ქეთევან კახიანი - ქალი მაღლა აწეული ევროკავშირის დროშით, „ქართული ოცნების“ 23 ოქტომბრის წინასაარჩევნო შეკრებაზე მარტო მივიდა, დემონსტრაციულად გაიარა ხალხში და სცენის ახლოს დადგა. „ოცნების“ აქტივისტის ყურადღება მან სწორედ ამ დროს მიიქცია და ეცადა მისთვის დროშა წაერთმია, რაც ვერ მოახერხა. ქეთი კახიანი აქციაზე ბოლომდე ასე იდგა - მაღლა აწეული ევროკავშირის დროშით ხელში. ამ ინციდენტს თავისუფლების მოედანზე ჩვენც წინასაარჩევნო შეკრების გადაღებისას შევესწარით.
- ქეთი, გახსოვთ ეს მომენტი? და თუ ელოდით, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა?
- რაღაც რომ შეიძლებოდა მომხდარიყო, სიარულის დროს უკვე ვგრძნობდი, მანამდე არა. მანამდე არ მიფიქრია, თუმცა უკვე ხალხში რომ შევედი, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო.
- თქვენ „ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე მარტო მოხვედით. ხელში ევროკავშირის დროშით, მოდიოდით დემონსტრაციულად, მაღლა აწეული დროშით. სათქმელის ასე გამოხატვა და, საერთოდ, იქ მოსვლა, სპონტანური გადაწყვეტილება იყო?
- აბსოლუტურად. ვიყავი მეტროში, თავისუფლების მოედანზე ამოვდიოდი და როგორც კი კარი გაიღო, დავინახე ხალხის მასა, ნაცრისფერი მასა. გამახსენდა ჩვენი, პროევროპული ხალხის აქციები თავისი სიფერადით, სიჭრელით, სიძლიერით და იმ ყველაფრის ფონზე ეს იყო ძალიან დიდი კონტრასტი. ესკალატორზე ამოვედი, იქიდან კიდევ ერთხელ გადავხედე ხალხს. დროშა თან მქონდა, გავშალე და მსვლელობაც იქიდანვე დავიწყე. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ქმედება, არ მიფიქრია ამაზე.
- დროშის თან ქონაც დამთხვევა იყო?
- კი, წინა დღეებში აქციაზე ვიყავი და...
- ჩანთაში ჩაგრჩათ?
- კი. ზუსტად ასე იყო, ჩამრჩა ჩანთაში. ის შინაგანი მუხტი, რომელიც ახლა, მგონია, რომ ყველას გვაქვს და გვინდა, რომ როგორმე გამოვხატოთ, შეიძლება ამის გამოვლინებაც იყო. რაღაცას რომ ვერ იტევ. გინდა, ამოხეთქო. და მეორე, იქ, ჩემი აზრით, იყო ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც არ ეთანხმებოდა იქ ნათქვამს, შეიძლება იძულებითაც კი იყო იქ მოსული და ვფიქრობდი, რომ ჩემი ქცევა შესაძლოა გამხდარიყო ნაპერწკალი მათთვის, რომ ეფიქრათ - ეს ხომ გაქვთ, მაგრამ ესეც შეიძლება გქონდეთ. ეს იყო ალბათ მოტივაციაც. უბრალოდ სხვაგვარად ვერ გამოვხატავდი ამას. ეს იყო ის ფორმა, რითაც შემეძლო რაღაც გამეკეთებინა იმ მომენტში.
- თქვენ არც სიტყვით გამოსულხართ, არც მედიასაშუალებების წინ ჩაგივლიათ საგანგებოდ. ჩვენც შემთხვევით შეგნიშნეთ ამ შეკრების გადაღებისას. გავიფიქრე კიდეც, ნეტაც, რა არის ამ ქალის მიზანი-მეთქი და მერე გამოგყევით.
- თავიდან, როცა მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ საფეხმავლო გზას გამოვიყენებდი, ტროტუარზე ვივლიდი, მაგრამ ამან არ დამაკმაყოფილა, ეს არ იყო ის ადგილი, რაც მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სიღრმეშიც შევსულიყავი, რომ იქაც მიმოეხედათ. იქ გამიჩნდა უკვე მიზანი, იქნებ დაინახონ-მეთქი.
- ამ ამბავში უცნაური თითქოს არაფერი იყო - ქალი მოდიოდა ევროკავშირის დროშით და ეს დროშა ამ შეკრებაზე ალაგ-ალაგ სხვებსაც ეჭირათ. თუმცა არავისთვის წაურთმევიათ - ჩვენ ასეთი რამ არ დაგვინახავს. როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც თქვენ რატომ ამოგირჩიათ „ოცნების“ აქტივისტმა?
- არ ვიცი. მართლა არ მაქვს ამაზე პასუხი.
- შეიძლება, დემონსტრაციულად რომ მიდიოდით, იმიტომ?
- შეიძლება. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვისაც რთული იყო ეს - დროშა რომ მეჭირა, არ მინდოდა, დაღლილობის გამო ქვემოთ ჩამომეწია. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ხელებით მეჭირა ეს დროშა და არა ისე, როგორც უჭირავთ ხოლმე, ეს იწვევდა მათში პროტესტს - დროშის ტარების ეს ფორმა.
- თქვენ დუმდით, ერთი სიტყვა არ გითქვამთ, მაგრამ რას ყვიროდით გულში სინამდვილეში?
- თავისუფლებას, კეთილდღეობას, ევროპას. და ჩვენს ევროპულ მომავალს. ეს იყო, რაც მინდოდა გამომეხატა უთქმელად - ასე გამოვიდა.
Your browser doesn’t support HTML5