„ერეკლე მეფის მედროშეები ვართ“, - „ქართული ოცნება“ თელავში

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან რეგიონულ შეხვედრებს მართავს

რა ვნახეთ და მოვისმინეთ ხალხთან შეხვედრაზე? - საპარლამენტო არჩევნებამდე რადიო თავისუფლება ნახავს, მოისმენს და მოგიყვებათ, როგორ ხვდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს.

თელავში, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან შეხვედრა საღამოს ექვსზეა დაგეგმილი. შეკრება რეგიონულია, ამიტომ, წინასწარ ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ჩამოიყვანს.

ქალაქში საარჩევნო ღონისძიების დაწყებამდე სამი საათით ადრე ჩავედი. ერეკლეს ქუჩის დასაწყისთან პოლიციამ გაგვაჩერა. სანამ პოლიციელი ჩემი და ზუკა ხიდაშელის, ჩემი ოპერატორის ჟურნალისტის ბარათებს ამოწმებს, იქაურობას ვათვალიერებ. გადაკეტილ ზონაში შემოწმების გარეშე ერთი ავტობუსი უკვე შევიდა.

ერეკლე მეორის ქუჩის დასაწყისში საპატრულო პოლიცია დგას, რომელიც გადაკეტილ ტერიტორიაზე შესვლის მსურველებს ამოწმებს.

„ლაგოდეხიდან ჩამოვედით“, - მპასუხობს „ქართული ოცნების“ მაისურში გამოწყობილი გიორგი შუბითიძე და პარტიის ადგილობრივი ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელად მეცნობა.

„მგონია, რომ გავიმარჯვებთ ისე, როგორც საჭიროა და ეს გამარჯვება იქნება ნამდვილი სიტყვა ქართველებისგან ნათქვამი, ლიბერალებისთვის ან იმათთვის, ვისაც რაიმე კითხვა აქვს ქართველებთან“, - ამბობს ის და დარწმუნებულია, რომ დღეს სცენიდან საარჩევნო დაპირებებს კახეთში დაგეგმილი პროექტების შესახებაც მოისმენს.

გიორგი შუბითიძე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაგოდეხში

იმ დღეს მმართველი პარტია კახელებს არაფერს დაჰპირებია, გარდა იმისა, რომ ერეკლე მეფის ძეგლს დადგამენ - ოღონდ თბილისში.

ქართლ-კახეთის მეფის პირველი ძეგლი იმ მოედანს დაჰყურებს, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები ამომრჩევლებს უნდა შეხვდნენ.

როგორ და რატომ აღმართეს ქვეყნის კომუნისტმა ლიდერებმა გმირი მეფის ძეგლი საბჭოთა საქართველოში, აქ წაიკითხავთ.

დღეს ერეკლემდე მისასვლელი გზა ჯებირებითაა შემოსაზღვრული. იქ მხოლოდ ახალგაზრდებს უშვებენ, „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს დროშებით ხელში.

„ერეკლე მეფის მედროშეები ვართო“, - მეუბნებიან.

ერეკლე მეორის ძეგლი თელავში

ერეკლე მეორის ძეგლთან მისასვლელი გზა პოლიციას ჯებირებით აქვს გადაკეტილი.

მოედნის დასაწყისში კიდევ ერთი შემოწმების ზონა მხვდება. სახელდახელო კედლებია აღმართული, რამდენიმე შესასვლელით. თითოეულთან საპატრულო პოლიცია დგას. შესასვლელ დერეფნებს სათვალთვალო კამერა აკონტროლებს. კამერებია დამონტაჟებული სცენაზეც, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები - ყველა სახლის სახურავზე, სცენის სიახლოვეს სამართალდამცველს შეამჩნევთ, სპეციალური ეკიპირებით.

ქალაქ თელავში, მთავარი ტურისტული ადგილი, ერეკლე მეორის ქუჩა, რომელიც მეფის სასახლესა და მუზეუმს მიუყვება, პოლიციამ ჯერ კიდევ 26 სექტემბერს დაკეტა. გადაადგილება მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისა და იქ მცხოვრებლებისთვის იყო დასაშვები. ადგილობრივებმა ასე გაიგეს, რომ თელავში ორ დღეში „ქართული ოცნება“ ჩადიოდა.

ასე გამოიყურება მორიგი შემოწმების ზონა, სადაც ღონიძიებაზე მისულ სტუმრებს სათვალთვალო კამერებითაც აკონტროლებენ.

ქუჩის გადაკეტვიდან რამდენიმე საათში ერეკლე მეფის მოედანზე ტექნიკით დატვირთული სატვირთოები ჩამოდგნენ. რეკვიზიტების ძარიდან ჩამოცლას და სცენის გამართვას ორი დღე დასჭირდა. ყველაზე ბოლოს ტყვიაგაუმტარ კონსტრუქციას აწყობენ. ექვსი, სპეციალურად შეკრული სქელი და მძიმე მინა, გორგოლაჭებით ერთ სატვირთო მანქანაში ეტევა.

შუშის უსაფრთხოების კონსტრუქცია თავდაპირველად ბანერებით იყო დაფარული. ტრიბუნის ტექნიკურად შემოწმების დროს ამ ბანერების სცენიდან გატანა მოუწიათ.

დაჯავშნილი მინები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვისაა განკუთვნილი. მილიარდერ ბიზნესმენს, რომელიც 12 წლის წინ ხელისუფლებაში მოსული მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია, ამომრჩევლებთან ყველა შეხვედრაზე მინის ეს ფარები იცავს. ოთახის მაგვარი კონსტრუქციის აწყობას საშუალოდ ორი საათი სჭირდება.

სცენის დაქირავებული პერსონალი ერთმანეთს ეხმარება და ამ ტყვიაგაუმტარ შუშებს სცენის მარცხენა კუთხისკენ მიაგორებენ. მედიის ყურადღება აღიზიანებთ. რამდენიმე წუთში „ქართული ოცნების“ დიდი ლურჯი ბანერები მოაქვთ და ვიდეოკამერებისთვის კონსტრუქციის აწყობის პროცესის დაფარავას ცდილობენ.

პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან სხვადასხვა მიზეზით ორჯერ წავიდა და მესამე წრეზე 2024 წლის საარჩევნო წლის წინ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა. ის აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ საქართველოში იგეგმებოდა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა. გამოძიების დეტალების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. პარტიაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილის სიცოცხლეს ახლაც საფრთხე ემუქრება და ასე ხსნიან უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს.

პოლიეთილენის ფაფუკ, თეთრ პარკშია გახვეული ტრიბუნა, რომელთანაც „ოცნების“ ლიდერი უნდა დადგეს.

მუშები სცენის ზევით, რკინებზე უსაფრთხოების ბადეს კიდებენ, ძირს უშვებენ და ტყვიაგაუმტარ შუშაზე ამაგრებენ.

ლურჯი ფერის ბადეს, რომელიც მინის კონსტრუქციაზეა დამაგრებული, ყოველი ღონისძიების წინ კიდებენ და ხსნიან.

„ქართული ოცნება“ მეორე თვეა რეგიონებში მოსახლეობას ხვდება. როგორც წესი, დიდ შეკრებამდე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს რამდენიმე დღით ადრე კეტავენ, ათავისუფლებენ საპარკინგო ადგილებსაც, სადაც ის ავტობუსები და მიკროავტობუსები უნდა გაჩერდნენ, რომლებსაც მოსახლეობა მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრაზე რეგიონებიდან ჩამოჰყავს. მოქალაქეების ნაწილი კი პარალიზებულ და გადატვირთულ გზებზე ჩივის.

„თელავში 10 წელია სამართალი ვერ ვიპოვე“, - მაჩერებს 81 წლის ელენე ოთარაშვილი. ის სოფელ კურდღელაურიდან „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შესახვედრად და მათთან საკუთარ პრობლემაზე მოსაყოლად ჩამოვიდა. კამერით დაგინახე და მივხვდი ჟურნალისტი ხარ, ჩემი სათქმელი აუცილებლად უნდა გითხრაო.

ელენე ოთარაშვილი მეზობელთან 8-წლიან დავას სამ წუთში მიყვება, დეტალების დაზუსტება უჭირს, მხოლოდ იმის გარკვევა მოვასწარი, რომ მეზობელმა, რომელიც საჯარო მოხელე და იურისტია, მიისაკუთრა მიწა, რომელიც წლების წინ ელენეს ჰქონდა ნაყიდი, თუმცა, როგორც ჩანს, თავის სახელზე ოფიციალურად გაფორმებას ვერ ახერხებს. წერილი დაწერა და დასახმარებლად მიმართა თელავის მერიას, იუსტიციის სახლს, პრემიერ-მინისტრსაც მისწერა.

„მერიამ ჩვენი საქმე არააო, იუსტიციამ - ჩვენ არაფერი არ ვიცითო, სოფლის რწმუნებულმაც იგივე. მე რაშიც ფული მაქვს გადახდილი, სხვისი სანტიმეტრი არ მინდა, იმას ვითხოვ. მე მქონდა ივანიშვილის და "ოცნების" იმედი, რომ ამ წერილებით მომაქცევდნენ ყურადღებას, თუ შეცდომა მაქვს, მე გამცემდნენ პასუხს, თუ ვიღაც ყაჩაღობს და მე გლეხი ვარ, ხომ უნდა დამიჭირო მხარი?“, - ამბობს ის. დღეს ცოტა იმედი მიეცა. პრემიერ-მინისტრის დაცვამ ტელეფონის ნომერი გამომართვა და დამპირდნენ, როცა ირაკლი კობახიძე მოვა, გამოგიძახებთო.

ელენე ოთარაშვილი ბატონის სასახლის წინ სკამზე ზის და საბუთებს ახარისხებს, ფიქრობს, რომ დასჭირდება.

81 წლის ქალი ღონისძიების დასრულებამდე ბარიერებს მიღმა იცდიდა, საბუთებით ხელში. ის სცენასთან არავის გამოუძახებია.

„ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრამდე ერთი საათით ადრე, თელავის თეატრის წინ მოედანი ავტობუსებით და მიკროვტობუსებით ივსება, უმეტესობას აწერია, საიდან ჩამოვიდნენ: ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი...

ამ ავტობუსებით ჩამოყვანილი მასწავლებლები, ბაგა-ბაღების, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, როგორც მათ ოპოზიცია უწოდებს - „ადმინისტრაციული რესურსი“, ასევე პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, მოსწავლეები, სტუდენტები - ინტერვიუზე უარს თითქმის არავინ მეუბნება.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თელავში ელოდებიან ღონისძიების დაწყებას, სადაც სიტყვით პარტიის ლიდერები უნდა გამოვიდნენ.

საიდან ჩამოხვედით და როგორ ჩამოხვედით? - ეს კითხვა უმრავლესობას დიდად არ სიამოვნებს.

ლილი გიოშვილი, რომელიც კაჭრეთის კულტურის სახლის მთავარი სპეციალისტია, ჯერ მეუბნება, რომ „მარშუტკით“ ჩამოიყვანეს, მეზობლად მჯდომი ქალის გამაფრთხილებელი მზერის შემდეგ კი მარწმუნებს, რომ თელავში „თავისი სურვილით და საკუთარი ავტომობილითაა“.

„სხვა პარტიის იმედი არ მაქვს, ასეთი კარგი, რაც ამათ გააკეთეს, სხვას არ გაუკეთებია, რამდენი რამე ჩვენს სოფელში გაკეთდა, წყალი არ გვქონდა და ახლა გვაქვს, შუქი გაკეთდა, ავადმყოფებისთვის დახმარება, სოციალური დაზღვევა, ბენეფიციარებისთვის კვება, 120 კაცი უფასოდ იღებს საჭმელს, სტადიონები გაკეთდა, ხელმძღვანელობა გვაქვს კარგი.

ასეთი კარგი პარტია, - კომუნისტებზე არ ვლაპარაკობ, იმ დროს მოვედი, მაგრამ კომუნისტური წყობა წავიდა, ხო? - ასეთი კარგი პარტია ჩვენ არ გვყოლია“, - მეუბნება ლილი გიოშვილი.

კითხვაზე, რატომ უჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას“, ყველას თითქმის იდენტური პასუხი აქვთ - მშვიდობა უნდათ, და პასუხებში „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებსაც ეყრდნობიან.

ალბათ გყავთ მეზობლები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს და მათ ომი სურთ? - ვეკითხები.

„რასაც ვუყურებ ტელევიზიით და ფეისბუქზე, სულ ომი და ომს გაიძახიან, ყველა... ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ომის საშიშროება გვაქვს... ოპოზიციას არა მგონია მშვიდობა სურდეს, ერთმანეთს ჭამენ, ლანძღავენ და ისევ ერთად არიან... ოპოზიციურად განწყობილი მეზობლები მყავს, მაგრამ კარგად ვარ მათთან, არ უნდათ ომი, ოპოზიცია რას ჰქვია და პოზიცია, გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს“, - მეუბნება მარიამ ფერიაშვილი, რომელიც თელავში გურჯაანიდან ჩამოვიდა, წუხს, რომ დასაქმებული არაა და იმედი აქვს, არჩევნების შემდეგ ეს პრობლემა მოუგვარდება.

ფოტოზე მარცხნივ, მარიამ ფერიაშვილი

დიმიტრი ნარინდოშვილი მადლიერია „ქართული ოცნების“, რადგან ციხიდან გამოსვლა შეძლო. „23 წელი მომისაჯეს, შემდეგ საყოველთაო ამნისტია შემეხო, სამი წელი მომაკლდა და გამომიშვეს, ამიტომ სულ მადლობელი ვიქნები ბიძინა ივანიშვილის“, - ამბობს დიმიტრი. ის თავად მოდის ჩემთან, რომ დამელაპარაკოს და მითხრას, რატომ უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“.

დიმიტრი ნარინდოშვილს ამნისტია შეეხო, რის გამოც მმართველი პარტიის მადლობელია.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დააფუძნა მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 აპრილს. პარტია საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, მემარცხენე ცენტრისტული გაერთიანებაა. ამასთან, ივანიშვილის პარტია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მკვეთრად კონსერვატიულ პოლიტიკას ატარებს. „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა 2012 წლიდან მოყოლებული ყველა დონის არჩევნებში და 2024 წელს ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დასარჩენად იბრძვის. აქამდე, დამოუკიდებელ საქართველოში, ყველა ხელისუფლება მხოლოდ ორი ვადით იყო არჩეული.

ამომრჩეველთან შეხვედრის დაწყებამდე, მეორე სცენაზე, რომელიც შედარებით პატარაა და დიდი სცენის გვერდით დგას, თბილისური ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ უკრავს. ხალხის ნაწილი სიმღერის ტექსტებს იმეორებს, ნაწილი კი დასაჯდომ ადგილს ეძებს, დაღლილები არიან ან დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა აღარ შეუძლიათ.

საარჩევნო შეხვედრების პარალელურად და ზოგჯერ უფრო ხშირადაც, „ქართული ოცნება“ რეგიონებში კონცერტებს მართავს მათი მხარდამჭერი მომღერლების მონაწილეობით.

კონცერტი საარჩევნო შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დაიწყო.

„ევროპული კულტურა როგორ არ მიყვარს - ფრანგული, მაგრამ ევროპიდან გადმოვიღოთ კარგი“, - მეუბნება ლალი აბაზაშვილი, ფრანგული ენის სპეციალისტი გურჯაანიდან. სკოლაში 42 წელი ასწავლიდა, ახლა სახლში ამეცადინებს ბავშვებს. ის კმაყოფილია „ქართული ოცნების“ გუნდით და მიუთითებს, რომ „გურჯაანში დისციპლინაა“.

„მე ევროპის კულტურას არ გავეცანი? რას ამბობთ, მაგრამ, კარგი გადმოვიღოთ, კარგი ვისწავლოთ …. იმათ [პარტნიორებს] არ აქვთ უფლება... გაჩერდნენ, საქართველოში ასე არ უნდა ჩაერიონ. თვითონ იქ რა ამბავია, ნახეთ, ამიტომ სჯობია ჩვენს ქვეყანას ნურავინ შეეხება, კარგი მთავრობა გვყავს და ყველაფერს ცდილობენ, მარტო იმით არიან დასაფასებლები, რომ მშვიდობა გვაქვს და მე და თქვენ ვსაუბრობთ“, - ამბობს ლალი აბაზაშვილი.

