„ფენიქსი“, „ოთხი მანეთი“, „ბარრიკადი“ და სხვები - ლიტერატურული პრესა ასი წლის წინ

1918 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ ფურცლებზე გამოჩნდა ლადო გუდიაშვილის ნახატი, წარწერით - „გაუმარჯოს თავისუფალ ხელოვნებას თავისუფალ საქართველოში“. ეს ერთი წინადადება ბევრ რამეს ხსნიდა - დამოუკიდებლობის მოპოვებამ თითქოს დაგროვილი ენერგია გარეთ გამოუშვა. პირველი რესპუბლიკის არსებობის სამწლიანი ისტორიის განმავლობაში უპრეცედენტოდ ბევრი და მრავალფეროვანი ლიტერატურული ჟურნალი და გაზეთი გაჩნდა. მას შემდეგ ამდენი ლიტერატურული გამოცემა საქართველოში აღარასოდეს არსებულა.

დამოუკიდებელ საქართველოში თბილისი არ ყოფილა ერთადერთი ადგილი, სადაც 1918-1921 წლებში ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრება დუღდა. დედაქალაქის ლიტერატურულ გამოცემებს, მაგალითად, არაფრით ჩამოუვარდებოდა ქუთაისური ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთებიც. იქ დაბადებული „ცისფერი ყანწები“, „აისი“ თუ „ოქროს ვერძი“ სწორედ ის ჟურნალები იყო, რომლებშიც გამოქვეყნებული და უკვე ცნობილი ავტორების ტექსტები ცოტა მოგვიანებით „მეოცნებე ნიამორებში“, „თოლაბულისის სარტყელსა“ და სხვა, მაშინ სახელგავარდნილ, ჟურნალ-გაზეთებში გამოჩნდა, უკვე - თბილისში.

თუ იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში შეივლით, იქ ამ უნიკალური გამოცემების დიდ ნაწილს ნახავთ. ზოგიერთი მათგანი ორიოდე დღის წინ მწერალთა სახლშიც გამოიფინა, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული კვირეული, სახელწოდებით „ლიტერატურული ცხოვრება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში“, დღესაც გრძელდება.

ეს თავისუფლების წლები იყო - ხელოვნებისა და ლიტერატურისთვის ფრთების გაშლის პერიოდი. და მიუხედავად იმისა, რომ მწერლებში, პოეტებსა თუ მხატვრებში სიახლის მუხტი 1917 წლამდეც არსებობდა, ხელოვნების ისტორიკოსები მაინც ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლობის სამმა წელმა პროცესი დააჩქარა - საზღვრები გაიხსნა, გვიამბობს ხელოვნების ისტორიკოსი ნანა ყიფიანი, რომელიც, ამავე დროს, არის ავტორი პროექტ „ქართული მოდერნიზმის“ კონცეფციისა.

თბილისი უფრო არტისტული და დინამიკური ქალაქი გახდა, ექსპერიმენტების ადგილად, „მოდერნიზმისა და ავანგარდის ნავსაყუდელად“ იქცა. თავისუფალი სივრცე ახალ-ახალი თუ განახლებული ლიტერატურული გამოცემებისთვისაც მისწრება იყო.

სწორედ ამ დროს ჩნდება თბილისში ლიტერატურული ჯგუფები, სალონები, გაზეთები სტამბები. ფუძნდება „პოეტთა თბილისის კავშირი“, ხელოვანთა ასოციაცია „აბჯარი“, გამოდის ჟურნალი „ARS“-ი, „ფენიქსი“, „ორიონი“, „ქერილონი“, „ბარრიკადი“, „მეოცნებე ნიამორები“. იყო ისეთი ჟურნალებიც, რომელთა მხოლოდ ერთი ან ორი ნომერი დაიბეჭდა და შემდეგ მათი გამოცემა შეწყდა, მაგრამ ეს ჟურნალ-გაზეთები დარჩა როგორც მაშინდელი მრავალფეროვნების ნაწილი. ამ ჟურნალების ყველა გადარჩენილი ფურცელი იმ დროის ისტორიას ინახავს.

Your browser doesn’t support HTML5

ლიტერატურული პრესა პირველი რესპუბლიკის დროს

ჟურნალ „ხათაბალას“ 1920 წლის გამოცემაში ვკითხულობთ არტკაფე „ქიმერიონში“ ქართველ მწერალთა ყრილობის გახსნის ამბებს - ამ სიტყვებს შორის იმდროინდელი განწყობის დაჭერაც შეიძლება: „მთელი დარბაზი ერთ დიდ მხიარულებას წარმოადგენდა, ყველაფერი იცინოდა, ყველას სახე უღიმოდა, საცოდავი პატარა ქიმერებიც კედლებიდან ჩამოცოცებულიყვნენ და სიხარულისგან კბილებდაკრეჭილები მისჩერებოდნენ მწერლებსო“.

