"თუ სახელმწიფო არ დაასაბუთებს და არ წარმოადგენს ყველა დოკუმენტს, რაც მის ხელშია, ეს მის საწინააღმდეგოდ განიმარტება"

თამარ სამხარაძე და ქეთი ჩუთლაშვილი, EMC-ს იურისტები

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც, ოფიციალური წერილი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 27 სექტემბერს მიიღო.

ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმდინარე წლის 6 ივნისს წარადგინეს. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

EMC წერს, რომ „ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო, რაც, მათ შორის, ამ საქმეზე უფლების დარღვევის სიმძიმეს და კონვენციისთვის სიცოცხლის უფლების დაცვის მაღალ ხარისხსა და მნიშვნელობას უკავშირდება“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, თამარ სამხარაძე რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს ამ ეტაპზე საქართველოს ვალდებულებებს:

„სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ ყველაფერი სრულად წარადგინოს, თუმცა, რასაკვირველია, ამის იძულების მექანიზმი არ არსებობს და თუ გადაწყვეტს, რომ არ წარადგინოს, ეს უბრალოდ ისევ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ განიმარტება, ვინაიდან სწორედ ეს სპეციფიკაა - როცა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ხდება სიცოცხლის მოსპობა, აქ უკვე მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის და შესაბამისად სტრასბურგის პრაქტიკაა, რომ, თუ სახელმწიფო არ დაასაბუთებს და არ წარმოადგენს ყველა დოკუმენტს, რაც მის ხელშია, ეს მის საწინააღმდეგოდ განიმარტება“.

თამარ სამხარაძე ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ პოტენციურად კიდევ ერთ საკითხს განიხილავს სტრასბურგამდე მისატანად:

„თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმპციის საკითხი და მაჩალიკაშვილების ოჯახის ღირსების დაცვა არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. დავა ამ კუთხითაც მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე და გვინდა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ეს საკითხიც დავაყენოთ მას შემდეგ, რაც ეროვნულ დონეზე ამოიწურება დავის რესურსი“.

EMC-ს სისხლის სამართლის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი შენიშნავს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის თავს დატრიალებული ამბის მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში განხილვა არასწორია:

„მაჩალიკაშვილების საქმეზე როცა ვლაპარაკობთ, ორი მხარეა მნიშვნელოვანი: ერთია მისი სამართლებრივი მხარე და მეორე - მისი სოციალური მხარე, რადგან, სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუციები არა მხოლოდ სამართლებრივად ცდილობენ, რომ საქმე დააზიანონ და პროცესი არ წარიმართოს კანონის შესაბამისად, არამედ სოციალური კუთხითაც ცდილობენ მაჩალიკაშვილის ოჯახის დეჰუმანიზება მოახდინონ და მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა შეამცირონ“.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას, ადვოკატებს არ აქვთ წვდომა მნიშვნელოვან მასალებზე. ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს:

„მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ იგივე სპეცოპერაციის ჩატარების გეგმა, დოკუმენტები, ასევე სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის ჩვენება. ამ დოკუმენტებზე არანაირი წვდომა არ გვქონია, არაერთი მოთხოვნის დაყენებისა და სასამართლოსთვის მიმართვის მიუხედავად, არ მოუწოდებიათ და დღემდე არ ვიცით, რა სახის ინფორმაცია მიაწოდა სროლის განმახორციელებელმა სპეცრაზმელმა გამოძიებას“.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. მისი ადვოკატი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ თითქმის ორწლიანი საგამოძიებო პროცესის მიუხედავად, რაიმე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა:

„მიუხედავად იმისა, რომ აპრილში გაავრცელა გენერალურმა პროკურატურამ განცხადება, რომ ორი თვის ვადაში დაიდებოდა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რამდენიმე თვე გავიდა და პროკურატურას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. დამატებითაც მივმართეთ, რომ მათივე დათქმით, ორთვიან ვადაში უნდა მიღებულიყო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, თუმცა პასუხად კვლავ მივიღეთ, რომ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე ყველა რელევანტური საგამოძიებო მოქმედება, რასაც შეეძლო რაიმე სამართლებრივი შედეგი დაეყენებინა, უკვე ჩატარებულია“.

ადვოკატი თვლის, რომ გამოძიება ჭიანურდება და რეალურად ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება საჭირო აღარ არის. არაეფექტიანი გამოძიება კი არის ერთ-ერთი საფუძველი, რითაც მოქალაქეს შეუძლია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართოს ევროსასამართლოს.

ქეთი ჩუთლაშვილი „დილის საუბრებში“ ყვება ერთი მხრივ მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და მეორე მხრივ მის ძმისშვილ მორის მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზეც. პირველი ეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებულ განცხადებას, მეორე კი 20-21 ივნისის მოვლენებს. ადვოკატი ამბობს, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ ბრალდებას და მის პატიმრობას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. იმ ვიდეო-ჩანაწერის გარდა, რომელიც ხელისუფლებამ გაავრცელა და მორის მაჩალიკაშვილის რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას არ ასახავს, არის მინიშნება ჩვენებებზე:

„პროკურატურა აპელირებს, რომ საქმეში არის უამრავი მოწმის ჩვენება. ისინი არიან პოლიციის თანამშრომლები და არც ერთი მათგანის ჩვენება არ შეიცავს მორის მაჩალიკაშვილზე რაიმე ინფორმაციას, მით უმეტეს მის მიერ რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე. არც კი ახსენებენ მორის მაჩალიკაშვილს“.

Your browser doesn’t support HTML5

ქეთი ჩუთლაშვილი და თამარ სამხარაძე თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე