"რადგან არ არის დიაგნოზი, არ მიდის რელევანტური მკურნალობა და ბავშვის მდგომარეობა უარესდება"

ქეთევან ქოჩაშვილი

„მეტყველებს ნაკვთებით - თვალებით და მიმიკით. გამოხატავს ბრაზს, სიხარულს, წყენას. რა თქმა უნდა, ძალიან სევდიანია იმიტომ, რომ სტრესულ მდგომარეობაშია, დეპრესიაშია. მაგრამ, უყვარს მუსიკა. მუსიკალური გემოვნებაც კი აქვს ჩამოყალიბებული, შეიძლება ითქვას. უყურებს პლანშეტს. უყვარს წიგნი საოცრად. ითხოვს თვითონ - ერთს რომ დავათავრებთ, მეორეს წაკითხვას მთხოვს.

მას უნდა გარეთ, ჰაერზე, მზეზე. ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება გარე სამყაროსთან არის ფანჯარა, რომელსაც ვაღებთ და ვახედებთ გარეთ“,

ყვება ქეთევან ქოჩაშვილი, 3 წლის ელისაბედის (ლიზას) დედა.

ელისაბედი 10 თვის ასაკიდან ინტენსიურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. იმყოფებოდა არაერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში. ახლა თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ქეთევან ქოჩაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მის შვილს დღემდე არ აქვს დიაგნოზი:

„განიცდის მძიმე ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. მისი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს წამებად. ბავშვი, რომელიც ცხოვრობს დედის გარეშე, ოჯახის გარეშე, მეგობრების გარეშე და მისი ნათელი გონება იტანს სამედიცინო მანიპულაციებით დატვირთულ დღეებს უკვე მესამე წელიწადია.

ბავშვს არ აქვს გამოკვეთილი დიაგნოზი. მუშა დიაგნოზს რომ ეძახიან სამედიცინო ენაზე, არ დადასტურდა უამრავი კვლევით არც საქართველოში და არც უცხოეთში. სამედიცინო კლინიკებიც არიან გაურკვეველ, დაბნეულ მდგომარეობაში.

რადგან არ არის დიაგნოზი, არ მიდის რელევანტური მკურნალობა და ბავშვის მდგომარეობა უარესდება.

მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა, რაც არ არის საკმარისი გამოჯანმრთელებისთვის“.

ელისაბედის დედა ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად თვლის შვილის სხვა კლინიკაში გადაყვანას:

„ერთადერთი გამოსავალი: იქნებ, ჯანდაცვის ახალი მესვეური შემხვდეს მე, დედას და მომისმინოს, ვინაიდან მე უკეთესად ვიცი რა გამოვიარე და რა არის ჩემი შვილისთვის საჭირო, რომ რაღაც მოიძებნოს - ჯერ მინიმალური და შემდეგ მაქსიმალურზე გათვლილი: შეიცვალოს პირველ რიგში კლინიკის სივრცე, სადაც იქნება ახალი გუნდი, ახალი შემართებით. შეიძლება დედასთან შვილის ურთიერთობისთვისაც მეტი დრო იყოს გამოყოფილი“.

ჯანდაცვის ვერც ყოფილ და ვერც ახლანდელ მინისტრთან შეხვედრა მან ვერ მოახერხა:

„“კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელმა, კახა წიქარიშვილმა შეიტანა განცხადება, რომ ერთად შევხვედროდით ახალ მინისტრს. უარი მივიღეთ იმ მიზეზით, რომ თითქოს„ევექსიც“ და სამინისტროც ელოდებიან გამოძიების ეტაპის დასრულებას.

გამოძიება არ არის ერთჯერადი აქტი და გარკვეულ პროცედურებს საჭიროებს: დასაკითხია უამრავი ექიმი, უამრავი ექსპერტიზაა ჩასატარებელი, უამრავი ანალიზია გასაშიფრი და ამიტომ ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება. ბავშვის მდგომარეობა უარესდება.

სიმპტომურმა მკურნალობამ, შეიძლება რაღაც დონეზე გაამართლა, მაგრამ ახლა უკუშედეგს ვიღებთ. ფსიქოლოგიურიც და ფიზიკური მონაცემებიც ამას აჩვენებს. მგონია, რომ პირველი გამოსავალი არის ქალბატონ ეკასთან [მინისტრთან] ჩემი შეხვედრის უზრუნველყოფა.

