„ვფიქრობთ, ამ ეტაპზეც არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს"

ქეთი ჩუთლაშვილი, EMC-ს წარმომადგენელი, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი

25 ივლისს, შუადღისას სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს მალხაზ მაჩალიკაშვილს, იმ მოტივით, რომ თბილისის მერია გეგმავდა პარლამენტის წინ ფილების გამოცვლას. ხუთშაბათსვე, საღამოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარავი ააწყვეს და დადგეს, რაშიც მათთვის სამართალდამცავებს ხელი აღარ შეუშლიათ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) თვლის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის დადგმის უალტერნატივო აკრძალვა შეკრების თავისუფლების ხელყოფაა. ორგანიზაციის განცხადებაში განმარტებულია:

„”შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას”.

EMC ამ დრომდე ელოდება წერილობით პასუხს მერიისგან - მართლა აპირებს თუ არა ეს უწყება პარლამენტის წინ ფილების საფარის შეცვლას და რატომ იქნებოდა პრობლემური კარვის განთავსება. EMC-ს მეორე მიმართვა ეკუთვნის შსს-ს, რომლისგანაც მოითხოვს კარვის განთავსებისთვის ხელის შეშლის სამართლებრივი საფუძვლის განმარტებას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახი დღემდე ელოდებიან პასუხს სახელმწიფოსგან თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამო. ერთი მხრივ მიმდინარეობს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედაც კი:

„ყველა რელევანტური საგამოძიებო მოქმედება, რასაც კი შეეძლო საქმეზე სამართლებრივი შედეგის გავლენა მოეხდინა, უკვე ჩატარებულია და მართლა გაუგებარია ჩვენთვის კიდევ რა ტიპის საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩაატაროს პროკურატურამ იმისთვის, რომ უზრუნველყოს საქმეზე სამართლებრივი შედეგის დადგომა“.

მეორე მხრივ - სახელმწიფო იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მონაწილეობას ტერორიზმის მხარდაჭერაში. სწორედ ტერორიზმის მხარდამჭერად მოიხსენია ის სუს-მა 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. პროცესუალური სტატუსი ამ საქმეში თემირლან მაჩალიკაშვილს არ გააჩნია:

„ამის მიუხედავად სუს-ის აგრძელებს გამოძიებას და იმ ნაწილშიც არ უზრუნველყოფენ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას, რომ, ვთქვათ, შეწყვიტონ თემირლანის მიმართ გამოძიების წარმოება“.

მესამე საქმე აღძრულია სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და ეხება ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარას. რამდენიმე თვის წინ ის და მასთან ახლოს მყოფი ადამიანები არაერთხელ იმყოფებოდნენ დაკითხვაზე:

„იმ საქმეშიც, მიუხედავად იმისა, რომ სუს-მა განაცხადა, რომ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი გეგმავდა ტერორისტული აქტის განხორციელებას, ბატონ მალხაზს რაიმე პროცესუალური სტატუსი არ გააჩნია - ვგულისხმობ ბრალდებულის სტატუსს. მას მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს და ვიცით მხოლოდ ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს“.

ქეთი ჩუთლაშვილი თვლის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი „არის სახელმწიფოს მხრიდან არაღიარების და გარიყულობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი“.

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დაცვის მხარემ მიმართა თითქმის ორი თვის წინ მიმართა ევროსასამართლოს:

„რამდენიმე მუხლის დარღვევაზე ვდაობთ ამ განაცხადში. მათ შორის არის სიცოცხლის უფლება, ბატონი მალხაზისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი დამამცირებელი არაადამიანური მოპყრობა. ყველა ის დარღვევა, რაც ფიქსირდება ამ სისხლის სამართლის საქმეში და ზოგადად როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა სახელმწიფოს ბატონი მალხაზის მიმართ (მის მიმართ დაწყებული გამოძიება, კონტროლის და თვალთვალის არაერთი შემთხვევა), ეს ყველაფერი აღვწერეთ დოკუმენტურად და გავუგზავნეთ ევროსასამართლოს. ველოდებით პროცედურების დაწყებას. ვფიქრობთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა უფლებების დაცვისთვის“.

ადვოკატი თვლის, რომ გამოძიება უკვე არაეფექტიანია და არც არსებობს მოლოდინი, რომ ამ გამოძიების პირობებში რაიმე სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლაც, ამ ეტაპზეც არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს და იცით, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდდამხლოდ სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. მნიშვნელოვანია ასევე იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რომლებმაც დაგეგმეს სპეცოპერაცია და პასუხისმგებელნი იყვნენ, მათ შორის, რისკების მინიმალიზებაზე და ფაქტია, რომ ეს ვერ მოხერხდა“.

ასეთ დასკვნას ქეთი ჩუთლაშვილი აკეთებს გამოძიების იმ მასალებზე დაყრდნობით, რომელთა გაცნობის შესაძლებლობაც მას მიეცა. საგულისხმოა, რომ მას არ ეძლევა ადგილზე მყოფი სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობის საშუალება, რადგან მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოდ არის მიჩნეული. ამ მონაცემების დაფარვით ჩვენებების გაცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დასასრულ: მალხაზ მაჩალიკაშვილმა 20-21 ივნისის ღამით თავის არეში მიიღო დაზიანება, რის თაობაზეც EMC-მ მიმართა პროკურატურას, თუმცა, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სამართალდამცავი უწყებისგან გამოხმაურება ჯერჯერობით არ ყოფილა.

Your browser doesn’t support HTML5

ქეთი ჩუთლაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებზე