ქართველი პოლიტიკოსები TikTok-ზე - როგორ მოაწონო თავი Gen Z-ს

ფოტოილუსტრაცია: ქართველი პოლიტიკოსები TikTok-ზე

სლეი თუ ქრინჯი* - პოლიტიკოსები, ვისაც TikTok-ზე ახალგაზრდების ყურადღების მიქცევა სურთ, ბეწვის ხიდზე დადიან.

პოლიტიკოსებმა გასულ წელს, მარტის დასაწყისში „უცხოური აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე აღმოაჩინეს, რომ Gen Z-ს აინტერესებს, რა ხდება მის გარშემო, არ მოსწონს გადაწყვეტილებები, რასაც მის გარეშე იღებენ და შეიძლება გადამწყვეტიც გახდეს, ვის მისცემენ არჩევნებზე ხმას.

დილის 11 საათია. პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ძმები ზუბალაშვილების ორ ნომერში, პატარა სტუდიაში, TikTok-ზე პირდაპირი ჩართვისთვის პარტია „გირჩის“ წევრები, დეპუტატები იაგო ხვიჩია და ჰერმან საბო ემზადებიან.

Live-ის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თანხმდებიან, რომ დღეს პატიმრების ამნისტიაზე ისაუბრებენ, თემის შერჩევის კრიტერიუმი, ერთი მხრივ, აქტუალობაა, თავად ასე ფიქრობენ, მეორე მხრივ კი, პარტიული მიზნები. გადაწყვიტეს - ვინაიდან ამნისტიის ინიციატივის ავტორები თავად არიან და პარლამენტს კანონპროექტი უკვე წარუდგინეს, TikTok-ს ამ იდეის პოპულარიზაციისთვის აუცილებლად გამოიყენებენ.

პარტია "გირჩის" წევრები TikTok-ზე დილის პირდაპირი ეთერისთვის საკუთარ ტელეფონებში კადრს ასწორებენ.

კარდაკარ ონლაინ

პარტია "გირჩის" წევრების პირდაპირი ჩართვები TikTok-ზე უკვე ერთი თვეა, ყოველ სამუშაო დღეს 11 საათზე იწყება. "გირჩის" სოციალური პლატფორმების მენეჯერები Live-ს TikTok-ის გარდა ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და იუთუბზეც უშვებენ. დაახლოებით ნახევარ საათში მაყურებელთა რაოდენობა ყველა პლატფორმაზე ერთად 600-ს აღწევს. იწყებენ მთავარი თემის განხილვით, შემდეგ მაყურებლების კითხვებს პასუხობენ, ბოლო 20 წუთს კი მათთან ერთად პირდაპირ ეთერში ჩართვის მსურველებს უთმობენ.

იშვიათად, თუმცა მაინც, მაყურებლები საჩუქრებსაც უგზავნიან, რომლებიც, TikTok-ის წესების მიხედვით, იგივე ფულია. მაგალითად, 29 თებერვლის Live-ში იაგო ხვიჩიას “სამეფო გვირგვინი” გაუგზავნეს, მის ანგარიშს რამდენიმე ცენტი დაემატა.

პირდაპირში კამერით აღარასდროს გადიან, მხოლოდ ტელეფონით. საკუთარ შეცდომაზე ისწავლეს, რომ TikTok-ზე უშუალობა და სიმარტივე მუშაობს.

“ერთხელ შეცდომა დავუშვით - პირდაპირ ეთერში მაღალი ხარისხის ვიდეოთი გავედით, ანუ სამი კამერით, ჰორიზონტალური და არა ვერტიკალური კადრით, სატელევიზიო გადაცემის ვიზუალი ჰქონდა. არ გვიყურა ხალხმა, დაბალი რეიტინგი დავწერეთ. მას შემდეგ, რაც ტელეფონები ავიღეთ ხელში, წინ დავიდეთ და ასე დაველაპარაკეთ, მოეწონათ. პოლიტიკოსები ხალხს კარდაკარ ქუჩაში სოფლებსა და ქალაქებში ხვდებიან ხოლმე. ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი რეგიონი და თბილისი აქ არის”, - ამბობს იაგო ხვიჩია, "გირჩის" წევრი, რომელსაც TikTok-ზე 35 400 გამომწერი ჰყავს.

იაგო ხვიჩიასა და ჰერმან საბოს გარდა, პირდაპირ ეთერში TikTok-ზე პარტიის სხვა წევრებიც, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ვახო მეგრელიშვილი ერთვებიან.

იაგო Ხვიჩიას ყველაზე პოპულარული ვიდეო, 586 500 ნახვით, ნაწყვეტია ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემიდან, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებებზე ლაპარაკობს. სანამ პლატფორმაზე ფეხს მოიკიდებდა, პირველი ვიდეო 2022 წლის 15 მაისს ატვირთა - სამი უცხოელის ცეკვა თავისუფლების მეტროს წინ.

რამდენიმე თვეში იაგო ხვიჩიას TikTok-ი სრულად პოლიტიკური გახდა. ის საუბრობს საარჩევნო დაპირებებზე, განიხილავს აქტუალურ საკითხებს და მათი მოგვარების ხედვას, იქნება ეს ძაღლების უფლებები, ჯარში გაწვევა, ნარკოპოლიტიკა თუ სხვა. ის არ მიჰყვება ტიკტოკის ტრენდებს და არც საარჩევნოდ აპირებს ტაქტიკის შეცვლას.

“TikTok-ი ძალიან უნდა მოირგო და ბუნებრივი უნდა გახდეს შენთვის. აქ მსახიობობა არ გამოდის. ერთი ერთზე ხარ სხვადასხვა ხასიათის და შეხედულების მქონე ადამიანებთან. თუ შეგატყეს, რომ ნიღაბი გაქვს, ჩამოგხსნიან პირველი დისკუსიისთანავე”, - ამბობს იაგო ხვიჩია.

TikTok-ი - დროის შეგრძნება

TikTok-ი მეხუთე ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია ფეისბუკის, იუთუბის, ვოთსაფისა და ინსტაგრამის შემდეგ და მეორე, ინსტაგრამის შემდეგ, ჩამოტვირთვის მაჩვენებლით. მას ყოველთვიურად მილიარდ 500 მილიონი ადამიანი მოიხმარს, რომლებმაც TikTok-ს 2023 წელს, ერთ დღეში, ჯამში, 4 მილიარდ წუთზე მეტი დაახარჯეს.

აპლიკაციის მომხმარებლები ან ქმნიან, უყურებენ და აზიარებენ მოკლე ვიდეოებს ათასგვარ თემაზე, ან მხოლოდ უყურებენ და აზიარებენ. Მათ, ვინც ვიდეოს ქმნის, აპლიკაცია უამრავ ფილტრს, რედაქტირების სერვისსა და მუსიკის ბანკს სთავაზობს.

TikTok-ი Gen Z-ის აპლიკაციაა. ამ სოციალური ქსელის მომხმარებლების თითქმის ნახევარი, 49%, სწორედ ისინი არიან, ანუ თაობა, ვინც 1997-2012 წლამდე პერიოდში დაიბადა და ახლა 14-დან 27 წლამდეა. 36% 28-დან 43 წლამდე ასაკის ადამიანები, იგივე მილენიალები არიან. 23% კი თაობა იქსია - მათი ასაკი 43-დან 58 წლამდეა.

პოლიტიკოსები TikTok-ს უერთდებიან, როგორც Gen Z-სთან დასაკავშირებელ ყველაზე კარგ სოციალურ ქსელს.

“7-8 მარტის აქციების შემდეგ საქართველოში გააქტიურდა ცნება, რომ ჯენ ზი გახდა პოლიტიკურად აქტიური და ისინი ამომრჩევლები არიან. ეს განწყობა პირდაპირ კორელაციაშია მცდელობასთან, მისწვდნენ ამ ასაკობრივ ჯგუფს. ეს კომპანიებსაც შეეხო, პოლიტიკურ პარტიებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და ყველას. ჯენ ზი ყურადღების არეალში მოხვდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ალბათ ყველა პოლიტიკოსი შეეცდება TikTok-ზე შემოაღწიოს”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, დოდი ხარხელი.

“ასეთი კუსტარული სტუდია გვაქვს, ტელეფონით ვიღებთ. თუ გვინდა, ვიდეოს ფონს რაიმე ფერი მივცეთ და უფრო პროფესიონალურ ნამუშევრად წარმოვაჩინოთ, განათებას ამ წითელ პარკს გადავაფარებთ ხოლმე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლიზა დავითაძე, პარტია "დროას" კომუნიკაციების გუნდის წევრი.

ასე გამოიყურება პარტია "დროას" სტუდია, სადაც TikTok-ისთვის ვიდეოებს იღებენ

პატარა ოთახში ორი განათება და ერთი შტატივი დგას, მარჯვენა კედლის პატარა ნაწილი ევროკავშირისა და უკრაინის დროშის ფერებშია მოხატული.

TikTok-ზე პირველი ვიდეო ორი წლის წინ გამოაქვეყნეს - ცნობადობის გაზრდა უნდოდათ. ტელევიზიით გამოსვლას შეჩვეულებს TikTok-ზე “გადასვლა” გაუჭირდათ.

“ჩვენსავით ახალგაზრდა და პატარა პარტიისთვის TikTok-ი კარგი საშუალებაა, მცირე დანახარჯით ბევრ ადამიანამდე მიიტანო შენი სათქმელი და იდეები. აქ ამომრჩეველს ვერ მოატყუებ, ცოტა დრო გაქვს, დაიჭირო და შენს ვიდეოზე გააჩერო ისინი, გულწრფელი უნდა იყო და მოერგო იმ ფორმატებს, რომლებსაც ახალი ეპოქა გთავაზობს”, - ამბობს ის.

პარტია “დროას” გვერდს 5000-მდე გამომწერი ჰყავს. მათი ყველაზე პოპულარული ვიდეო 587 700-მა ადამიანმა ნახა. ამ ვიდეოში ელენე ხოშტარია, რომელიც მაშინ, ადგილობრივ არჩევნებში საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოდა და ნიკა მელია, თბილისი მერობისთვის, პოპვარსკვლავ ლელა წურწუმიასთან ერთად შაურმას ყიდულობენ.

ლიზა დავითაძე, პარტია "დროას" კომუნიკაციების გუნდის წევრი

ჩვენს TikTok-ზე ადამიანებს ვუყვებით არჩევნებზე, პროტესტზე, ჩვენს ხედვებზე.. ვთავაზობთ გამოსავალს…როგორ შეიძლება მაყურებელს არ მოეწონოს, როცა ასე გულწრფელად ელაპარაკები და თან უხსნი, როგორ გადაჭრი პრობლემას. „დროა“ იმდენად გულწრფელია, რომ არ მგონია ამოვარდეს რეალობიდან, რომელშიც ვართ. ჩვენ არ მოვირგებთ ხელოვნურად როლებს, არ ავყვებით ხელოვნურად ტრენდებს, რომელიც ჩვენი არ არის, თუნდაც ბევრი ნახვა მოგვიტანოს”, - უთხრა ლიზა დავითაძემ რადიო თავისუფლებას.

პოლიტიკოსის “ადამიანური სახის” ჩვენება იყო TikTok-ზე პირადი გვერდის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ანა ბუჩუკურითვისაც. პარტიის "საქართველოსთვის" წევრის მიზანია, გულწრფელობით ახალგაზრდების ნდობა მოიპოვოს. მის ყველაზე პოპულარულ ვიდეოს, სადაც მისი პარტიის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კითხვებს უსვამს, 639 000 ნახვა აქვს.

