"ფიზიკურად არ გვაქვს დადასტურებული მედიკამენტი"

Your browser doesn’t support HTML5

იერუსალიმის ჰადასას სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-ინტენსივისტის, ქეთი ბურდულაძის თქმით, იმის გამო, რომ, თავად დაავადების მკურნალობისა თუ პროფილაქტიკის საშუალებები კვლავაც დაუდგენელია, სამედიცინო პერსონალი რთულ ვითარებაში აგრძელებს მუშაობას:

იერუსალიმის ჰადასას სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-ინტენსივისტი, ქეთი ბურდულაძე „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ორი თვის წინ, როცა ისრაელშიც და საქართველოშიც მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. მას შემდეგ შეიცვალა ვირუსის გავრცელების დინამიკა, თუმცა, ქეთი ბურდულაძის თქმით, იმის გამო, რომ, თავად დაავადების მკურნალობისა თუ პროფილაქტიკის საშუალებები კვლავაც დაუდგენელია, სამედიცინო პერსონალი რთულ ვითარებაში აგრძელებს მუშაობას:

„ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში სამედიცინო პერსონალს აშინებს ეს უსუსურობის შეგრძნება, რომ ფიზიკურად არ გვაქვს დადასტურებული მედიკამენტი.

იცით, რომ, რა მედიკამენტებიც გამოიყენებოდა, ყველა დადგა, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ და ჯერჯერობით არ ჩანს ალტერნატივა, რომელსაც მეტი სარწმუნოობა ექნება“.

დღეს უამრავი ადამიანია ჩართული კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანების მკურნალობის მეთოდებზე დისკუსიაში, რომელიც კარგა ხანია გასცდა სამედიცინო წრეს. ქეთი ბურდულაძე ამბობს:

„ზოგადად, მედიცინაში ყველა დაავადების მართვაზე ერთსულოვნება მსოფლიოს მასშტაბით არ არის. შესაბამისად, ეს სიტუაცია, რომ ხან FDA-ს ვაქცევთ მეტ ყურადღებას, ხან ჯანმოს, ხან რეიტინგულ სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის ყოველდღიური ტურინა.

ისეთ კარგად შესწავლილ დაავადებებსაც კი, როგორიც არის ლეიკემია, სხვადასხვა ქვეყანა მკურნალობს სხვადასხვა პრინციპით.

ეს თემა ახლა გახდა არასამედიცინო საზოგადოებისთვის ყურადღებამისაქცევი, თორემ ის, რომ ერთი კვლევა ამბობს ერთს, მეორე ამტკიცებს საწინააღმდეგოს, ეს სამედიცინო პერსონალისთვის გასაკვირი არ არის. ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, ასეთ დაძაბულ სიტუაციაში, როცა ასე გვჭირდება მედიკამენტი, ამდენი იმედგაცრუება წამლებზე, რომლებზეც რაღაც შეხედულებები გვქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არის მტკივნეული.

ახლა ამ პანდემიის გამო ყველაფერი იმდენად აჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომ თავისთავად სანდოობაც არის ნაკლები.

იგივე შემიძლია გითხრათ „პლაქვენილთან“ მიმართებით. არ ვიცი სხვა ქვეყნების პროტოკოლი კონკრეტულად, მაგრამ ისრაელი ნამდვილად არის ქვეყანა, რომელიც პროტოკოლში იყენებს „პლაქვენილს“, როგორც პირველი რიგის პრეპარატს. ყველა სხვა დანარჩენი მედიკამენტი არის უფრო კვლევის სახით ჩართული და „პლაქვენილი“ არის არჩევის პრეპარატი, ანუ „რემდესივირზე“ თუ ვეკითხებით პაციენტს - სურს თუ არა კვლევაში ჩართვა, „ტოცილიზუმაბზე“ და სხვა პრეპარატზე, რადგან ეს არის საკვლევი მასალა, „პლაქვენილზე“ ნებართვას არ ვიღებთ და „პლაქვენილი“ „აზიტრომიცინთან“ ერთად არის პროტოკოლის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა კვლევამ „პლაქვენილის“ ეფექტიანობა დაააყენა ეჭვქვეშ, უკეთესი მედიკამენტი დღეს არ გვაქვს. ამიტომ, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იმ გვერდით ეფექტს, რაც შეიძლება „პლაქვენილმა“ გამოიწვიოს არითმიების სახით და დღემდე ვიყენებთ ამ მედიკამენტს, მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი არ გვაქვს.

