რადიო თავისუფლებამ შეადარა საკითხთა ჩამონათვალები 2024 და 2025 წლების საგამოცდო პროგრამებში.
ქართული ენის ნაწილში მომდევნო წლის პროგრამაში არაფერია შეცვლილი - ხუთივე წინა საკითხი კვლავ შენარჩუნებულია. ესენია ლექსიკოლოგია, სტილისტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი და პუნქტუაცია.
ქართული ლიტერატურის ნაწილში კი რამდენიმე ცვლილებაა.
შემცირებულია საკითხების ჯამური რაოდენობა. თუკი წელს 28 საკითხი იყო, მომავალი წლის გამოცდებისათვის მათი რაოდენობა 24-მდეა შემცირებული.
მთლიანად ამოღებულია შემდეგი ავტორები:
- ალექსანდრე ჭავჭავაძე;
- ალექსანდრე ყაზბეგი;
- პოლიკარპე კაკაბაძე;
- პაოლო იაშვილი.
2025 წლის პროგრამაში მათი არცერთი ნაწარმოები არ შეუტანიათ.
წინა წელს მათი თითო-თითო ნაწარმოები იყო პროგრამაში:
- ალექსანდრე ჭავჭავაძე - ლექსი „გოგჩა“;
- ალექსანდრე ყაზბეგი - მოთხრობა „ხევისბერი გოჩა“
- პოლიკარპე კაკაბაძე - პიესა „ყვარყვარე თუთაბერი“;
- პაოლო იაშვილი - ლექსი „პოეზია“.
საგამოცდო პროგრამაში შემცირდა სხვა ავტორების ნაწარმოებების - ან ნაწარმოებების კონკრეტული თავების - რაოდენობაც.
კერძოდ, წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, პროგრამიდან ამოღებულია შემდეგი ნაწარმოებები:
სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებიდან „სიბრძნე-სიცრუისა“:
- მემკვიდრის აღზრდის ამბავი;
- იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“,
- „ძუნწი და ვაჭარი“;
- „უგუნური მცურავი“
- „სამნი ბრმანი“
- „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“;
დავით გურამიშვილის „დავითიანი“, შარშანდლისგან განსხვავებით, თავებად აღარ არის გამოყოფილი და პროგრამაში რჩება სრულად. ამასთან, დამატებულია „ქართლის ჭირი“.
გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან ამოღებულია „საღამო გამოსალმებისა“ და „პასუხი შვილთა“.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებიდან ამოღებულია: „არ უკიჟინო, სატრფოო“, „ცისა ფერს“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“.
ამოღებულია ილია ჭავჭავაძის
ლექსები: „ბედნიერი ერი“, „პასუხის პასუხი“, „ჩემო კალამო“.
პოემები: „განდეგილი“ და „აჩრდილი“.
აკაკი წერეთლის ლექსებიდან ამოღებულია „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“, „ქებათა ქება“.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამოღებულია „რამ შემქმნა ადამიანად“, „იას უთხარით ტურფასა“; პოემებიდან საგამოცდო პროგრამაში აღარ არის „ბახტრიონი“; აღარ არის მოთხრობა „ამოდის, ნათდება“ და პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.
ამოღებულია გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა“ და
გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე“.
პროგრამაში ანა კალანდაძის კვლავ ერთი ლექსია შეტანილი, თუმცა შეცვლილი - იყო „მკვდართა მზე ვარ“, ახლა იქნება „ვაჟაო, დილის მზის სხივო“.
ცვლილებები ისტორიის პროგრამაში
ცვლილებებია ისტორიის საგამოცდო პროგრამაშიც.
2024 წლის გამოცდებისათვის ცალკე საკითხად იყო გამოყოფილი „საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“. ეს კი მოიცავდა ქვესაკითხებს:
- რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა;
- აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში;
- საქართველო მეფისნაცვლობის პერიოდში;
- ალექსანდრე II-ის რეფორმები;
- რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო.
2025 წლის პროგრამაში უფრო ფართო თავის სათაურია „მსოფლიო და საქართველო XIX საუკუნეში“.
ამ თავში საკითხებს შორისაა „ნაპოლეონის ეპოქა“, „დიდი ბრიტანეთი“, „რუსეთი“, ბოლოს კი - „საქართველო XIX საუკუნეში“, რომელშიც ასევე დაზუსტებულია ქვეთავები: „საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ“, „1832 წლის შეთქმულება“ და „თერგდალეულები“.
რას ამბობს სამინისტრო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე“ აცხადებს, რომ „სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა“ და „პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა“.
თუმცა საუბარია არა სასწავლო პროგრამის, არამედ საგამოცდო პროგრამის ცვლილებაზე და საგამოცდო პროგრამა შეცვლილია.
ამ ცვლილებაზე კი სამინისტრო განმარტავს, რომ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას“.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება“.
ფეისბუკზე მასწავლებელთა ჯგუფებში მოქალაქეები მიუთითებენ, რომ რეპეტიტორები მეტწილად ყურადღებას ამახვილებენ იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც საგამოცდო პროგრამაშია, - და არა მთლიანად სასწავლო პროგრამაში.
საგამოცდო პროგრამაში ცვლილებებს აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილსა“ და „ოთარაანთ ქვრივს“, როცა ამოიღებ პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად, ან კიდევ ვაჟას „პატრიოტიზმსა და კოსმოპოლიტიზმს“, ხომ გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა და, მაშასადამე სახელმწიფო“, - წერს იგი ფეისბუკზე.
„მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა“, - აცხადებს სამინისტრო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადების თანახმად, „მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი“.
უწყების თანახმად, რევიზიის პროცესში სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალი გადაიხედება და განახლდება.
„ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში“, - წერს სამინისტრო.