„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ მიმართავენ მთავრობას, რომ მან აღმოფხვრას სოციალური მუშაკების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამოწვევები და უზრუნველყოს სამსახურებრივი საჭიროებისათვის მათი უსაფრთხო გადაადგილება. ერთობლივ განცხადებაში წაიკითხავთ:
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრანსპორტირების საკითხი, რომელიც დიდი ხანია სოციალური მუშაკების გამოწვევაა და საჯარო ტრანსპორტის აკრძალვასთან ერთად, კიდევ უფრო გამწვავდა. დღეს, სოციალურ მუშაკებს ბენეფიციართან გადაუდებელი ვიზიტის საჭიროებისას საკუთარი ხარჯებით უწევთ ტაქსით გადაადგილება“.
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ქეთევან ხუციშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მიმდინარე კრიზისული პერიოდი განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა COVID-19-ის გავრცელების გამო შეზღუდვების დაწესებამდეც მძიმე იყო:
„თავად სოციალური მუშაობისთვის ასეთი კრიზისული პერიოდი არის გამოწვევა მთელ მსოფლიოში, რადგან გვჭირდება ახალი სამოქმედო სქემები, რომლებიც აქამდე არ გვქონია, მაგალითად: როგორ ვრეაგირებთ, როგორ ვმუშაობთ მაშინ, როცა ადამიანებთან ვერ ვამყარებთ პირისპირ კონტაქტს გარკვეული შეზღუდვების გამო, ჩვენი და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ჯერჯერობით ცოტა ბუდნოვან მდგომარეობაში ვიმყოფებით სოციალური მუშაკები, რადგან ფიზიკური ინტერაქცია იყო ჩვენი ერთ-ერთი იარაღი და როცა ვამბობდით, რომ წინა ხაზზე ვართ, პირველები ვართ, ვგულისხმობდით იმას, რომ ფიზიკურადაც წინა ხაზზე ვიდექით.
აბსოლუტურად ვაცნობიერებთ ფიზიკური კომუნიკაციის შეზღუდვის საჭიროებას როგორც ჩვენი, ისე ჩვენი ბენეფიციარების უსაფრთხოებისთვის. თუმცა, შეზღუდვაში არ იგულისხმება მხოლოდ ბენეფიციარებთან ფიზიკური კომუნიკაციის შეუძლებლობა, არამედ უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე, მუშაობა შეწყვიტა ძალიან ბევრმა სოციალურმა პროგრამამ: გაჩერდა დღის ცენტრები, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვები იყვნენ დღის მანძილზე და სადაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ატარებდნენ დროის უმეტეს ნაწილს, იკვებებოდნენ, სადაც შშმ პირები გადიოდნენ ერთგვარ რეაბილიტაციას და ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო პროგრამაც ამასთან ერთად გაჩერდა“.
ქეთევან ხუციშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ კრიზისის პერიოდში გამოწვევების გარდა, გასათვალისწინებელია პოსტკრიზისული პერიოდის სირთულეები, რაც გარდაუვალი იქნება:
“ჯერჯერობით სტატისტიკურად არ არის დათვლილი, არის თუ არა მომატებული ძალადობის შემთხვევები, არის თუ არა გაზრდილი სხვადასხვა რისკი, მაგრამ ძალიან ადვილად სავარაუდოა, რომ კრიზისის ყველაზე ცხელი პერიოდის გადავლასთან ერთად სოციალური მუშაკების დატვირთვა არა თუ გაორმაგდება, გასამმაგდება და გაოთხმაგდება კიდეც, რადგან ეკონომიკური ფაქტორები უკვე მძიმდება და კიდევ დამძიმდება, რაც იმ ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე მძიმე გავლენას ახდენს, ვისაც ისედაც მოწყვლადი მდგომარეობა ჰქონდა“.
ახალი კორონავირუსის გავრცელების კვალობაზე დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული სირთულეები აისახა იმ სოციალურ მუშაკებზე, რომლებსაც ამ პერიოდშიც უწევთ ბენეფიციარებისთვის დახმარების გაწევა:
„არის რიგი სამსახურები, სადაც დასაქმებული სოციალური მუშაკების მუშაობის გაჩერება არის შეუძლებელი მათი პროფესიული მანდატიდან და მოვალეობებიდან გამომდინარე - მაგალითად, მეურვეობისა და მზრუნველობის სოციალური მუშაკები, რომლებიც ბავშვთა კეთილდღეობაზე არიან პასუხისმგებლები. ასეთ სამსახურებშიც არის გარკვეული შეზღუდვები: შეიქმნა სამორიგეო სქემა, რომ ბევრმა თანამშრომელმა არ იაროს სამსახურში, მიეცათ დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია, მაგრამ ამ სამსახურის სოციალური მუშაკები ვერ გაჩერდებიან. მათ უწევთ სამსახურში სიარული და გადაუდებელ შემთხვევებში, როცა: ან ბავშვის ოჯახისგან განცალკევების რისკი დგება, ან ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი, ან ბავშვი უმეთვალყურეოდ არის კლინიკაში და ა.შ., სადაც აუცილებელი ხდება სოციალური მუშაკის ჩართვა. ასეთი შემთხვევებისთვისსოციალური მუშაკები არიან მობილიზებულები მთელი საქართველოს მასშტაბით. ისეთ რაიონში, სადაც ერთი ან ორი სოციალური მუშაკი იყო, ისინი, რასაკვირველია, ვერანაირ სამორიგეო სქემაში ვერ ჯდებიან და ყოველდღიურად დადიან სამსახურში.
გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩვენი გაერთიანების წევრებს გვქონდა კომუნიკაცია სოციალურ მუშაკებთან და ასეთი რამაც ითქვა, რომ მოდით, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ტექნიკურ საკითხებზე ნუ ვილაპარაკებთ: მოვითმენთ, ჩვენით გადავიხდით, ჩვენით გავუმკლავდებით, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სწორი და რატომ: ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ეპიდემიაა, არ ნიშნავს, რომ მდგომარეობებზე თვალი უნდა დავხუჭოთ და ადამიანი, რომელსაც წინა ხაზზე ვუშვებთ, გვყავდეს ტრანსპორტირების გარეშე“.
დღეს მომუშავე სოციალური მუშაკების უმრავლესობისთვის სამსახურში სიარულისა და ბენეფიციართან მისვლის ხარჯებს თავად ფარავს:
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია და იმისთვის, რომ ადამიანი გადაადგილდეს სამსახურში, მას სჭირდება ჰქონდეს კერძო ტრანსპორტი ან ტაქსით მომსახურება.
სოციალური მუშაკების მიმართ, ვგულისხმობ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მუშაკებს, არაერთგვაროვანი მიდგომაა, რადგან ზოგიერთ რაიონში დამსაქმებელმა უზრუნველყო ტაქსის კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ უმეტესად სოციალურ მუშაკებს, იმისთვის, რომ მართლაც ფასდაუდებელი და მყისიერი დახმარება მიაწოდონ ადამიანებს, ბავშვებს, უწევთ თავისი ფულით გამოცხადდნენ სამსახურში, თავისი სახსრებით დაბრუნდნენ უკან.
ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც მოცდა და რომლის გადადებაც ღირს. ის კრიზისში წარმოიშვა და კრიზისშივე უნდა მოგვარდეს. ამ პრობლემაზე ადრეც ვამბობდით. იგივეა სასწრაფო დახმარება გყავდეს, რომელსაც არ ექნება საწვავი, არ ექნება ბორბლები, არ ეყოლება მძღოლი“.
Your browser doesn’t support HTML5