ქართული ჩაის მრეწველობა აღორძინების გზაზე

ას წელზე მეტი ხნის წინ გადაღებულ ამ ფოტოზე ლაო ჯინ ჯაო ამაყად დგას თავისი პლანტაციის ფონზე დასავლეთ საქართველოში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო.

ლაო ცნბილი იყო. მანამდე რამდენიმე წლით ადრე ჩინეთში დაბადებულმა მიგრანტმა მსოფლიო გააკვირვა, როცა საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში მოყვანილმა მისმა ჩაიმ 1900 წელს ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო გამოფენაზე პარიზში.

ლაო ჯინ ჯაო თავის პლანტაციაში. ფოტო გადაღებულია 1905-სა და 1915 წლებს შორის.

ეს კოლოსალური მიღწევა იყო რეგიონისთვის, სადაც ჩაის ბუჩქები პირველად 1845 წელს დაირგო ექსპერიმენტის სახით.

ბერძენი მუშები ჩაის კრეფენ ჩაქვში 1900-იანი წლების დამდეგს.

დასავლეთ საქართველოს ნესტიანი თბილი ჰავა ჩაის ბუჩქისთვის შესაფერისი აღმოჩნდა, მაგრამ ღამის სიგრილისა და გრძელი ზამთრის გამო ჩაი უფრო ნელა იზრდებოდა, ვიდრე მისი მზით განებივრებული ნათესავი ტროპიკულ სარტყელში.

ცარისტული პერიოდის ჩაის შემფუთავი სადგური ჩაქვში.

ზრდის სწორედ ეს ნელი ტემპი აძლევდა ქართული ჩაის ბუჩქებს უნიკალურ მოტკბო, ხავერდოვან გემოს. დასავლეთ საქართველოს გორაკები იდეალური აღმოჩნდა მცირე მოცულობის და მაღალი ხარისხის ჩაის მოსაყვანად.

ჩაქვის ჩაის მეურნეობის მთავარი შენობა. ეს ფერადი ფოტოები ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა, სერგეი პროკუდინ-გორსკიმ გადაიღო, როცა რუსეთის იმპერიის ფოტოებზე დოკუმენტირებას აწარმოებდა ცარისტული პერიოდის ბოლოს.

მაგრამ იმ ქაოსში, რომელიც 1917 წლის ბოლოშევიკურ რევოლუციას მოჰყვა, საქართველოს ეკონომიკამ კოლაფსი განიცადა და მრავალი ჩაის ბუჩქი ამოძირკვეს სიმინდისა და კულტურების მოსაშენებლად.

1920-იან წლებში, მას შემდეგ, რაც საქართველო ძალით იქნა შეყვანილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, კრემლი საქართველოს მომაკვდავი ჩაის პლანტაციებით დაინტერესდა. ვადიმირ ლენინიც და იოსებ სტალინიც ჩაის დიდი მოყვარულები იყვნენ.

საბჭოთა გენეტიკოსი ქსენია ბახტაძე ჩაის პლანტაციაში საქართველში. 1967 წ.

მაღალი ხარისხის ჩაის დასამზადებლად ხელით იკრიფება ბუჩქის ყლორტების პირველი ორი ფოთოლი და კვირტი. შემდეგ მას ამუშავებენ და აშრობენ. მაგრამ საბჭოთა საგეგმო ეკონომიკის მესვეურებს მოცულობის ზრდა სურდათ და დიდად არ ზრუნავდნენ გემოს ნიუანსებზე.

საბჭოთა ჩაის საკრეჭი მანქანები დასავლეთ საქართველოში მდებარე სოფელ ხუცუბანში. 1970 წ.

კომუნისტურმა ხელისუფლებამ დააჩქარა გაშრობის პროცესი და კრეფის მექანიზება შემოიღო, შეიქმნა ჩაის საკრეფი მანქანები, რომლებიც ბუჩქების საკრეჭებივით მუშაობდა. შედეგი სავალალო აღმოჩნდა: ფაქიზ ყლორტებთან ერთად იკრიფებოდა უხეში ფოთლები და ტოტები. მანქანებს საბჭოთა პროპაგანდაც კი კრიტიკულად აფასებდა: "... ახალშექმნილი [მანქანები] შორსაა სრულყოფილებისგან, მაგრამ გრძელდებქა მუშაობა მათ გასაუმჯობესებლად."

საბჭოთა წარმოების მანქანებით დაპრესილი დაბალი ხარისხის ქართული ჩაი.

მაგრამ მასობრივი მოსავლის შესახებ კრემლის ოცნებამ ფრთების შესხმა დაიწყო. 1980-იანი წლებისთვის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა მსოფლიოში ჩაის ხუთ მთავარ მწარმოებელს შორის - ყოველ შემთხვევაში, წონის თვალსაზრისით - და საბჭოთა კავშირის ჩაის მთელი მოცულობის 95%-ს აწარმოებდა. ჩაის დარგუში სრულად ან ნაწილობრივ იყო დასაქმებული თითქმის 180 ათასი ადამიანი.

