„თუ ეს ქვეყანა რამენაირად ვითარდება, თუ ამ ქვეყანაში რამე სახის პროგრესი ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის ბიზნესის, თავისუფალი ადამიანების, არასამთვრობო სექტორის და თავისუფალი მედიის ძალიან დიდი დამსახურება“, - აცხადებს რადიო თავისუფლების ეთერში ქეთევან კრიალაშვილი, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
„თუ ბიუჯეტი გვეზრდება, ეს არის ბიზნესის წვლილი; თუ ხელისუფლება ცდილობს ან ვაიძულებთ იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, ამის ორგანიზებას არასამთავრობო სექტორი ცდილობს და თუ ეს ყველა ქმედება და სიტყვა მიდის მოსახლეობამდე, ეს არის თავისუფალი მედიის დამსახურება.
სამწუხაროდ, მძლავრი ხელისუფლებები არ გვყოლია, სხვა შემთხვევაში, გაცილებით განვითარებული ქვეყანა ვიქნებოდით.
ამიტომ მოთხოვნაა, ხელისუფლებამ მოუსმინოს ბიზნესს, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ქმნის იმ ბიუჯეტს, რომლის გაფლანგვას არ აპატიებს არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას და იცით, ჩასაფრებულები ვართ და ვცდილობთ თითოეული თეთრი გამოვიტანოთ საჯაროდ. რაღაც პროცესებზე ეს ყოველთვის აისახება ხოლმე“.
„საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ არის ერთ-ერთი იმ ხუთ ბიზნესასოციაციას შორის, რომელმაც კოვიდპანდემიის პერიოდში მეორე განცხადებით მიმართა ხელისუფლებას და რამდენიმე საკითხზე ითხოვს პასუხსა და მოქმედებას. გთავაზობთ ამ ჩამონათვალს:
„1. ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ერთობლივი გეგმა ეროვნული ვალუტის გამყარების/დასტაბილურებისათვის, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესის მდგრად განვითარებაზე საუბარი;
2. „კოვიდ 19“-ის ფონდში აკუმულირებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობა და გამჭირვალობა - წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
3. ბიუჯეტისა და მთავრობის მიმართულებით მოპოვებული ზემოხსენებული 1,5 მლრდ აშშ დოლარის ოდებით დახმარების განაწილებისა და ხარჯვითი ნაწილის გამჭირვალობა;
4. სპეციალური ბიულეტენის გამოცემა, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ინფორმაცია კერძო სექტორისთვის დამატებით 1,5 მლრდ აშშ დოლარზე წვდომასა და გაწეულ დახმარებებთან დაკავშირებით.
ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის სამოქმედო გეგმის არსებობა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შემთხვევაში. ბიზნესისთვის მეტი პროგნოზირებულობისა და მომავალი შესაძლო ზარალის მინიმიზაციისთვის მთავრობას ვთავაზობთ:
იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის განმეორებითი დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყნაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნესასოციაციებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღის გავრცელების შემთხვევაში“.
განცხადებას ხელს აწერენ: „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“, „საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში“, „დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია“, „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“.
ქეთევან კრიალაშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში ლარის კურსის ცვლის დინამიკაზე განაცხადა:
„ვეთანხმები იმ ეკონომისტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ლარის გამყარების მიზეზი არის ლარზე მოთხოვნის შემცირება და მოსახლეობაში ნაკლები ლარის ქონა, ზოგადად, მოთხოვნაა შემცირებული ლარის გამოყენებაზე. ვზოგავთ თანხებს არაპროგნოზირებადი მომავლიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ მოსახლეობას შეგვიმცირდა შემოსავლები. ამას დაერთო ეკონომიკის გახსნაც.
არ მინდა ლართან დაკავშირებით ცუდი პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ამ არაპროგნოზირებად გარემოში ბიზნესის წუხილი ლართან მიმართებაში გამართლებულია და ბიზნესის მოთხოვნაა ხელისუფლბისადმი, რომ მას და ეროვნულ ბანკს ჰქონდეთ ბიზნესთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა, შემუშავებული სცენარებიდან გამომდინარე და არსებობდეს ეს სცენარები, რომლებშიც განისაზღვრება, თითოეულის შემთხვევაში ხელისუფლება და ეროვნული ბანკი როგორ იმოქმედებს, რომ გარკვეულწილად შენარჩუნდეს ის კურსი, რომლითაც შეუძლია ბიზნესს ოპერირება, რომ არ იყოს დეფიციტი, რადგან ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ის კურსი ქვეყანაში პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს.
ვნახეთ, რომ ბოლო თვის ინფლაცია 6%-ზე მეტი იყო, წინა თვეში კიდევ უფრო მეტი და, შესაბამისად, მაინც ეკონომისტების მოლოდინები არის, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი, ინფლაცია შემცირდება. ამიტომ, ეროვნულ ბანკს აღარ დასჭირდება ის 8,5%-იანი განაკვეთი და შეიძლება, რომ ეროვნულმა ბანკმა ამის შემცირებაზეც იფიქროს. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება დაიწყებს ეკონომიკის სტიმულირებას იმ მექანიზმებით, რომლებიც ნაკლებ წნეხს გულისხმობს ბიზნესზე და არა რეგულაციების გამკაცრებას ან გარკვეული სექტორების სუბსიდირებას, რითაც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადასახადის გადამხდელები გაგვაოცა კიდევაც“.