ლაპარაკია მხოლოდ მძიმე პაციენტებზე. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები „პლაქვენილს“ არ იღებენ.

კვლევები, რაც გამოქვეყნდა „პლაქვენილის“ არაეფექტიანობასთან და გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით, არ აღმოჩნდა ისრაელისთვის საკმარისი, რომ „პლაქვენილზე“ გადაედგა ნაბიჯი უკან, რადგან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაქვს სხვა მედიკამენტი, რომელიც იქნება უფრო ეფექტიანი, თორემ ერთ დღესაც „პლაქვენილი“ საერთოდ გაქრება კორონავირუსის მკურნალობის კონტექსტიდან.

ყველა პაციენტის გამოცდილება აღიწერება. „პლაქვენილთან“ დაკავშირებით, განსაკუთრებით „აზიტრომიცინთან“ კომბინაციაში, ძირითადი არის გულისმიერი გართულებები, შესაბამისად, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლი, რის მიხედვითაც კონტროლდება ელექტროლიტების რაოდენობა უფრო მკაცრად, კარდიოლოგის მეთვალყურეობაა უფრო გაძლიერებული, კარდიოგრამა კეთდება უფრო ხშირად - ესაა კონტროლის მარტივი მაგალითები, რითიც მაქსიმალურად მცირდება გვერდითი ეფექტები.

ყველა თანხმდება, რომ გვერდითი ეფექტები არის მნიშვნელოვანი. „პლაქვენილი“ საბოლოო გამოსავალზე მაინცდამაინც დიდ გავლენას შეიძლება არ ახდენდეს, მაგრამ იმ პრინციპით, რომ რაღაც უნდა იყოს, ჯერჯერობით არის ეს მედიკამენტი“.

იმ ფონზე, როცა კორონავირუსისგან დაცვის ხერხებად ადამიანებს მთელ მსოფლიოში სთავაზობენ ნიღბის ტარებას, ფიზიკურ დისტანცირებას, ხელების სისუფთავის დაცვას, ზოგიერთი ცდილობს საკუთარი ინიციატივით, ამა თუ იმ მედიკამენტის გამოყენებით იზრუნოს იმუნიტეტის გაძლიერებასა თუ ვირუსისგან დაცვაზე. ქეთი ბურდულაძე „დილის საუბრებში“ განმარტავს:

„არ არის რეკომენდებული არანაირი მედიკამენტის მიღება კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ. ასევე არ არის რეკომენდებული მსუბუქი პაციენტების მკურნალობა. მსუბუქი არის პაციენტი, რომელსაც აქვს მარტო სიცხე, ან აქვს რესპირატორული სიმპტომები (მარტო სურდო) - პაციენტი, რომელსაც აქვს გამოხატული სიმპტომები, რომლებიც არ უქმნის სასიცოცხლო სისტემების ფუნქციონირებას საფრთხეს. ანუ, მსუბუქ პაციენტებში, ვისაც აქვს მაღალი სიცხე, შეიძლება მივცეთ სიცხის დამწევი, კუნთების ტკივილზე - ტკივილგამაყუჩებელი, მაგრამ სპეციფიკური მკურნალობა კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ პაციენტებში არ არის.

ასევეა საშუალო სიმძიმის პაციენტებში. საშუალო სიმძიმისაა პაციენტი, რომელსაც სიმპტომი უქმნის უკვე დისკომფორტს, მაგალითად, სუნთქვის უკმარისობას. ასეთი პაციენტი მიმართავს ექიმს და განისაზღვრება სჭირდება თუ არა მას ჟანგბადის მიწოდება. მსოფლიოში ძალიან ბევრი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტია ისეთი, რომელიც მკურნალობას საერთოდ არ საჭიროებს. თუ განვითარდება პნევმონია, რომელიც გადადის სუნთქვის უკმარისობაში და მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ისუნთქოს და უარეს შემთხვევაში სჭირდება ხელოვნური ვენტილაცია, მაშინ ვიწყებთ ფიქრს რა სტანდარტით ვუმკურნალოთ და რა პრეპარატი მივცეთ პაციენტს. არც ერთი ამ პრეპარატის ეფექტიანობა საბოლოოდ დადასტურებული არ არის“.

კორონავირუსის გავრცელების დაწყებისთანავე, სტანდარტულად მიიჩნევა, რომ უფრო მალე გამოჩნდებოდა ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი მედიკამენტი, ვიდრე ვაქცინა. მიმდინარე გამოკვლევების შედეგები „დილის საუბრების“ სტუმარს აფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ ვაქცინა დაასწრებს მედიკამენტს:

„მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, ვაქცინის ადრე გამოჩენა უფრო სავარაუდოა, ვიდრე კოვიდის საწინააღმდეგო ეფექტიანი მედიკამენტის. რა თქმა უნდა, ვაქცინის შექმნას სჭირდება ძალიან ბევრი ეტაპი, რომ მისი უსაფრთხოება დადასტურდეს, თუმცა არის ბევრი მომენტი ისეთივე, როგორიც „პლაქვენილთან“ მიმართებით იყო. „პლაქვენილზე“ ნებართვა არ გაუცია FDA-ს, არ უღიარებია ეფექტიან საშუალებად კორონავირუსის წინააღმეგ. მან გასცა ნებართვა, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყოფილიყო „პლაქვენილი“ გამოყენებული, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იყო უკეთესი მედიკამენტი. ამ ფორსმაჟორის პრონციპის გათვალისწინებით შეიძლება შემცირდეს ვაქცინის გამოცდის ვადები. ანუ, თუ პირობითად, საჭირო არის 10 ათას ადამიანზე დადებითი შედეგი, ასეთ სიტუაციაში შეიძლება ათასი ადამიანის მონაცემი შევაჯეროთ. ანუ, ეს განისაზღვრება იმით, რამდენად ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

ვაქცინის შექმნის მხრივ ძალიან ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს. კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით.

პრობლემა იქნება ვაქცინის ხელმისაწვდომობა. როგორი ფანტასტიკურიც უნდა იყოს, მის წარმოებას სჭირდება დიდი რესურსი. ამიტომ, ვაქცინამდე ჯობია ისევ თავდაცვის საშუალებებზე გავაკეთოთ აქცენტი“.

მკაცრი შეზღუდვების შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის გახსნა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცავს რისკებს, თუმცა, ეკონომიკის ხანგრძლივად გაჩერებას თავისი სერიოზული რისკები ახლავს. ქეთი ბურდულაძე ისრაელის გამოცდილებას გვიზიარებს:

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში ყოველთვის იყო უკეთესი, ვიდრე ისრაელში, მაგრამ პროცესები მეტნაკლებად იყო ზუსტად ერთი და იგივე. ჩვენც გავიარეთ მძიმე კარანტინი. არ ყოფილა კომენდანტის საათი, მაგრამ ისეთი კონტროლი იყო, რომ განსაკუთრებული მიზეზის და საშვის გარეშე გადაადგილება არ შეიძლებოდა. ამან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ყოველდღიური ახალი შემთხვევების შემცირებაში.

ასე დიდხანს, რა თქმა უნდა, ვერ გაგრძელდებოდა და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტნაკლებად კონტროლს დაექვემდებარა, როგორც საქართველოში, აქაც დაიწყო ეტაპობრივად ყველაფრის გახსნა.

საქართველოსგან განსხვავებით, აქ სრულად აღდგა სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებში, უნივერსიტეტებსა და სკოლებში, თუმცა ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი სკოლა და უნივერსიტეტი ისევ დაიხურა, რადგან ჩამოყალიბდა მათთან დაკავშირებული კლასტერები. საბავშვო ბაღები ნაკლებად, რადგან იქ ისეთი რეგულაციებია, ბავშვების და აღმზრდებელის გარდა, არავის უშვებენ.

მაგალითად, რეჰავიას გიმნაზიაში რამდენიმე დღეში დაფიქსირდა 130 შემთხვევა. ესენი იყვნენ მოსწავლეებიც და პედაგოგებიც და ეს გიმზანია დაიხურა.

არ არის აღდგენილი სარკინიგზო მიმოსვლა ქალაქებს შორის, რაც აქ ძალიან მნიშვნელოვანი გადაადგილების საშუალებაა.

დღეიდან უნდა გახსნილიყო, მაგრამ ახალი შემთხვევების მატების გამო, გადაიდო.

მკაცრი რეგულაციების შემცირება აუცილებლად აისახება ახალი შემთხვევების ზრდაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს კონტროლირებადი და დამოკიდებულია რაოდენობაზე, რომელიც შესაბამისობაშია სამედიცინო რესურსთან. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, საზოგადოება რამდენად დავიცავთ წესებს.

