სრული სიმკაცრით დასაჯეთ „ოცნების“ მაღალჩინოსნები - ქარტია ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე

ზვიად ქორიძეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის დიმიტრი სამხარაძე, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.

ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს 14 იანვარს, გვიან ღამით ბათუმში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები.

ქორიძეს, - რომელიც ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო, - თვალის მახლობლად აქვს დაზიანება. მოგვიანებით იგივე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ექსპრემიერ გიორგი გახარიას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 15 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "შერატონში" ქორიძეზე თავდასხმა „არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი“.

„ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას“, - აღნიშნავს ქარტია.

ასევე ნახეთ ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ:

  • „26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა;
  • მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი;
  • ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე.
  • დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე“.

„ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის - მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების - მოთხოვნა“, - აცხადებს ქარტია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ასევე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შსს-ს სთხოვს, „დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი“.

რას ამბობს ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძემ ბათუმში მყოფ ჟურნალისტებს უამბო, რომ სასტუმროს ფოიეში მასთან მივიდა ერთ-ერთ მაგიდასთან, სუფრაზე მყოფი პირი, რომელიც გიორგი მანველიძედ გაეცნო, ახალი წელი მიულოცა და სასმელი შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ, სამწუხაროდ, არ სვამს, მაგიდასთან დაბრუნდა.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის შემდეგ ფოიეში ჩამოვიდა დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ჯერ სუფრასთან მივიდა, შემდეგ კი მასთან:

„მეუბნება, რომ მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი, რაზეც ხარ ჩამოსული… შეიგინა ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. მე ჩვეულებრივად გავატარე ეს გინება. მერე მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, მერე შემოვიდა ისევ და დაიწყო ყვირილი: რა თქვი შენ ქოცებზე? ვის აგინებ შენ? მე ვუთხარი, ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ. გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს მაგიდას. აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის. რომ დავინახე, აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, დავიძარი ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში. ამ დროს რაღაც ნივთი რომელიმე მათგანმა დამარტყა. სათვალე მთლიანად დაიმსხვრა“.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, გიორგი მანველიძემ ისროლა კერამიკის ქოთანი, რომელშიც მიწა იყო: „არ ვიცი, საგანგებოდ, არ ვიცი, ნებით ამაცილა“.

  • დიმიტრი სამხარაძე საქართველოს მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან“ და დეპუტატია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტშიც, რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა. სამხარაძე ცნობილია სიძულვილის ენის გამოყენებითა და ოპონენტების შეურაცხყოფით.
  • გიორგი მანველიძე აჭარის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.

14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასაც.

ასევე ნახეთ ექიმის ცნობით, გიორგი გახარიას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს