ქართული კანონი "უცხოეთის აგენტებზე" რუსულია და აი, რატომ

რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც სამიზნეში იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს

ამერიკას თუ აქვს, ჩვენც გვექნებაო, ამბობდა კრემლი 2012 წელს, როცა იღებდა კანონს “უცხოეთის აგენტების” შესახებ. კანონმა, რომელიც ამერიკაში იშვიათად ეხება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რუსეთში თავისუფალი აზრი თითქმის გააქრო.

ამ სტატიაში გიხსნით, რატომ მიჰყვება საქართველო რუსეთის გზას და არა ამერიკისას.

ასობით ქართველი უფლებადამცველი და ჟურნალისტი ამბობს, რომ ხელისუფლება ჯერ ხელს შეუშლის მუშაობაში და ბოლოს დაადუმებს. პარლამენტში რეგისტრირებული ორი კანონპროექტიდან რომელიმე თუ დამტკიცდა, “ქართული ოცნება” ამას მართლაც შეძლებს.

კანონი, რომლის გაცხადებული მიზანია, შეამციროს “უცხო ძალის” ზეგავლენა პოლიტიკოსებსა და მათ გადაწყვეტილებებზე, ამერიკასაც აქვს და რუსეთსაც.

მაგრამ ამერიკაში ხელისუფლებამ ჯერ უნდა დაუმტკიცოს პოტენციურ აგენტს, რომ უცხოეთი აკონტროლებს. რუსეთში მტკიცება საჭირო არაა. უცხოეთიდან ფულის მიღება უკვე აგენტობას ნიშნავს. სწორედ რუსული მიდგომით იმუშავებს "ხალხის ძალის" კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

როდის და რა მიზნით მიიღეს კანონები აგენტებზე?

1938 წელს ამერიკაში დაინახეს, რომ ნაცისტური გერმანიის გავლენები ძლიერდებოდა. საფრთხის საპასუხოდ, აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა FARA (Foreign Agents Registration Act - კანონი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ). "აგენტი" უნდა გამხდარიყო ყველა, ვინც ამერიკაში მოქმედებდა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ (ამ ბუნდოვანებას კიდევ დავუბრუნდებით), სანაცვლოდ კი იღებდა გასამრჯელოს.

რუსეთში 2011 წლის ბოლოს დიდი საპროტესტო აქციები იმართებოდა. ქუჩაში გამოსული ათიათასობით ადამიანი ხელახალ არჩევნებს და დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდა. კრემლი ამტკიცებდა, რომ ამ ხალხს დასავლეთი მართავდა და აფინანსებდა. 2012 წელს დუმამ მიიღო კანონი “უცხოეთის აგენტების შესახებ” იმისთვის, რათა “დაეცვა რუსეთის შიდა პოლიტიკა გარე ჩარევის მცდელობებისგან”.

საქართველომ 2022 წელს განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ევროპამ საქართველოს ხელისუფლებას 12 რეკომენდაცია გადასცა. აქედან ერთი ეხებოდა თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მეორე - მედიის თავისუფლების დაცვას. ვერც კანონის ავტორები, ვერც მისი მხარდამჭერები ვერ ასაბუთებენ, რატომ დაინტერესდნენ მათი გამჭირვალობით ახლა, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსს ელოდება.

ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას მსგავსი კანონი არ აქვს. 2017 წელს უნგრეთმა სცადა, მიეღო “გამჭვირვალობის კანონი“, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ იგი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. კანონი აღარ მიუღიათ.

ვინ არის “უცხოეთის აგენტი”?

განმარტებები სხვადასხვაა, მაგრამ “უცხოეთის აგენტობა” ყველგან დამაკნინებელია. ეს სტატუსი ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებთ. დიდი ალბათობით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

რუსეთში უცხოეთის აგენტი “პირია, რომელიც იღებს [ნებისმიერ] მხარდაჭერას უცხოეთიდან, ან არის უცხოური გავლენის ქვეშ და დაკავებულია რუსეთში პოლიტიკური საქმიანობით”. “პოლიტიკური საქმიანობა” შეიძლება იყოს თითქმის ყველაფერი.

ამერიკაში განმარტება გაცილებით გრძელი და ბუნდოვანია. მასში შეხვდებით “პირს, რომელიც კონტროლდება უცხოური ძალის მიერ”, “ჩართულია შეერთებული შტატების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური ძალის ინტერესების სასარგებლოდ”, ან, მაგალითად, “წარმოადგენს უცხოურ ძალას”.

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ პირველ კანონპროექტში აგენტების საქმიანობა საერთოდ არაა ნახსენები. რომელიმე ორგანიზაციას წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი არაქართველებისგან აქვს? მორჩა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, "უცხოეთის აგენტია".

რას ნიშნავს “უცხოეთის აგენტობა”?

დამაკნინებელი იარლიყის ტარებას. ასევე ბიუროკრატიულ თავისტკივილს, რომელსაც მიაქვს ბევრი დრო და ენერგია. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი - სასჯელს.

რუსეთში "უცხოეთის აგენტებმა" მათ მიერ შექმნილ ყველა აუდიოს, ვიდეოსა თუ ტექსტს უნდა დაურთონ შეტყობინება საკუთარი სტატუსის შესახებ. ყოველ ნახევარ წელიწადში, უნდა დაწერონ დეტალური ანგარიშები თავიანთი დაფინანსებისა და საქმიანობის შესახებ. აქედან რომელიმეს თუ არ შეასრულებენ, ემუქრებათ ჯარიმა (დაახლოებით 13 ათასი ლარი), ან ორწლიანი პატიმრობა, ან საქმიანობის აკრძალვა.

ამერიკაშიც აუცილებელია ანგარიშების წერა ყოველ 6 თვეში ერთხელ, და მასალებზე მინაწერის გაკეთება. თუ არა და, ჯარიმა (მაქსიმუმ 250 ათასი დოლარი), ანდაც პატიმრობა ხუთ წლამდე.

საქართველოში "უცხოეთის აგენტები" საკუთარ მასალებს არ დააწერენ, აგენტები ვართო. სამაგიეროდ, ყოველ წელს შეავსებენ ფინანსურ დეკლარაციას და დეტალურად აღწერენ, როგორ და რისთვის ხარჯავენ უცხოეთიდან მიღებულ ფულს. თუ უარს იტყვიან, ან რამეს არასწორად დაწერენ, დაჯარიმდებიან 10-25 ათასი ლარით. ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ, სახელმწიფოს უფლება ექნება, აუდიტი მოუწყოს.

ვის წინააღმდეგ იყენებენ აგენტების კანონებს?

ძაღლის თავი სწორედ აქაა დამარხული.

რუსეთში თავდაპირველად რეგისტრირდებოდნენ მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციები. თუმცა დროთა განმავლობაში მარწუხებში მოაქციეს მედიაც და ცალკეული ადამიანებიც. იმისთვის, რომ კრემლმა "უცხოეთის აგენტად" გამოგაცხადოთ, დღეს საკმარისია ფეისბუკპოსტის დაწერაც. მარტის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 530 ორგანიზაცია, მედიასაშუალება და ადამიანი. ბევრმა რეგისტრირებულმა უბრალოდ საქმიანობა შეწყვიტა.

ამერიკაშიც "უცხოეთის აგენტებად" აცხადებენ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. კანონს დიდი ხანი "ფორმალობას" ეძახდნენ. მაგრამ 2016 წლიდან, როცა ამერიკაში იეჭვეს, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედებდა, "აგენტების" რიცხვმა მკვეთრად იმატა. დღეს ამერიკაში 733 "აგენტია". როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, “არაკომერციული სამართლის ცენტრი” წერს, მათგან მხოლოდ 5%-ია NGO. დანარჩენები ლობირებენ უცხოური ხელისუფლებების და ცალკეული პირების ინტერესებს. FARA-ს ჰყავს ბევრი კრიტიკოსიც. მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს კანონის ბოროტად გამოყენების საფრთხე და აუცილებელია განმარტებები უფრო მკაფიო გახდეს.

საქართველოში კანონის ავტორები და “ქართული ოცნების” წევრები არც მალავენ, რომ არასამთავრობოებს და მედიას უმიზნებენ. არადა, რუსეთშიც კი, თავდაპირველად "აგენტების კანონი" მედიას არ ეხებოდა. არც ამერიკაში. მხოლოდ FARA-ს შექმნიდან 59 წლის შემდეგ, “უცხოეთის აგენტად” რეგისტრაცია უბრძანეს კრემლის მიერ კონტროლირებად Russia Today-ს.

რატომ არ ვარგა FARA-ს ქართული თარგმანი?

იმიტომ, რომ ამერიკაში პრეცედენტული სამართალია, ანუ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წაიკითხავენ მოსამართლეები კანონებს. საქართველოში კი სამოქალაქო სამართალია. ანუ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ზუსტად რა წერია კანონებში. ეს სხვაობა ამ ვიდეოში მოკლედ ავხსენით.

დაბოლოს…

აშშ–ს აქვს დემოკრატიული ინსტიტუტები, ძალაუფლება გადანაწილებულია ხელისუფლების შტოებს შორის. ეს კი ართულებს კანონების ბოროტად გამოყენებას. რუსეთში რეჟიმი აკონტროლებს პარლამენტსაც, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც და სასამართლოებსაც. აქედან რომელს უფრო ჰგავს საქართველო?