ლალი აბაზაშვილი, ფრანგული ენის სპეციალისტი გურჯაანიდან

„ქართული ოცნების“ მმართველობის მეხუთე წელს, საქართველოსთვის შენგენის ზონაში სავიზო ლიბერალიზაცია ამოქმედდა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება მიეცათ. 2023 წელს კი საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამის მიუხედავად, პარტია ბოლო ორი წელია, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლელ პარტნიორებს ღიად უპირისპირდება და მათ წარმოაჩენს „გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მყოფ“ უცხო ძალად, რომელსაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საქართველოს ომში ჩათრევა სურს. ომსა და მშვიდობას შორის არჩევანზეა აგებული 2024 წლის საარჩევნო კამპანიაც. საერთაშორისო პარტნიორები მიუთითებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკური კურსიდან გადაუხვია.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილს თბილისში გამოკრულ საარჩევნო ბანერებს ვაჩვენებ და ვეკითხები, მოსწონთ თუ არა.

ვანო დეკაბრიშვილი მეუბნება, რომ ბანერებს პირველად ხედავს და კითხვაზე კითხვით მპასუხობს: „თქვენ მოგწონთ დანგრეული უკრაინა? მე არა და ამიტომ ვუჭერ მხარს ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“, თბილისში, 26 სექტემბერს გამოჩნდა. უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების გვერდით საქართველოს ეკლესიები და თეატრებია გამოსახული. ბანერების მარცხენა, უკრაინის მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვნივ, საქართველოს მხარეს კი - ფერადი. ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია ნაჩვენები, გადახაზულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები.

ზუსტად ექვს საათზე მთავარი სცენიდან მხოლოდ ხმა ისმის, რომელიც დროშიან და ბანერიან ხალხს წინ გადასვლას სთხოვს.

„გურჯაანი, ბრავო, ნახეთ, როგორი მომზადებულები არიან“, - სცენასთან შეკრებილი ერთი ჯგუფი შექებას იმსახურებს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თელავში დროშებით და პარტიული სიმბოლოებით ჩავიდნენ.

ამომრჩეველთან შეხვედრას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი ირაკლი ქადაგიშვილი ხსნის. ახალ სიაში ის დელეგატია, მე-40 ნომერი, ანბანური განაწილებით ასე მოუწია. ქადაგიშვილის შემდეგ სცენაზე რიგითობით გამოდიან: პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარტიის გენერალური მდივანი და თბილისი მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. აქედან კალაძის გარდა, ყველა „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ათეულშია.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თბილისში „ძალიან მალე“ ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება.

„ერეკლე მეორეს ძეგლი შეახსენებს მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო არასდროს დათმობს თვითმყოფადობას, მამულს, ენას და სარწმუნოებას“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

2022 წლის მაისიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ ლიდერები და პროსახელისუფლებო მედია შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ ერეკლე მეორე წარმოაჩინონ ისტორიულ ფიგურად, რომელსაც ლიბერალებისგან დაცვა სჭირდება

ერეკლე მეფის „დაცვა ლიბერალებისგან“ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ორი წლის წინ „ქართული ოცნების“ თელაველმა წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლევან ბერძენიშვილის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმული კრიტიკული პოზიციის გამო.

სცენაზე ორი ტრიბუნა დგას - შუშის კონსტრუქციით შემოსაზღვრული, სპეციალურად ბიძინა ივანიშვილისთვის; მეორე - „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისთვის.

ბიძინა ივანიშვილი მისთვის განკუთვნილ ტრიბუნას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ სცენასთან ახლოს ვდგავარ, მისი დანახვა მიჭირს, შუშის დამცავი ფარები სინათლის სხივებს ირეკლავს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ე.წ. სუფლიორიც ეფარება. ეს მოწყობილობა, საიდანაც წინასწარ მომზადებული ტექსტის წაკითხვაა შესაძლებელი, მხოლოდ მისი ტრიბუნის წინ დგას.

