საქართველოს სამბოს ფედერაციაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მსოფლიო ჩემპიონები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე, - რომლებიც, BRICS-ის თამაშების საიტის თანახმად, ყაზანში ჩემპიონატში მონაწილეობენ, - რუსეთში არ წასულან.
BRICS-ის 2024 წლის თამაშების ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, საქართველოდან შეჯიბრებაში მონაწილეობენ ქართველი სამბისტები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე. თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
„ორივე სპორტსმენი საქართველოშია და არსად წასულა. ასეთ რაღაცაზე არცერთი ნორმალური ქართველი არ წავა, მით უმეტეს ჩვენი სპორტსმენები“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სამბოს ფედერაციაში.
რადიო თავისუფლებას ელენე ქებაძემაც უპასუხა, რომ არ მონაწილეობენ ჩემპიონატში: „რაღაც შეცდომაა“, - მოგვწერა მან.
ყაზანში „ბრიკსის თამაშები“ 12 ივნისს გაიხსნა.
თამაშებში მონაწილეობას იღებენ სპორტსმენები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე, სადაც მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მონაწილეთა შორის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოაცხადეს.
მიიტანეს საქართველოს დროშაც.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებების პასუხის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
დროშასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სამბოს ფედერაციაში გვითხრეს, რომ სახელმწიფო სწავლობს ამ საკითხს:
„ვარკვევთ ამ საკითხს, სამინისტროს, ყველა ჩართულია, ვინ ვის რა შეთავაზება მისცა, რა როგორ იყო. გავარკვევთ ყველაფერს დეტალურად. ასეთ რაღაცაზე, მით უმეტეს საქართველოდან იქ, სადაც წართმეული და ოკუპირებული ტერიტორიების დროშებია, საუბარიც ზედმეტია“, - ამბობენ ფედერაციაში.
რუსეთმა „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზი სპორტსმენები 2023 წლის ბოლოს მიიწვია.
„ბრიკსის თამაშები“ არის „ბრიკსის“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება.