ქართული, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის ენა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პავილიონის მაკეტი

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები კარიერულ ზრდაში და როგორ უნდა იპოვონ ადამიანებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები საოკუპაციო ხაზს იქით და აქეთ? - ამ კითხვების პასუხი სახელმწიფო ენაა, რომელიც საქართველოში ორია - ქართული და აფხაზური. სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაზე 31 მაისს თბილისში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.

„სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ - ასე ერქვა კონფერენციას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.

მეორე სახელმწიფო ენა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკვე მეორედ ილაპარაკა აფხაზური ენის პრობლემებზე. „აფხაზური ენა ჩვენი დასაცავია“, - თქვა მან კონფერენციაზე. უფრო ადრე კი, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიის რუსიფიკაციის გამო აფხაზურ ენას გაქრობა ემუქრება. პრეზიდენტის ამ განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან უპასუხეს, რასაც სალომე ზურაბიშვილი ხელახლა გამოეხმაურა.

„26 მაისს გამოთქმული სიტყვის შემდეგ მივიღე რეაქცია ე.წ. აფხაზეთის მთავრობისგან, რომ არაფერი ხდება და არ მიმდინარეობს რუსიფიკაცია. კარგია, რომ საჭიროდ ჩათვალეს რეაგირება. ეს ნიშანია იმისა, თუ რამდენად სწორი იყო ანალიზი“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის შესავალ სიტყვაში

Your browser doesn’t support HTML5

სალომე ზურაბიშვილი: აფხაზური ენა ჩვენი დასაცავია

საქართველოში ორივე სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით და ქვეყანას აქვს ვალდებულება იზრუნოს მის განმტკიცებაზე.

აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიზნით წელს აფხაზეთის მთავრობამ გამოსცა წიგნი „აფხაზური ენა დამწყებთათვის“, რომელიც მცირე ტირაჟით - 800 ცალი -დაიბეჭდა.

აფხაზურ ენაზე ნათარგმნია ქართული ლიტერატურა, მათ შორის ვეფხისტყაოსანი, თუმცა თარგმანების დიდი ნაწილი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშია შესრულებული.

ქართული ენა ქვეყნის შიგნით ინტეგრაციისთვის

სუსანა ხაჩატურიანი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის პრესსპიკერი, იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ ეთნიკური სომხებით დასახლებულ ახალქალაქში ქართულად არ ლაპარაკობდნენ, ახლა კი უფრო მეტი ახალგაზრდა საუბრობს სახელმწიფო ენაზე. ყველა მაღალ დონეზე ვერ ფლობს ქართულს, თუმცა, მისი თქმით, პროგრესი საგრძნობია.

2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გამარტივებული ქართულით იღებენ უმაღლეს განათლებას. პროგრამას 1+4 ეწოდება. სტუდენტები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე. თუ 2010 წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში 247 სტუდენტი ირიცხებოდა, 2018 წლის მონაცემებით, ეს რაოდენობა 1231-მდე გაიზარდა.

„სახელმწიფო ენის ცოდნა არის აუცილებელი, როგორც წყალი და ჰაერი”, - ამბობს სუსანა ხაჩატურიანი. “როცა ცხოვრობ სხვა ქვეყანაში, უნდა იცოდე სახელმწიფო ენა, რადგან ეს სასარგებლოა და, მეორე მხრივ, ეს არის დიდი პატივისცემის ნიშანი. ახლანდელ დროში ახალგაზრდობაში - მით უმეტეს, თბილისში - ეს პრობლემა თითქმის არ არსებობს, მაგრამ რეგიონებში ეს პრობლემაა, რადგან ქართულს სალაპარაკო ენად არ იყენებენ. მაგრამ დიდ როლს თამაშობს 1+4 პროგრამა, რადგან ამ რეგიონებიდან ჩამოდის ახალგაზრდობა, გაივლის მოსამზადებელ კურსს და კარგად ლაპარაკობენ. მათ უკვე იციან ენა, ფლობენ და საწყის დონეზე მაინც იცოდნენ“, - უთხრა სუსანა ხაჩატურიანმა რადიო თავისუფლებას.

Your browser doesn’t support HTML5

რამდენად კარგად ფლობენ სახელმწიფო ენას ეთნეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები

კონფერენციის მიმდინარეობისას სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ხელი მოაწერა ოთხმხრივ მემორანდუმს. მხარეები ერთად განახორციელებენ სასწავლო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტებს, რათა ქართული უფრო პოპულარული ენა გახდეს ეროვნულ უმცირესობებში.

„სახელმწიფო ენის ფლობა არის თითოეული მოქალაქისთვის თვითრეალიზაციისა და წარმატების მთავარი გასაღები. დღეს ჩვენს პრეზიდენტთან და სხვა უწყებებთან ერთად განვიხილავთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დამატებით იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაძლიერდეს სახელმწიფო ენა და, უფრო კონკრეტულად, ამაღლდეს სახელმწიფო ენის ცოდნის დონე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Your browser doesn’t support HTML5

ქეთევან ციხელაშვილმა ოთხმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი

2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 6,3 % ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ხოლო 4,5 % - ეთნიკურად სომეხი. ქართული ენის ცოდნა ეროვნულ უმცირესობებში ჯერ ისევ გამოწვევად რჩება. ქართულის, როგორც მეორე ენის, დონე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წელს გაზომა. შეფასებამ აჩვენა, რომ მოსწავლეების 63 % ჯერ კიდევ სასწავლო გეგმის დაძლევის ზღვარს მიღმაა.