საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა სულ ბოლოს მოიხსნება. მეექვსე ეტაპი ძალაში 6 ივლისიდან უნდა შევიდეს. ამრიგად, სპორტსმენებს კიდევ ორი თვე მოუწევთ მოცდა. გამორიცხული არაა, გეგმა ჩასწორდეს და ეს ორთვიანი პაუზა კიდევ უფრო გაიწელოს.
2020 წელს სპორტში მთავარი ღონისძიება ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უნდა ყოფილიყო. ოლიმპიადაზე მოხვედრის კანდიდატ ქართველ სპორტსმენებსაც საწვრთნელი პროცესები ისე ჰქონდათ დაგეგმილი, რომ სალიცენზიო ტურნირებისა და უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისთვის შესულიყვნენ ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში, მაგრამ ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადადებამ ყველაფერი შეცვალა. ჩაიშალა და გადაიდო ყველა შიდა თუ საერთაშორისო შეჯიბრება და საწვრთნელი შეკრება და სპორტსმენებიც, ისევე როგორც ყველა, თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთნენ.
ასევე ნახეთ „დავრჩეთ სახლში“ - სპორტსმენების იძულებითი არდადეგები და სოციალური აქტივობებითითქმის ორი თვეა, ქართველ სპორტსმენებს სახლის პირობებში უწევთ ვარჯიში, მწვრთნელები კი დისტანციური მითითებებით ცდილობენ მონატრებული საქმის კეთებას. სოფლებსა და საკუთარ სახლებში მცხოვრებ სპორტსმენებს ინდივიდუალური პროგრამით მოსამზადებლად შედარებით მეტი ფუფუნება აქვთ, ვიდრე კორპუსში გამოკეტილებს, თუმცა „კორპუსელებიც“ ახერხებენ სუფთა ჰაერზე ვარჯიშს ასევე ინდივიდუალური პროგრამით.
„უქმად არავინ ზის. შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ემზადება, მაგრამ როგორც არ უნდა მოინდომონ, სახლის პირობებში ვარჯიშით ფორმის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ. ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ნერვიულობს: თუ ბიჭები ასეთ რეჟიმში კიდევ რამდენიმე კვირა გააგრძელებენ მზადებას, მერე მათ ოპტიმალურ ფორმამდე მისაყვანად სამი-ოთხი თვე არ მეყოფაო. შემოდგომაზე ძალოსნებს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელით, მათ შორის ევროპის ჩემპიონატიც, რომელზეც მედლებთან ერთად, დიდი ალბათობით, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.
ახლახან საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართა, რომ დაუშვან გამონაკლისი და მიეცეს ძალოსანთა ნაკრებს მოსამზადებელი შეკრების ჩატარების უფლება. ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ძალოსნებს რომელიმე სპორტულ ბაზაზე შესვლის ნებას დართავენ, გუნდი იქნება საკარანტინო მდგომარეობაში და დაიცავს სოციალურ დისტანციას.
ძალოსნობა სპორტის ნაკლებად კონტაქტური სახეობაა, ვიდრე ჭიდაობა და ძიუდო. შესაბამისად, საჭიდაო სახეობების წარმომადგენლებს, ალბათ, მეტი სიფრთხილით მოუწევთ საერთაშორისო ტურნირების განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, შედარებით მაღალი რისკის მიუხედავად, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება (UWW) ამ ეტაპზე ძალოსნებზე ადრე ფიქრობს „დაბრუნებას“. UWW-ის ოფიციალურ ვებსაიტზე ატვირთული საერთაშორისო სატურნირო კალენდრის თანახმად, შეჯიბრებები მხოლოდ 31 ივნისის ჩათვლითაა შეჩერებული.
თუ ეს განრიგი ძალაში დარჩა, მსოფლიო ჭიდაობის მმართველი ორგანო, სავარაუდოდ, ზაფხულში ჩაატარებს კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს. ზაფხულივე უნდა გაიმართოს მსოფლიოს პირველობა ჭაბუკთა შორის. საშემოდგომოდ კი, ალბათ, კალენდარში ჩაამატებენ უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც წლეულს ოლიმპიური თამაშების გამო არ ტარდებოდა. ამრიგად, მოჭიდავეებსაც გვარიანად დატვირთული სატურნირო გრაფიკი აქვთ და სახლის პირობებში 6 ივლისამდე ვარჯიში არც მათთვის იქნება სასარგებლო.
მთავრობას უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც მიმართავს სპორტსმენებისთვის ერთობლივი საწვრთნელი შეკრების ორგანიზების თაობაზე, - უთხრა რადიო თავისუფლებას სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა.
ელგუჯა ბერიშვილი: „ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა გასულ კვირაში თავის წევრ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის ჩაატარა სპეციალური გამოკითხვა, თუ როგორ აგრძელებენ მუშაობას ოლიმპიურ პროცესში. გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც მიიღო. გაირკვა, რომ ევროპის ქვეყნების 36 პროცენტში ოლიმპიელები სხვადასხვა ფორმით ვარჯიშობენ და ეს მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება. იტალიაშიც კი, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა ვირუსის თვალსაზრისით, საწყლოსნო სახეობების ნაკრებები უკვე ჩაებნენ საწვრთნელ შეკრებებში. სეოკ-ი აქტიურად მუშაობს, რომ ჩვენმა სპორტსმენებმაც მალე გააგრძელონ პროფესიულ დონეზე მზადება. ჩვენ გვინდა, ოლიმპიური ნაკრების წევრი და კანდიდატი სპორტსმენებისთვის საკარანტინო პირობებში შევქმნათ სპეციალური ბანაკები, რომლებშიც ისინი მოემზადებიან. ბანაკებში შესვლამდე სპორტსმენები, მწვრთნელები და ტექნიკური პერსონალი აუცილებლად გაივლიან სპეციალურ ტესტირებას და ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ არ დაირღვეს მედიკოსების არც ერთი რეკომენდაცია“.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ინიციატივის შესახებ უკვე წერილობით აუწყა სპორტის ყველა სახეობის ფედერაციას. მათი პოზიციების მოსმენის შემდეგ საკითხს აღმასკომის სხდომაზე გაიტანს და, ალბათ, დაამტკიცებს კიდეც, მერე კი მთავრობას წარუდგენს.
სპორტული ბანაკების მოწყობის გეგმა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება მზად. მისი თითოეული დეტალი შეთანხმდება სამედიცინო პერსონალსა და მთავრობასთან.
თუ სახელმწიფო სეოკ-ის თხოვნას დააკმაყოფილებს, ოლიმპიელები ნანატრი მეექვსე ეტაპის დადგომამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე შეძლებენ ვარჯიშის განახლებას, არაოლიმპიელი სპორტსმენები კი ივლისს დაელოდებიან. თუმცა იქნებ მთავრობამ მათთვისაც დაუშვას გამონაკლისი და, მაგალითად, 8 ივნისისთვის სავაჭრო მოლების, ღია ტიპის რესტორნებისა და სილამაზის სალონების გახსნას საწვრთნელი შეკრებების შეზღუდვის მოხსნაც მიამატოს.