თავისი წევრებისა და მხარდამჭერების სრული მობილიზების პარალელურად, არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნება“ დაპირებების გაცემასა და ადრე განაწყენებული ჯგუფების გულის მოგებასაც ცდილობს. ამ მხრივ განსაკუთრებული ამოცანა შესრულებულია - საპატრიარქო კმაყოფილია კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევის დაპირებით. „ქართული ოცნების“ მეორე ტურისთვის მობილიზაციის პროცესში ჩართული არიან როგორც თანამდებობის პირები და მედია, ასევე ბიზნესი და გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები. მათი მთავარი გზავნილები ძირითადად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შიშების დემონსტრირებას ეფუძნება. ამ ფონზე იოლად წარმოსადგენია, რომ რადიკალური პოლარიზაცია, რომელმაც შეაშფოთა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია არჩევნების პირველი ტურისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდება. ექსპერტების ნაწილს ეეჭვებათ, რომ საგანგებო მობილიზაცია „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ შედეგებს მოიტანს.
კანაფი და ბრძოლა ხმებისთვის
ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ არჩევნების მეორე ტურის წინ წავიდა კომპრომისზე კანაფის კულტივაციის საკითხთან მიმართებით. მართალია, შეჩერებული იყო, მაგრამ მეორე ტურის საჭიროებამდე ხელისუფლებას არცკი უფიქრია იმ კანონპროექტის გამოწვევაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაუმალავი ინტერესები უკავშირდება. პირველი ტურის შედეგების შემდეგ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და შს მინისტრი თავად მივიდნენ კანაფის თემით ძალიან განაწყენებულ საპატრიარქოში და პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ პარლამენტიდან კანონპროექტს აუცილებლად გამოიწვევენ.
„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საზოგადოების განწყობას... და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კობახიძემ საპარტრიარქოდან გამოსვლის შემდეგ. საპატრიარქოდან გამოსულ პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუმალავს, რომ გადაწყვეტილება არჩევნებს უკავშირდება, რადგან კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საზოგადოების გულისწყრომა გაიაზრა „ქართულმა ოცნებამ“. თუმცა გადაწყვეტილება რომ მიღებული იყო, დიდად არ ეტყობოდა 31 ოქტომბერს პარლამენტში მისულ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილს.
ასევე ნახეთ რატომ უნდათ ბიძინა ივანიშვილს და სხვებს საქართველოში კანაფის მოყვანა„ქართულმა ოცნებამ“ დარაზმა საჯარო მოხელეები
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 ნოემბერს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან. გადაწყდა სპეციალური რეგიონული შტაბების შექმნა, რომლებიც ამომრჩეველთა იმაში დარწმუნებას შეეცდებიან, რომ „ქართული ოცნება“ ვითარებას გამოასწორებს და ხალხმა ხმა არ უნდა მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ასევე მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. დეპუტატ გედევან ფოფხაძის თქმით, შტაბების ამოცანა იქნება:
- არჩევნების პირველ ტურზე არმოსული ამომრჩევლის მობილიზება;
- განაწყენებული ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციის „შავბნელ ძალას“ და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების მიერ შეთავაზებულ უკეთეს მომავალს“.
„ის ტყუილი, რომელიც „რუსთავი 2“-მა მიიტანა ამომრჩევლამდე, ჩვენ უნდა გადავფაროთ სიმართლით“, - ასე ჩამოაყალიბა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეთანხმებული გეგმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი აზრით, არჩევნების პირველ ტურში უსაფუძვლო არ იყო „საზოგადოების მკაცრი ხელი“, მაგრამ ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაუჯეროს „ქართულ ოცნებას“, რათა ქვეყანამ მოიგოს.
იმას, რომ ხალხმა მხარი არ უნდა დაუჭიროს „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო შეცდომები აპატიოს ვითარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ „ქართული ოცნებას“, მმართველი ძალის დეპუტატები 2 ნოემბერს პრესკონფერენციების საშუალებითაც ცდილობდნენ. ზაზა პაპუაშვილის გარდა, ჟურნალისტების წინაშე წარდგა მედიის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც.