1917 წელს გამოდის ჟურნალი „ლეილა“ - იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით. ამ ნომრის შინაარსს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ ისევ გრიგოლ რობაქიძის, მარიჯანის, აკაკი პაპავას, გერონტი ქიქოძის, პაოლო იაშვილისა და სხვათა ნაწარმოებებს. დაბეჭდილა ეს ნომერი სტამბაში „ქართლი“, პუშკინის ქუჩის #1-ში.

ყოველთვიური ჟურნალი „კურანტები“, #1, დეკემბერი, 1918 წელი. ფასი 3 მანეთი. მინაწერში ვკითხულობთ: „ჟურნალი ეძღვნება მხოლოდ ხელოვნებას და მასში დაიბეჭდება სტატიები პოეზიის, ლიტერატურის, სცენის, მხატვრობის შესახებ“.

1918 წელს ჟურნალი „ფენიქსი“ გამოდის, რუსულ ენაზე, პოეტ იური დეგენის რედაქტორობით. ლადო გუდიაშვილის ნახატებს ამ ნომერშიც ნახავთ.

1919 წელია - ლიტერატურულ პრესაში ჩნდება ფუტურისტების ყოველკვირეული გაზეთი „41 გრადუსი“.

1919 წლის დეკემბერი - „მეოცნებე ნიამორების“ ნომერი იწყება გრიგოლ რობაქიძის ლექსით, რომელსაც მოსდევს ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის და სხვათა ტექსტები.

„ბარრიკადი“, „ცისფერი ყანწების“ „კვირეული“ გაზეთი - 1920 წელი. ნახავთ პაოლო იაშვილის თარგმნილ არტურ რემბოს ლექსს „მთვრალი ხომალდი“.

1921 წელს გამომავალი ლიტერატურული გაზეთი „ფიგარო“, ნიკოლო მიწიშვილის რედაქტორობით, თებერვლის ნომერში ბეჭდავს სტატიას, სათაურით „კულტურის სამყარო - პარიზში“...

გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმს დღემდე აკითხავენ მკვლევარები და, უბრალოდ, დაინტერესებული ადამიანები ამერიკიდან, რუსეთიდან, ევროპის არაერთი ქვეყნიდან ფუტურისტული გამოცემების სანახავად. ძმები ზდანევიჩების გარშემო შემოკრებილი თუ მათთან ერთად მოღვაწე მწერლები, მხატვრები, მეცნიერები ერთ საქმეს იყვნენ შეჭიდებულები - ეს უნდა ყოფილიყო ნახტომი მომავალში. სიახლე, რომელიც არავინ იცის, რა შედეგს მოიტანდა, დამოუკიდებლობის სამი წელი კიდევ დიდხანს რომ გაგრძელებულიყო.

ამ პერიოდზე, ქართული მოდერნიზმის თავგადასავალზე კიდევ ბევრია სათქმელიო, ნანა ყიფიანმაც გვითხრა. ფონდებში დაცული დიდი მასალა დღემდე შეუსწავლელია. ინფორმაციის შევსება, მისი აზრით, აუცილებლად გადასწევს ქართული მოდერნიზმის დასაწყისის თარიღს უფრო წინ, ვიდრე დღეს ვიწყებთ ათვლას. მაგალითად იქნებ ისიც კმაროდეს, რომ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაბადებულ ფუტურისტ მხატვარს, ილია ზდანევიჩს, ჯერ კიდევ გიმნაზისტს, უკვე 1911 წელს ჰქონია მიმოწერა იტალიელ პოეტ ფილიპო ტომაზო მარინეტისთან, რომელმაც საფრანგეთში 1909 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ფუტურისტული მანიფესტი.

ეს კავშირი, ეს ლტოლვა დასავლეთის, პროგრესის, სიახლის მიმართ ჩანდა ლიტერატურულ ჟურნალ გაზეთებშიც, რომლებიც 1917-1921 წლებში გამოდიოდა. და როგორც ნანა ყიფიანიც ამბობს, „ამ სამ წელში მწერლებმა, მხატვრებმა და არტისტებმა ის მოახერხეს, რისთვისაც ჩვენ დამოუკიდებლობის ბოლო 25 წელი არ გვეყო“.​