ქალები ჩემ გვერდით, თელავში ივანიშვილის სანახავად ჩამოვიდნენ. „ოცნების“ ლიდერის დანახვა მათაც ჩემსავით უჭირთ.

„უნდა გავუფრთხილდეთ ამ კაცს, ასეთი მნიშვნელობის ფიგურა დღეს ქართველებს არ გვყავს“, - მეუბნება სვეტლანა კობახიძე. ის დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს საფრთხე ემუქრება და ამიტომაა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები.

სვეტლანა კობახიძე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სოფელ ვაზისუბნიდან.

„მთელი ამერიკა, უკრაინა და ყველანი ასანქცირებენ, გვთხოვენ დასანქცირებას, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ, მე მგონი ცუდი არაფერი არის“, - ამბობს ის.

აშშ-მა ადამიანის უფლებების დარღვევისა და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, რაც უმეტესად „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებას, საპროტესტო აქციების დაშლასა და მოქალაქეებზე ძალადობას უკავშირდება, პარტიის წევრებს, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს - 100-მდე ადამიანს (უმეტესობის ვინაობა დაზუსტებული არ არის) სავიზო, 4-ს კი ფინანსური სანქციები დაუწესა.

ბიძინა ივანიშვილმა თელავში სიტყვით გამოსვლისას გაიმეორა სხვა შეხვედრებზე ნათქვამი გზავნილები:

  • საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც მის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.
  • საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და, ამავდროულად, მათი „უმკაცრესად გასამართლების საკითხი“.

კიდევ ერთი პირობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი კოსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში დებს, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის ასახვა საქართველოს კონსტიტუციაში.

მისივე სიტყვებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საბოლოოდ დაასრულებს სხვადასხვა, მათ შორის, უცხოური ძალების მიერ „მოსახლეობისთვის ფსევდოღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული!“

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები საქართველოს დროშებით.

საარჩევნო ღონისძიება, რომელსაც 2-დღიანი მზადება უძღოდა წინ, ერთ საათში დასრულდა. „ქართული ოცნების“ არცერთი ლიდერი ხალხთან არ ჩამოსულა. ისინი სცენის უკან გაუჩინარდნენ.

შეკრების ადგილი 5 წუთში დაცარიელდა, გასასვლელებთან ხალხის საცობი წარმოიქმნა, გზის სავალ ნაწილზე კი - ავტობუსებისა და მიკროავტობუსების.

ტექნიკურმა პერსონალმა სცენის დაშლა დაიწყო - ჯერ უსაფრთხოების ბადე ჩამოხსნა, დაახვია და შეინახა, შემდეგ ივანიშვილის ტრიბუნა შეფუთა, ბოლოს მინის კონსტრუქცია სატვირთოს ძარაზე დააბრუნა. ამ სამუშაოებს საშუალოდ კიდევ ორი საათი დაახარჯეს.

ადამიანების ჯგუფი შლის კონსტრუქციას, სადაც ღონისძიებაზე მისული ხალხი შემოწმებას გადიოდა.

შუშის კონსტრუქციას სატვირთოში ათავსებენ.

ფაფუკ, თეთრ ქაღალდში გაახვიეს ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნაც.

„ქართულ ოცნებას“ რამდენიმე დიდი ქალაქი დარჩა მოსავლელი, მათ შორის - ქუთაისი, ბათუმი და თბილისი.

მმართველ პარტიას საარჩევნო შტაბში შეხვედრისა და ე.წ. კარდაკარების გადაღებაც შევთავაზეთ, მათგან თანხმობა ამ დრომდე არ მიგვიღია. პასუხს კვლავ ველით, თუმცა „ქართული ოცნება“ რადიო თავისუფლებასთან არც სხვა საარჩევნო პროექტებში თანამშრომლობს.

შემდეგი რეპორტაჟი იქნება კოალიციაზე „ცვლილებებისთვის“, რომელიც „ქართული ოცნების“ მსგავსად ჯერ კახეთში გადავიღეთ, შემდეგ კი მათი პირველი ყრილობის კულისებშიც შევიხედეთ.