ქართული „დუოლინგოზე“? – „მინდა, იმაზე მეტი ვიცოდე, ვიდრე „გამარჯობა“, „ხაჭაპური“ და „ჭაჭაა“

ბავშვები დედა ენის ძეგლთან, ფოტო არქივიდან.

ქართული ენა „დუოლინგოზე“ - საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia „დუოლინგოს“ სთხოვს, თავის პლატფორმაზე ქართული ენის გაკვეთილებიც დაამატოს.

„დუოლინგო“ ენების სასწავლო საერთაშორისო პლატფორმაა, რომელზეც ახლა 40-ზე მეტი ენის შესწავლაა შესაძლებელი.

„ასეთი პროგრამები ბევრია და ვერც იმას ვიტყვი, რომ „დუოლინგო“ ყველაზე უკეთესია, მაგრამ ყველაზე პოპულარულია. ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს ქართული ენისთვის, საქართველსოთვის ძალიან დიდი რეკლამა იქნება, ჯერ მარტო ამისთვის ღირს, რომ ქართული დაემატოს“, - ამბობს Educare Georgia-ს წარმომადგენელი რაზმიკ ბადალიანი.

„დუოლინგო“ კერძო კომპანია, შესაბამისად დაამატებს თუ არა კიდევ ერთ ენას, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. Educare Georgia-ს პეტიციას ჯერ 2 ათასამდე ადამიანი აწერს ხელს, მიზანი კი ნახევარი მილიონია.

„დუოლინგოს“ აქვს კურსები, რომელსაც ნახევარ მილიონზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ მინდა, ვაჩვენოთ, რომ პოტენციურად ჩვენც ნახევარი მილიონი ხელმომწერი გვყავს. ამ კურსებით ყველაზე მეტად, ვფიქრობ, ტურისტები დაინტერესდებიან, ასევე ის ხალხი, ვისაც ქართული ეგზოტიკურობის გამო უყვართ, ასევე უცხოელი სტუდენტები, ემიგრანტების შვილები“, - ამბობს რაზმიკ ბადალიანი.

„დუოლინგოზე“ ქართული ენის დამატება ენის სახელმწიფო დეპარტამენტსაც სურს. დაახლოებით ერთი წლის წინ დეპარტამენტმა „დუოლინგოს“ მისწერა კიდეც, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

დღეს საზღვარგარეთ არცთუ ცოტა ადამიანია, ვინც ქართულ ენას სწავლობს ან უნდა, ისწავლოს. მიზეზი სხვადასხვაა, მაგალითად, პოლონელ მაჩეი მეტეიკოს ქართველი შეყვარებული ჰყავს და ამიტომ.

„ინგლისური ორივემ კარგად ვიცით, პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მინდა, მის ოჯახთან უკეთ მოვახერხო ურთიერთობა, ძალიან კარგი ხალხია.

„დუოლინგოზე“ თუ იქნება ქართული, დამატებით სასწავლო რესურსად გამოვიყენებდი. განსაკუთებით დასაწყისში, ადვილი არაა, ქართულად კარგი აპლიკაცია და მასალები იპოვო. რამდენიმე წლის წინ „დუოლინგოს“ ესპანურის შესასწავლად ვიყენებდი და კარგი იყო. ჩემი შეყვარებული მისი მეშვეობით პოლონურს სწავლობს“.

13 წლის მოზარდი, რომელიც რადიო თავისუფლებას ფსევდონიმით (სტუარტ სმიტი) გაეცნო, ინგლისურად საუბრობს და საქართველოსადმი დაინტერესებას ერთგვარი ხილვით ხსნის.

„ერთხელ მზის ჩასვლისას, ღრუბლებში საქართველოს რუკა დავინახე, ღმერთმა მაჩვენა (აფხაზეთიან- სამხრეთ ოსეთიანად). მაშინ ვთქვი, საქართველოს ჩემს მდგომარეობასთან რაღაც უნდა აკავშირებდეს, საქართველოში უნდა წავიდე-მეთქი. ამის შემდეგ ქართულს ვსწავლობ. „დუოლინგო“ კარგია, არ მოგაწყენს … აქვს პოტენციალი ქართულის გაკვეთილები გააკეთოს, მეც გამომადგება და სხვებსაც, ვისაც ქართულის სწავლა უნდათ“.

34 წლის რუმინელს რუქსანდრა ვალკუს კავკასიონის მთები უყვარს, ამ ზაფხულს თეთნულდი ვნახე და კიდევ მინდა, ჩამოვიდეო.

„როდესაც ისევ ჩამოვალ, მინდა, იმაზე მეტი ვიცოდე, ვიდრე „გამარჯობა“, „მადლობა“, „ხაჭაპური“ და „ჭაჭაა“. ადამიანებთან დამეგობრებაც გაცილებით იოლდება, როცა სასაუბროდ თარჯიმანი არ არის საჭირო. თან მინდა ქართულად კითხვა შემეძლოს, ალბათ ბევრი შრომა მომიწევს, სანამ ოთარ ჭილაძეს წავიკითხავ ორიგინალში, მაგრამ გზაზე წარწერების თარგმნა მაინც თუ არ დამჭირდება, უკვე კარგია“.

რუმინეთში ქართული ენის კურსები არ არის. ონლაინგაკვეთილები, თანაც ინდივიდუალური, ძვირი ჯდება, თან ამაზე გადასვლა მაშინ უფრო ეფექტურია, როცა საბაზისო დონე უკვე გავლილი გაქვს.

ენის საფუძვლების სწრაფად შესასწავლად „დუოლინგო“ ძალიან კარგი საშუალებაა. მუდმივად ტელეფონში გაქვს, შეგიძლია ავტობუსშიც იმეცადინო, ან სანამ ყავის ადუღებას უცდი. ასე გაცილებით მეტი დროის გამონახვა შეგიძლია, ვიდრე წიგნით სწავლისას. თან უფრო ინტერაქტიულიცაა და გამეორებებიც დამახსოვრებას უწყობს ხელს, - ამბობს რუქსანდრა ვალკუ, - „დუოლინგოზე“ ქართულის კურსი რომ იყოს, ჩემი ცხოვრება გვარიანად გამარტივდებოდა“.