ეკონომიკის გახსნის დასაწყისში გაგვაფრთხილეს, რომ თუ იქნებოდა დღეღამეში 100 შემთხვევაზე მეტი, მოგვიწევდა ისევ შეზღუდვების დაწესება, თუმცა, იმდენად საშიშია და საფრთხილო შეზღუდვების დაბრუნება ეკონომიკის თვალსაზრისით, რომ „ვაპატიეთ“ თავს ის, რომ ასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად და შეზღუდვების ეტაპს არ ვუბრუნდებით. ლოკალურად იხურება ის სასწავლო დაწესებულებები, ის სუპერმარკეტები, რომლებიც გადაიქცა გავრცელების კერებად.

რეგულაციები ნიღბის ტარებაზე, ჰიგიენაზე, დისტანცირებაზე რჩება, მაგრამ ეს არის ძალიან რთული. ეს არის გამოწვევა, ყველას ავუხსნათ რეგულაციების დაცვის მნიშვნელობა“.

ტურიზმი და განსაკუთრებით, სხვა ქვეყნებთან ტურისტული კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო როგორც რისკების, ისე ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით:

„ვფიქრობ, ეს შეზღუდვები ნელ-ნელა უნდა მოიხსნას. ეს ეხება ღამის კლუბებსაც, რესტორნებსაც, ტურიზმსაც, ოღონდ უნდა ვისწავლოთ როგორ გავაკეთოთ ეს უსაფრთხოდ. ისრაელსა და საქართველოს შორის ინტენსიური მოლაპარკებები მიმდინარეობს და ვისაც შევხვდი ამ ერთი თვის განმავლობაში, აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ, თუ ექნებათ საშუალება აიღონ ზაფხულის შვებულება და ქვეყნიდან გავიდნენ, საქართველო არის ერთ-ერთი კი არა და მგონი, ერთადერთი პრიორიტეტული მიმართულება. უმრავლესობას ჩემოდნებიც კი აქვს ჩალაგებული, რომ წავიდნენ საქართველოში დასასვენებლად. მიმდინარეობს მოლაპარაკებები - რა რეგულაციები იქნება ტურიზმში.

აქ ძალიან დიდი უკმაყოფილებაა აეროპორტის მხრიდან. რა მოთხოვნებიც წაუყენეს ბენ-გურიონის აეროპორტს, რის შესრულების შემდეგაც უნდა დაეწყო ფუნქციონირება, ყველაფერი შეასრულეს პირნათლად, მაგრამ მაინც არ მისცეს ფრენების განხორციელების საშუალება. მიზეზად დასახელდა ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან წუხს მომატებულ ახალ შემთხვევებზე. ასს აღემატება ბოლო რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევები.

უკვე იმდენი დრო გავიდა, რაც არ უფრენიათ, რომ მათი დისკვალიფიკაციის საკითხი დგება. ამის აღდგენას კიდევ დრო დასჭირდება“.

ზუსტად არავინ იცის იქნება თუ არა კორონავირუსის მასშტაბური აღმასვლის მეორე ტალღა, ან როგორი იქნება ის:

„საშიში მეორე ტალღაში არის ის, რომ მანამდე ვერ მოესწრება ვაქცინის შექმნა. მეორე ტალღამდე არის დრო, რომელიც უნდა გამოვიყენოთ სწორად. ყველა თანხმდება, რომ ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს უფრო მეტად მომზადებული, ვიდრე პირველ ტალღას შევხვდით. მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ უფრო სერიოზულად.

თუ გვქონდა 6 კლინიკა, ახლა ყველა კლინიკა უნდა იყოს მომზადებული მეორე ტალღისთვის, რადგან ისევ არ გვაქვს ვაქცინა, ეფექტიანი მედიკამენტი. პირველი ტალღიდან დღემდე იმდენი დრო გავიდა, ეს დრო უნდა გამოვიყენოთ პერსონალის მომზადებაში. შეიძლება მეორე ტალღა იყოს უარესი.

საზოგადოების ჩართულობის გარეშე შედეგების მიღწევა არ ხდება“.

საზოგადოებას კი შეუძლია შეასრულოს ან არ შეასრულოს დაწესებული რეგულაციები:

„მთავარია, ჩვენი ინტერპრეტაცია არ გავაკეთოთ რეგულაციების და მივიღოთ ის, რასაც გვეუბნება NCDC, რასაც გვეუბნებიან: ბატონი გამყრელიძე, ბატონი იმნაძე, ქალბატონი ზახაშვილი. ყველა ეს რეგულაცია უნდა დავნერგოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ორი ადამიანის მიერ ნიღბის გამოყენება 95%-ით ამცირებს ინფიცირების შესაძლებლობას. მგონი, საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და გავიკეთოთ ნიღაბი“.