საქართველოში ფეისბუკზე აპროტესტებენ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველმა ფეისბუკმომხმარებლებმა ახალი კამპანია წამოიწყეს. 14 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფეისბუკგვერდზე @WorldCupRussia2018FIFA შეფასებების ნაწილში გაჩნდა მინაწერები იმის შესახებ, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

გარდა ამისა, ასობით ფეისბუკმომხმარებელი აზიარებს ფოტოს, სადაც ფეხბურთის სტადიონი მავთულხლართებითაა გაყოფილი, რაც ასევე რუსული ოკუპაციის სიმბოლოა. მისი ავტორი ანა ბოჭოიძეა.

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას წინ უძღვოდა სოციალურ ქსელებში სხვა საპროტესტო კამპანიებიც. ერთ-ერთი მათგანი ვირუსული პოსტერების სახით უკრაინელმა არტისტმა ანდრი იერმოლენკომ შექმნა.