ქუთაისის მიტოვებული ჩაის ქარხანა, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული არ ფუნქციონირებს.

მაგრამ 1991 წელს დაიწყო ყველაფრის მოშლა. საბჭოთა კავშირის დაშლა იმას ნიშნავდა, რომ ქართული ჩაის მეწარმეებს დაეკარგათ გასაღების გარანტირებული ბაზარი, და დაბალი ხარისხის გამო იმდროინდელი ჩაი თავისუფალ ბაზარზე კონკურენიას ვერ უწევდა აზიურ იაფფასიან ჩაისაც კი.

საბჭოთა პერიოდის ჩაის კოლოფები მიტოვებული ქარხნის შენობაში.

ზოგიერთი კოლოფი დღემდე შეიცავდა ჩაის.

იმ პერიოდში საქართველოს სხვა საზრუნავი ჰქონდა - ის სამოქალაქო ომითა და სეპარატისტული კონფლიქტებით იყო დაკავებული. 1990-იან წლებში ჩაის ფაბრიკები მიაგდეს და ტექნიკური აღჭურვილობა გაყიდეს. ხშირად მას ჯართად აბარებდნენ. 2014 წლისთვის საქართველოს ჩაის წარმოება სულ რაღაც 1800 ტონა იყო - დაახლოებით 99%-იანი ვარდნა 1985 წელს მიღწეულ პიკთან, 152 000 ტონასთან შედარებით.

ლენინის პორტრეტი გაპარტახებულ ჩაის ფაბრიკაში.

დასავლეთ საქართველოს ფერდობებზე დღეს ჩაის პლანტაციები გარეული მცენარეებითაა დაფარული. მაგრამ ჩაის ბუჩქები საკმაოდ გამძლეა და მაინც გადარჩა.

საქართველოს ოდესღაც პრესტიჟული დარგის დახმარებისთვის გამიზნულმა სამთავრობო პროგრამამ შესაძლებელი გახადა 1000-ზე მეტი ჰექტარის რეაბილიტაცია - ეს არის მონაკოზე დაახლოებით ხუთჯერ დიდი ტერიტორიაა.

ესტონელი მიინა სააკი ადრე ოფისის თანამშრომელი იყო. ახლა ის ჩაის ფერმერია ქუთაისის მახლობლად.

მიინა სააკმა და მისმა მეგობრებმა ესტონეთსა და ლიტვაში მიატოვეს კორპორაციული სამსახურები და საქართველოში დასახლდნენ, „რათა კვლავ ვიმუშაოთ ჩვენი საკუთარი ხელებით“. სააკმა და მისმა მეგობრებმა დააარსეს კომპანია Renegade Tea Estate და ამაში მათ საქართველოს მთავრობის პროგრამა დაეხმარა.​

სააკს უჭირავს ორი ფოთოლი და კვირტი, რაც ჩაის ბუჩქის საუკეთესო ნაწილია.

სააკის თქმით, საქართველოს ჩაის მრეწველობა თანდათან იზრდება და ამჟამად წელიწადში 3000 ტონამდე ჩაის აწარმოებს.

ესტონელის თქმით, დარგს განსაკუთრებული მიზეზი აქვს ოპტიმიზმისთვის. განსხვავებით ტროპიკული რეგიონებისგან, სადაც ჩაის ბუჩქებს რეგულარულად წამლავენ პესტიციდებით, საქართველოში შედარებით იოლია ეკოლოგიურად სუფთა ჩაის წარმოება. „აქ ჩაის მცენარეს არ მოეპოვება ბუნებრივი მტრები, ვინაიდან ზამთრობით მავნებლები და ბაქტერიები იღუპება“, ამბობს ის.

რეაბილიტირებული ჩაის პლანტაცია (ღია მწვანე მონაკვეთი ცენტრში) ქუთაისის მახლობლად. რეაბილიტირებული მონაკვეთის უდიდეს ნაწილს შეადგენს ველური მცენარეებით დაფარული ყოფილი ჩაის პლანტაციები.

სააკის თქმით, მისმა კომპანიამ სცადა რუსეთის უზარმაზარ ჩაის ბაზარზე შეღწევა, მაგრამ „ქართული ჩაის შესახებ მოგონებები იმდენად უარყოფითია, რომ მისი გაგონებაც კი აღარ სურთ.“

ჩაის ბუჩქის ფოტოები დაახლოებით 1910 წელს (მარცხნივ) და 2019-ში.

მაღალი ხარისხის ქართული ბიომეურნეობების ჩაის ბაზარი პირველ რიგში არის ჩრდილოეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მაგრამ იმედს გამოთქვამენ, რომ ბრენდმა წარსული დიდება ისევე შეიძლება დაიბრუნოს, როგორც ღვინომ პოსტსაბჭოთა საქართველოში. სააკი მომავალს ხედავს ხარისხში და არა რაოდენობაში. მისი თქმით, ქართველი ჩაის მწარმოებლები „დარგის ძირებს უნდა დაუბრუნდნენ“.