პარტიის "საქართველოსთვის" წევრები TikTok-ისთვის ვიდეოებს საქართველოს პარლამენტშიც იღებენ ხოლმე, სპეციალურად მოწყობილ შავ ფონთან.

“ყველა მობილურშია, ახალგაზრდები არ უყურებენ ტელევიზორს. მათთვის ხმის მიწვდენის კარგი გზაა TikTok-ი. თუმცა, TikTok-ტრენდებზე აყოლა პოლიტიკოსის მხრიდან ქრინჯობაა. როცა ვიდეოს ვიღებ, ყოველთვის ამაზე ვფიქრობ, მე თვითონ ვუწესებ ჩემს თავს ამ მხრივ შეზღუდვებს, რადგან მაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოება არ მიმიღებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა ბუჩუკურმა.

კერძო სახლის ერთ ოთახში, ერთი კამერითა და წიგნებზე დადებული განათებით წერს TikTok-ისთვის ვიდეოებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ბორის "ჩელე" ყურუა. მას 57 700 გამომწერი ჰყავს.

ეს ვიდეოები უფრო მეტად გასართობი და შემეცნებითია, ვიდრე პოლიტიკური. აქვს რუბრიკა, სადაც უცნობ ისტორიულ ამბებზე ჰყვება. მისი ყველაზე რეიტინგული ვიდეო, რომელსაც 590 500 ნახვა აქვს, ქუთაისური მიმართვის - “სიმონ” წარმოშობის ისტორიაზეა.

“მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა ადამიანების გარკვეულ სეგმენტს აინტერესებს, მაინც არ არის იმ ადამიანების ინტერესის სფერო, რომელიც დილით ან საღამოს საწოლში წევს, ან ჭამს და TikTok-ს სქროლავს... TikTok-ზე არ ვლაპარაკობ ოპოზიციურ კონფიგურაციებზე, ისეთ თემებზე, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ან პოლიტიკაში ჩართულებს აინტერესებთ. პოლიტიკური კონტენტი ან იუმორისტული შინაარსის მაქვს, ან ფლანგვასა და კორუფციაზე ვყვები”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბორის "ჩელე" ყურუა.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს თავისი ტაქტიკა აქვს - ისტორიულ ამბებზე რუბრიკას პოლიტიკური შინაარსის ორ ვიდეოსაც მიაყოლებს ხოლმე. ამას გარდა, მიზანმიმართულად საუბრობს თემებზე, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერებს გააღიზიანებს და კომენტარებს დააწერინებს.

“ინგეიჯმენთს (ჩართულობა - რ.თ.) ზრდის”, - ამბობს ბორის "ჩელე" ყურუა და ამატებს, რომ ისტორიაზე ლაპარაკი ეხმარება მისწვდეს აუდიტორიას, რომელსაც პოლიტიკა არ აინტერესებს:

“ჩემი მიზანია, უფრო მეტ ადამიანს გავაცნო თავი და უფრო მეტ ადამიანს ვუთხრა ის, რისი თქმაც მინდა. გამომარჩევს ის, რომ კონკრეტული ნიშა მაქვს, ვცდილობ იდენტობა მქონდეს და ადამიანები მიყურებდნენ, როგორც პოლიტიკოსს”.

ბორის "ჩელე" ყურუა, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი

ფეისბუკიდან TikTok-ზე

პოლიტიკოსების ნაწილის TikTok-ზე გადაბარგებას ხელი ფეისბუკმაც შეუწყო. პლატფორმა, რომელიც ერთ დროს პოლიტიკოსებისთვის ამომრჩეველთან კომუნიკაციის მთავარი ონლაინინსტრუმენტი იყო, შეიცვალა.

ახალი ალგორითმით, პარტიები იძულებულები არიან რეკლამაში მეტი ფული დახარჯონ, სხვანაირად მათი გზავნილები ბევრთან ვერ აღწევს. პოლიტიკოსების ნაწილს ფეისბუკმა გვერდები დაუბლოკა, საგრძნობლად დაეცა ფეისბუკლაივების [პირდაპირი ვიდეოჩართვების] ნახვებიც.

