ქართული ანიმაცია დიდ ეკრანზე

ეროვნული არქივის კინოთეატრში 22 მარტს ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნება. პროექტი „რე-ანიმაცია“ ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას და რესტავრაციას ითვალისწინებს. „საუბარი თავისუფლებაზე“ გვიამბობს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ამ ერთობლივ პროექტზე.

გადაცემის სტუმარი, კინომცოდნე, ეროვნული არქივის თანამშრომელი ნინო ძანძავა ჰყვება, თუ როგორ გადადიან საბჭოთა ეპოქაში შექმნილი ანიმაციური ფილმები ციფრულ ფორმატზე ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე, როგორ კეთდება ფერის, გამოსახულების და ხმის კორექცია. საბოლოოდ, ნინო ძანძავას თქმით, პროექტის მიზანი ანიმაციური ფილმების მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა და ცხადია, ანიმაციური კინოს პოპულარიზაციაა.

ქართველი მაყურებელი ეროვნული არქივის კინოთეატრში, რომელიც ახლახანს გაიხსნა (გიორგი გვახარიას სტუმარი ამ კინოდარბაზის შესახებაც გვიამბობს) ანიმაციური ფილმების კვირეული 28 მარტამდე გაგრძელდება. მაყურებელი 9 ქართულ მულტფილმს ნახავს, გასული საუკუნის 60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლებით დათარიღებულ კლასიკურ ფილმებს, რომლებზეც საქართველოში თაობები გაიზარდნენ. დასწრება ეროვნული არქივის კინოთეატრში გამართულ კინოსეანსებზე თავისუფალია.