ტრადიციულად, 14 იანვარს თეატრის მოყვარულები და თეატრის მოღვაწეები ქართული თეატრის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული 1850 წლის 14 იანვარს თბილისში გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ „გაყრას“ უკავშირდება. სინამდვილეში, როგორც გიორგი გვახარიას სტუმარი, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი აღნიშნავს, ქართული თეატრი უფრო ძველია, ვიდრე გვგონია - გიორგი ერისთავმა მხოლოდ აღადგინა პროფესიული თეატრი, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში არსებობდა. ასევე უფრო ძველია თელავის თეატრი, რომლის ისტორიას ლაშა ჩხარტიშვილმა ახალი წიგნი მიუძღვნა, სათაურით „258 წლის თელავის თეატრი“.
გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ თეატრის მოღვაწეები თავიანთ პროფესიულ დღესასწაულს წელს სწორედ თელავში აღნიშნავენ - აქ გაიცემა ტრადიციული პრემიები და მოეწყობა თეატრის ისტორიკოსთა ახალი წიგნების პრეზენტაცია.
ლაშა ჩხარტიშვილი აჯამებს გასული წლის თეატრალურ სეზონს და შენიშნავს, რომ თეატრალური მიღწევები, პირველ რიგში, თეატრის ფესტივალებსა და ექსპერიმენტულ სპექტაკლებს უკავშირდება. მისი თქმით, მთავარმა აკადემიურმა თეატრებმა 2018 წელს მნიშვნელოვანი ვერც ვერაფერი შექმნეს. უფრო მეტად აქტიურობდნენ რეგიონალური თეატრალური დასები და ახალგაზრდა რეჟისორები. ამას ადასტურებს თეატრალურ კრიტიკოსთა გამოხმაურება და მათი რეცენზები.