“TikTok-ზე საქართველოში რეკლამის გაშვება არ შეიძლება, შესაბამისად, ვიდეოების ინგეიჯმენთი და ნახვები არის ორგანული, რეალური, ამისგან განსხვავებულია ფეისბუკი, რომელსაც ბიზნესმოდელი აქვს განვითარებული და ღიაა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენს ხარჯავენ პოლიტიკოსები და პარტიები რეკლამაში”, - განმარტავს ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის კოორდინატორი, ქრისტინა ფარჯიანი.

ასევე ნახეთ ვინ რამდენი დახარჯა რეკლამაში META-ს პლატფორმებზე - ISFED

რაზე ლაპარაკობენ პარტიების ლიდერები TikTok-ზე

გამომწერების მიხედვით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსების სამეული TikTok-ზე ასე გამოიყურება: კახა კალაძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი გახარია.

თბილისის მერს 70 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. პირველი ვიდეო 2021 წლის ივლისში გამოაქვეყნა. Hi tiktok - ვიდეოზე ამ წარწერით, ფურცლებით ხელში და თბილისის მერიის ლიფტიდან მიესალმა კახა კალაძე აუდიტორიას.

თბილისის მერი ცდილობს, აჩვენოს, რომ არის უშუალო, კომუნიკაბელური, ყურადღებიანი. ამის დასტურად დაბადების დღეს ულოცავს ბიჭს, რომლის მონაწილეობითაც ვიდეო TikTok-ზე მანამდეც გამოაქვეყნა. წინა ვიდეოში ბიჭი ერთ-ერთი სკვერის გახსნაზე კახა კალაძეს პირადად ხვდება და ეკითხება - ნამდვილად მისია თუ ყალბია გვერდი, სადაც თბილისის მერი TikTok-ვიდეოებს ტვირთავს. დაბადების დღის მილოცვის ვიდეოს ყველაზე მეტი - მილიონი ნახვა აქვს.

კახა კალაძე პერიოდულობით აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ ატარებს დროს ოჯახთან ერთად თბილისსა თუ სამტრედიაში, როგორ თამაშობს ფეხბურთს, ეფერება ბავშვებს თუ მოხუცებს, იღებს სელფს ამომრჩეველთან ერთად, სეირნობს თბილისის ქუჩებში, ფეხით, სკუტერით თუ ველოსიპედით. ვიდეოების დიდი ნაწილი საიმიჯოა და ასახავს პროექტებს, რომელსაც მერია ახორციელებს, მათ შორისაა სკვერების მოწყობა, გზების რეაბილიტაცია.

კახა კალაძის ვიდეოები ყოველთვის რეიტინგულია და ბევრ ნახვას აგროვებს

კახა კალაძის ვიდეოები რამდენიმე კამერითაა გადაღებული და შემდეგ დამუშავებული. ამ ვიდეო წარმოებაში მერიის კომუნიკაციების სამსახურია ჩართული.

არ გეგონათ ხო, რომ TikTok-ზეც მნახავდით”, - ამ ფრაზით გამოჩნდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და სამ დღეში 46 000 გამომწერი შეემატა. ახლა ეს რიცხვი 50 400-მდეა გაზრდილი.

კახა კალაძისგან განსხვავებით ნათელაშვილი ვიდეოებს თავისი ხელით იღებს და აქვეყნებს.

შალვა ნათელაშვილმა ამ ფორმით TikTok-ზე სამ დღეში 46 000 გამომწერი აღნიშნა

“მე არ შეგაწუხებთ TikTok-ზე პოლიტიკით, აქ დაიდება თავისუფალი თემები, ახალგაზრდობას რაც აინტერესებს, იმ აუდიტორიაზე გათვლილი, პოლიტიკით დაინტერესებულებმა მიაკითხეთ ჩემს ფეისბუკგვერდს”, - უპასუხა ნათელაშვილმა მომხმარებელს, რომელსაც დაიწუწუნა - “აქაც პოლიტიკაო”.