სამინისტროც შეიძლება დაგვეხმაროს კლინიკის შერჩევაში და ევროპული რეაბილიტაციისკენ ორიენტირიც გაგვისაზღვროს“.

გამოძიება კი დაიწყო ელისაბედის ფეხის მოტეხილობის ფაქტზე:

„მიმდინარეობს სამედიცინო შეცდომათა ჯაჭვზე საგამოძიებო პროცესი.

აღძრული იყო კონკრეტულად ფეხის მოტეხვის ფაქტზე, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო არასწორი მკურნალობით, დანარჩენ შედეგებს დადებს გამოძიება.

მაგრამ გამოძიებამ მისცა უკუძალა ამ პროცესს და დაიწყო ბავშვის მდგომარეობის შესწავლა დაბადებიდან - „ჩაჩავას კლინიკიდან“.

ქეთევან ქოჩაშვილი იხსენებს მოტეხილობასთან დაკავშირებულ ეპიზოდს:

„ერთ-ერთი მანიპულაცია იყო დაგეგმილი. შეიყვანეს ბავშვი. მანამდე ვატყობდი, წუხდა. განსაკუთრებით წუხდა იმ დღეებში. როცა მანიპულაცია დასრულდა და გავხადეთ ქვედატანი, ვნახეთ, რომ ფეხი იყო ტრანსფორმირებული, მობრუნებული ლამის 180 გრადუსით. დაისვა დიაგნოზი რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე, დაედო ბავშვს თაბაშირი და გაჩერდა მისი ტკივილი“.

3 წლის ელისაბედის რეანიმაციაში მომსახურების ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა, როგორც ქეთევან ქოჩაშვილი ამბობს, არის პარალელური სამედიცინო ანალიზების ხარჯები:

„კლინიკის მიღმა სწორი დიაგნოზისთვის, სწორი შედეგების დადგომისთვის გვესაჭიროება უამრავი ანალიზის ჩატარება. ეს ანალიზები ინახება კლინიკებშიც. ამას ვაკეთებ დამოუკიდებლად. არ დარჩა ევროპაში წამყვანი ქვეყანა, სადაც არ იყოს გაგზავნილი ბავშვის ანამნეზი. სამწუხაროდ, ისინი არ ენდობიან ქართული მედიცინის მიღწევებს და გვეუბნებიან, რომ ბავშვი ჩავიყვანოთ, თუმცა, ასეთი ბავშვის ტრანსპორტირება არის დაკავშირებული დიდ რისკთან და დიდ ფინანსებთან. თურქეთშიც ჩვენი ხარჯებით წავედით. იქაც არ დაისვა დიაგნოზი. არ ვიცი, რატომ და რისთვის?“.

დედის უმთავრესი მიზანი ახლა არის - ისეთ მდგომარეობამდე შეძლოს შვილის მიყვანა, რომ მას მოეხსნას სუნთქვის აპარატი და გამოვიდეს კლინიკიდან.

გარკვეული ხნის განმავლობაში მას ჰქონდა პრობლემა შვილის მონახულებისა და მასთან ხანგრძლივად ყოფნის. ცოტა ხნის წინ, უფლებადამცველების დახმარებით სამედიცინო კომპანიასთან კომუნიკაციის შედეგად მას შვილთან ყოფნის ნება დართეს:

„მუხტს რომ ვუტოვებ მას, ვიცი, რომ იმ დღეს უკეთესად იქნება“.

ქეთევან ქოჩაშვილი ლაპარაკობს ახლობლების, მეგობრებისა და საზოგადოების უშურველ დახმარებაზე, უდიდეს მადლიერებას გამოხატავს და შიშობს, რომ სათანადოდ ვერასდროს გადაიხდის ამ სიკეთეს.

„გადახდა“ ლიზას უკეთესად ყოფნა იქნება.

Your browser doesn’t support HTML5

ქეთევან ქოჩაშვილი 3 წლის ელისაბედის (ლიზა) მდგომარეობაზე