ქართული სიმღერების კასეტა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ლიკა კასრაძე

ლიკა კასრაძე სულ წერს. ძირითადად ომზე და სოფელზე წერს, მაგრამ ეს თემაც სწყინდება.

ცდილობს უფრო პოზიტიური და ფერადი მოთხრობები წეროს, მაგრამ არ გამოდის - საბოლოოდ ყველა ჩანახატი თუ მოთხრობა სევდიანი ფინალითაა. სევდა კი მას, მის სოფელს, მის ოჯახს, დიდი ხანია, თან სდევს. ლიკა კასრაძე 1992 წელს დაიბადა. ომში დავიბადე და ომში გავიზარდეო, ამბობს. ერგნეთის დაბომბვისას სახლში იმყოფებოდა. სროლა ძლიერდებოდა. ოჯახი სახლს ტოვებდა, ლიკამ მხოლოდ ჩანაწერების წამოღება მოასწრო. დევნილობის შემდეგ სოფელში დაბრუნებულ კასრაძეების ოჯახს სახლი განადგურებული დახვდა.

„შვიდი თენდებოდა. გავიღვიძე და გარეთ გამოვედი. იცით, როგორი ხმა ისმოდა? - რკინას რომ რაღაცა მეტალი ხვდება. ტყვია წვიმასავით მოდიოდა. ხეივანზე ისმოდა ეს ხმები. აფეთქებების ხმაც სულ უფრო ძლიერდებოდა. ჩემი საძინებლის ფანჯარასთან კედელი სულ დაცხრილული იყო და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ უკვე მივხვდით, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ერთი დღე და ეს იყო რაღაც უფრო სხვა. მამამ გაგვარიდა აქაურობს“.

ერგნეთში პაპა დარჩა. მოხუცს არაფერს დამიშავებენ, საქონელს და სახლს მივხედავო, მაგრამ პაპამ სახლი ვერ დაიცვა. სოფელში შეჭრილი მაროდიორები ასაკს ყურადღებას არ აქცევდნენ. ყველას სასტიკად უსწორდებოდნენ.

„ძალიან ბევრი იბრძოლა, რომ გადარჩენილიყო. დარჩა და იბრძოლა იმისთვის, რომ სახლი გადაერჩინა. თითქოს ომი უკვე დასრულებული იყო, როცა სახლი დაიწვა. პაპა ყველაფერს აძლევდა: წაიღეთ, ოღონდ სახლი არ დაწვათო. სცემეს, კლავდნენ, გაექცა და მდინარეში გადახტა და ეგონათ, რომ დაიხრჩობოდა და ასე მძიმედ ნაცემი ჩატოვეს შიგ. პაპა მოგვიყვა, რომ წყალშივე აპირებდნენ ჩაცხრილვას, მაგრამ ერთს უთქვია, გაუშვით, თვითონვე დაიხრჩობაო, მაგრამ გადარჩა. მძიმე ტრავმა ჰქონდა თავზე, სიმსივნე განუვითარდა და მალევე დაიღუპა“.

Your browser doesn’t support HTML5

ლიკა კასრაძე: ომი რომ არ ყოფილიყო...

ომმა კასრაძეების ოჯახიც რამდენიმე ნაწილად გაყო. ბებია ახლაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ნათესავების ნაწილი კი აფხაზეთშია და მათთან კონტაქტი უკვე იკარგება.

„ბებიაჩემი ზნაურის რაიონის სოფელ თიღვაში ცხოვრობს. ჩვენი ოჯახი ჯერ კიდევ პირველი არეულობის დროს გაიყო. ბებოსთან კონტაქტი გვაქვს. თვითონ ხშირად უნდა ხოლმე აქეთ გადმოსვლა. იქ მარტო ცხოვრობს და ძალიან უჭირს. ქართულ-ოსური სოფელია და აქ ყაზბეგის გზით ჩამოდის ხოლმე. იქაურ ამბებს გვიყვება ხოლმე. ისინიც ისევე განიცდიან და ისევე ნერვიულობენ, როგორც ჩვენ, და ეშინიათ მომავალი არეულობის. ბებოსთვის უთხოვიათ მეზობლებს, რომ იქნებ ქართული სიმღერების კასეტა წამოგვიღოო. ინტერნეტზე იქ წვდომა არა აქვთ და სურვილი ჰქონდათ, რომ ასე წაეღოთ. გავატანეთ“.

ლიკა ამბობს, რომ ერგნეთში ახალგაზრდების განათლება-განვითარებისთვის პერსპექტივა არ არსებობს, ამიტომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი სოფლიდან გადის. სოფელს დახმარება სჭირდება. ლიკა კი სოფლის ამბებს თავის მოთხრობებსა და ჩანახატებში აცოცხლებს.

ლიკა კასრაძე

„ვცდილობ, რომ პოზიტიურად ვწერო, ცვლილებები გამოვიწვიო ჩემს სოფელში, იმიტომ რომ ამაზე ვარ ორიენტირებული. ჩემს ნაწერებში აშკარად შესამჩნევია, რომ ბედნიერი ადამიანის ჩანაწერები არ არის. სპეციალურად დავმჯდარვარ კიდეც და მიფიქრია: მოდი, ახლა დავწერ, - აღარ მინდა ამდენი ომი და უბედურება, - დავწერ პოზიტიურზე. შეიძლება დავიწყო პოზიტიურად, მაგრამ დასასრული ისევ ასოცირდება რაღაცა დრამატულთან. აქ იგრძნობა ჩემი ცხოვრების ნაწილი, რაც გამოვიარე“.

ლიკა კასრაძე ფიქრობს, რომ ცხინვალის გვერდით არსებული ქართული სოფელი ყველაზე განვითარებული, ძლიერი და ფერადი უნდა იყოს. ამის შემდეგ მისი ნაწერებიც უფრო გაფერადდება.