ნათელაშვილი იღებს ვიდეოებს, სადაც ცოლთან ერთადაა, ან კატებს უვლის, პასუხობს კომენტარს და ცდილობს, ბევრი იხუმროს. ბოლო რამდენიმე ვიდეო აშშ-დანაა ატვირთული. პოლიტიკოსმა გამომწერებს ვაშინგტონი ვირტუალურად დაათვალიერებინა და “დაუნ ვი დიქტეიტეს” ისტორიაც მოუყვა.

2011 წლის 28 ნოემბერს შალვა ნათელაშვილმა ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ აქცია მოაწყო და წინა ხელისუფლების “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა გააპროტესტა. “ძირს დიქტატურა” - ინგლისურად წარმოთქმული ამ ფრაზის გამო ნათელაშვილს დღემდე აშარჟებენ, მათ შორის TikTok-ზეც, ვიდეოების კომენტარებში.

40 300 მიმდევარი ჰყავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. მისი TikTok-ვიდეოების შეფუთვა და ხარისხი თანამდებობიდან გადადგომისა და საკუთარი პარტიის შექმნის შემდეგ გაუმჯობესდა. ყველაზე მეტი, 958 900 ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც პასუხობს კითხვას: არის თუ არა TikTok-ი ნამდვილად მისი. ის ადასტურებს, რომ ანგარიში რეალურია და უძახის თავის ფრანგულ ბულდოგს ლოლას, რომელიც მისი სახლის ეზოში თამაშობს. ძაღლი და ძაღლების უფლებები გახარიას გვერდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

გიორგი გახარია თავის TikTok-ზე ლაპარაკობს არჩევნებზე, ქალების უფლებებზე, რუს მიგრანტებზე საქართველოში. ვიდეოების ნაწილი ამომრჩეველთან შეხვედრას ასახავს, სადაც გახარია უშუალოდ და მეგობრულად იქცევა.

გიორგი გახარია ამ ვიდეოში გამომწერებს ცხოველთა უფლებების მნიშვნელობაზე ესაუბრება

“არც ოცნებასთან, არც ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს ორივე ერთად გუშინდელი დღეა”, - ეს არის მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო მესიჯი. ცდილობს, მიიმხროს ამომრჩეველი, რომელიც ფიქრობს, რომ “არც ქოცია და არც ნაცი”.

გახარია TikTok-ის ვიდეოებში მისი პრემიერობის ყველაზე სადავო და კრიტიკულ მომენტებზე დასმულ კითხვებსაც პასუხობს - მათ შორისაა სპეცოპერაცია ღამის კლუბ "ბასიანში" და გავრილოვის ღამე.

TikTok-ის ფორმატზე მორგებას ცდილობს ნიკა მელიაც. ის აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ხუმრობს საკუთარ თავზე ან ოპონენტებზე, გამომწერებს უყვება შვილზე, პასუხობს კითხვებს, ვარჯიშობს.

ჯანსაღი ცხოვრება და ვარჯიშია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის TikTok-ის ერთ-ერთი მახასიათებელი. ხაბეიშვილმა პირველი ვიდეო ამ პლატფორმაზე 2021 წელს გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეეთერიდან მოჭრილი სატელევიზიო კურიოზებია ასახული.

ამის შემდეგ აუდიტორიას, როგორც თავს გადამხდარ კურიოზულ ამბებს, ისე სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოჭრილ პოლიტიკურ გამოსვლებსაც უჩვენებს. მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, TikTok-ზე რეგიონებში გამართული შეხვედრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებას მოუხშირა, სადაც ხალხს ხელს ართმევს. ყველაზე მეტი, 449 600 ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც ჰყვება, როგორი ძვირი ჯდება ბავშვების სკოლისთვის მომზადება.

