიური სახეები მართლაც დაუვიწყარია, პირველიდან მესამე აქტის ჩათვლით ყველა სახე ვითარდება, ყველა პერსონაჟი გამახსოვრდებათ. კიდევ რა უნდა ჰქონდეს ოპერას? ერთი სიტყვით, ბევრ რამეში არ გაუმართლა ავტორს, მაგრამ, მეორე მხრივ, შექმნა ქართველებისთვის ასეთი უკვდავი ოპერა. კომიკური ოპერის ჟანრის ნაწარმოებები იშვიათობაა, ჩვენ კი გვაქვს ამ ჟანრის ნამდვილი მარგალიტი“.

და მართლაც, პრემიერიდან 100 წლის თავზე ისეთივე ცოცხალია „ქეთო და კოტე“, როგორიც პირველი დადგმის დროს იყო; ისეთივე დიდი მოთხოვნილებაა მასზე, როგორიც იყო 1919 წლის 11 დეკემბერს.

„მეტი რაღა უნდა ინატროს ავტორმა?“, - კითხულობს რევაზ ტაკიძე, რომელიც 2019 წლის 30 ნოემბერს, სპექტაკლის ასი წლის იუბილეზე, კიდევ ერთხელ უდირიჟორებს ვიქტორ დოლიძის უკვდავ „ქეთო და კოტეს“.