საზოგადოებას დაპირებები 2 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც მისცა და თუკი „ქართულ ოცნებას“ საქართველოში „მშვიდობისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხის გარანტი“ უწოდა, „ნაციონალური მოძრაობას“ - ერთადერთი „ძალადობრივი და რევანშისტული ძალა“.
ორშაბათიდან მოსახლეობაში აქტიურ გასვლას გეგმავენ თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები. ამის შესახებ განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა. მისი სიტყვებით ირკვევა, რომ ხალხში გასვლა ხალხის გასაჭირის გულთან ახლოს მიტანას ისახავს მიზნად.
პარალელურად, „ქართული ოცნება“ ლარის კურსის ვარდნით გამოწვეულ აღშფოთების დაცხრომასაც ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ 2 ნოემბერს 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7251 ლარი გახდა, მთავრობა ირწმუნება, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ახლო მომავალში კურსის დასტაბილურებაა მოსალოდნელი. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ სახეზეა ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლოსთვის ლარი „კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება“.
Your browser doesn’t support HTML5
იუსტიციის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, იურისტ დავით ჯანდიერს ეჭვი ეპარება, რომ გააქტიურება „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ შედეგს მოიტანს. მისი პოზიცია ასეთია: ხალხი წლების განმავლობაში დარწმუნდა იმაში, რომ „ქართული ოცნება“ დაპირებებს არ ასრულებს და შესაბამისად, ასეთი ხალხის ერთ თვეში გადარწმუნება შეუძლებელი იქნება.
ბიზნესი, მედია და საზოგადოებრივი ჯგუფები „ქართული ოცნებისთვის“
მეორე ტურის წინ როგორც მედიის ერთი ნაწილის, ასევე ბიზნესის ერთი ნაწილისა და საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურებას ერთადერთი დეკლარირებული მიზანი აქვს - ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ერთი შეხედვით, ეს ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და „ქართული ოცნების“ მისამართითაც გამოხატავენ გულისწყრომას, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ისინი სწორედ მმართველი პარტიისგან იღებენ კონკრეტულ დირექტივებს. გააქტიურდნენ გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფებიც. ერთ-ერთმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა, რომელსაც ია მეტრეველი უდგას სათავეში, საგანგებო შტაბის შექმნაც გადაწყვიტა. ფეისბუკით დაიწყო ასევე კამპანია ჰეშთეგის ქვეშ „#არამიშას - რატომ არ მინდა მიშა“, რომელშიც მოქალაქეებს თავიანთი ისტორიების გადაღებისკენ და გაზიარებისკენ მოუწოდებენ.
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის, „ზეარისის“ დამფუძნებელ გოჩა ფიფიას შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ სახიფათო რევანშისტულ ძალად მოიხსენია „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 2 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში. ის ამბობს, რომ თავადაც უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ პოლიტიკით, მაგრამ ახლა სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორზე.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს შესაძლებლად მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ძალისხმევით, „ქართულმა ოცნებამ“ 28 ოქტომბერს სახლში დარჩენილი ამომრჩევლის ნაწილის ურნებთან მიყვანა მეორე ტურისთვის მართლაც მოახერხოს, მაგრამ შესაძლოა, განსაკუთრებულმა ძალისხმევამ უკუშედეგიც მოიტანოს, თუკი ამომრჩეველი მმართველ ძალას ამ ყველაფერს ხმების მოხვეჭის მიზანში, ხოლო შეცდომებზე ინტენსიურ ლაპარაკს - სისუსტეში ჩაუთვლის. მისი თქმით, ასევე უკუშედეგის მომტანი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი ჯგუფების დაუგეგმავი და სპონტანური აქტიურობა.
მეორე ტურისთვის მობილიზაციის ჭრილში მარცხის პირველი ნიშნები გამოიკვეთა ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში.
მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურის წინ ტელეკომპანია „იმედი“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არხის დატოვებას რამდენიმე ჟურნალისტი გეგმავს. „იმედიდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა გადაცემა „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა, მართა არდაშელიამ.