ლარის კურსზე მოქმედების მთავარ სუბიექტად ქეთევან კრიალაშვილი მომხმარებლის ქცევას ასახელებს:
„დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა ყველაზე მთავარ გავლენას ლარის კურსზე მოახდენს ზუსტად მომხმარებლის ქცევა და ეკონომიკა, ამიტომ მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ, ბუნებრივია, ჯანდაცვის თემების გათვალისწინებით, რაც შეიძლება მეტად მივცეთ საშუალება ბიზნესს, რომ იმოქმედოს“.
„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბიზნესს უნდა დაუტოვოს თანხები, რომ მან შეძლოს ოპერირება. ერთ-ერთ საშუალებად ის ასახელებს დამატებული ღირებულების გადასახადს:
„ხელისუფლების ქმედებით დღგ წარმოიქმნა იმპორტის დროს წინასწარ გადასახდელ თანხად, რომელიც ბიზნესს აწვება და ხელისუფლება ეუბნება, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ დაგიბრუნებო. როცა შეიძლება ეს გადასახადი ახლდეს პროდუქციის მოხმარებას და არა წინასწარ გადაახდევინონ მეწარმეებს იმ პროდუქტზე გადასახადის გადახდა, რომელიც ბაზრამდეც კი არ არის მისული, არათუ მომხმარებლამდე. გადავიხდით, ოღონდ გადაგვახდევინეთ სწორად და არა წინასწარ“.
სუბსიდირება და განსაკუთრებით იპოთეკური სესხების სუბსიდირება არის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ქეთევან კრიალაშვილი უწუნებს ხელისუფლებას:
„ხელისუფლებამ თავიდანვე დაიწყო, ყველაზე ცუდი რაც არის - დაიწყო დაახლოებულ ბიზნესებთან საუბარი. ჩვენ განცხადებაშიც ვამბობთ, რომ კომუნიკაცია ხელისუფლებას ჩვენთან არ ჰქონია, მიუხედავად ჩვენი მზაობისა. ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს და არა მისთვის სასურველი ბიზნესის წარმომადგენლებს. ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ორში, რომ მომავალში კორუფციის ნიშნები არ წარმოიქმნას და საქმეები არ გაკეთდეს „ქართულ-ჯიგრულად“.
არ ესაუბრებიან ყველას. მხოლოდ იმ ნაწილს ესაუბრებიან, რომელთანაც გარკვეულწილად რაღაცები ლაგდება მათ სასარგებლოდ და არა გადასახადების გადამხდელთა სასარგებლოდ. ამის მაგალითია დეველოპერული სექტორის სუბსიდირებაც. არავის გვსმენია დეველოპერული სექტორის განცხადება, მოთხოვნა სუბსიდირებაზე.
თუ გავითვალისწინებთ განცხადებებს კოვიდის არაპროგნოზირებადობაზე, მოლოდინი, რომ მოსახლეობა შეისყიდის უძრავ ქონებას, ნაკლებად არის. მოთხოვნა უძრავი ქონების შეძენაზე მცირდება. ასეთ ვითარებაში დეველოპერები ცდილობენ ფასები შეამცირონ.
ამის სუბსიდირების საჭიროება, მყიდველისთვის არნაირად არ არსებობდა. 4%-ით და მეტითაც ფასები ყველა შემთხვევაში დაიკლებდა.
ჩვენ გვითხრეს - სხვა ბიზნესს, წინასწარ გადაიხადე დღგ, სხვა გადასახადები, არაფერი შეღავათი და ამავდროულად ვიგებთ, რომ ჩვენი შეტანილი გადასახადებით ერთი კონკრეტული სექტორის სუბსიდირება იწყება“.
ქეთევან კრიალაშვილი ინტერვიუს დასასრულს ამბობს:
„ჩვენ ეკონომიკურ კრიზისში შევდივართ. კოვიდის თემა საერთოდ რომ გაქრეს და ძალიან მალე დაძლიოს მსოფლიომ ეს პანდემია, სამწუხაროდ, მსოფლიო შედის ეკონომიკურ კრიზისში. ეს მერე და მერე კიდევ უფრო დაგვეტყობა. ამიტომ უნდა იყოს შეთანხმებები, უნდა იყოს სცენარები და რომელი სცენარის შემთხვევაში რომელ სექტორს რა ვალდებულება ექნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, მაგალითად, თუ შემოდგომაზე კოვიდი ახალი ტალღით დაბრუნდა, სამედიცინო სექტორი როგორ დახვდეს, სადისტრიბუციო სექტორი, მაღაზიები. უნდა ვიცოდეთ, რას გააკეთებს ხელისუფლება, რომ ავაგოთ ჩვენი სცენარები და აღარ გავაჩეროთ ეკონომიკა ისე, როგორც აქამდე. აპრილში ორნიშნა კლება გვქონდა ეკონომიკის, -16.6%. ასეთივე, ორნიშნა კლების პროგნოზია მაისში, რაც ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე წელი დაგვჭირდება კოვიდამდელ ნიშნულზე დასაბრუნებლად“.
Your browser doesn’t support HTML5