სატელევიზიო და საპარლამენტო გამოსვლებიდან ამოჭრილ ვიდეოებს აქვეყნებს TikTok-ზე გიორგი ვაშაძეც, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი.

ზურა გირჩი ჯაფარიძე TikTok-ის ტრენდებსაც მიჰყვება. ამას ადასტურებს მის გვერდზე ატვირთული სულ ბოლო ვიდეო .

11 600 გამომწერი ჰყავს ზურა გირჩი ჯაფარიძეს. ის TikTok-ის ტრენდებსაც მიჰყვება და იუმორით გადაღებულ პოლიტიკურ ვიდეოებსაც აქვეყნებს. უყვარს პერფორმანსების მოწყობა. ერთ-ერთ ვიდეოში ის აყალბებს ლამინირებულ პირადობის მოწმობას იმის საჩვენებლად, თუ რატომ არ შეიძლება ამ დოკუმენტით ხმის მიცემა.

ყველაზე მეტი, 309 000 ნახვა TikTok-ზე ჯაფარიძის პირველ ვიდეოს აქვს, რომელშიც "ოცნების" ერთერთი ლიდერის, გია ვოლსკის სარეკლამო ბანერს უყვირის.

ყველაზე ბოლოს TikTok-ს "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე შეუერთდა. პირველი ვიდეო 15 იანვარს გამოაქვეყნა და პირობა დადო, აუცილებლად ვილაპარაკებ პოლიტიკაზეო: “არავინ მოგატყუოთ, რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებთ, ყველაფერი პოლიტიკაა”.

ამ ვიდეოში ჰყვება მამუკა ხაზარაძე, როგორ შეაკეთა "ცეცხლწაკიდებული მუსტანგი"

ყველაზე მეტი, 123 900 ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც მამუკა ხაზარაძე სოფლებში სამოგზაუროდ თავისი "ფორდ მუსტანგით" მიდის:

“ზეთი საკმარისია, და ნორმაშია, მეგობრებო, როგორც დაგპირდით, ვიწყებთ საქართველოს ყველა სოფელსა და რეგიონში მოგზაურობას ამ მანქანით, ეს არის ამერიკული ფორდ მუსტანგი ჩემი ასაკის, ერთ ერთი ცნობილი ბრენდი, ამ მანქანით ვიმოგზაურებთ და მოვუყვებით ჩვენ ამომრჩეველს მარშალის გეგმაზე”.

პირველ თებერვალს ფეისბუკზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია, როგორ გაუჩნდა მამუკა ხაზარაძის ამ მანქანას ცეცხლი. ერთ თვეში პოლიტიკოსმა TikTok-ზე ისევ დადო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მანქანა უკვე შეაკეთა.

“ცეცხლოვანი მუსტანგით” მალე გავუდგებით გზას საქართველოს მასშტაბით”, - ეუბნება ხაზარაძე TikTok-ის გამომწერებს. ვიდეომ 9 საათში 25 000 ნახვა დააგროვა.

ხელისუფლება TikTok-ზე

გარდა პოლიტიკოსების ინდივიდუალური ანგარიშებისა, TikTok-ზე მათი პარტიებიც აქტიურობენ. პარტია „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს პლატფორმაზე ოფიციალური გვერდები არ აქვთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" TikTok-ის აუდიტორიასთან არ მუშაობს.

“ქართული ოცნება" არის პარტია, რომელმაც შემოაღწია TikTok-ში, არა პირდაპირ თავისი სახელით, არამედ სხვების საშუალებით, მაგალითად, ფანების გვერდები. არსებობს ანგარიშები TikTok-ზე, რომლებიც გასაგებია, რომ მართულია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ. "ქართული ოცნება" იყო პირველი, ვინც სცადა ამ სფეროში შეღწევა, არა პირდაპირ თავისი სახელით, არამედ სატელიტური ექაუნთებით”, - ამბობს დოდი ხარხელი.

"ქართული ოცნებიდან" მხოლოდ კახა კალაძე და ნინო წილოსანი ადასტურებენ, რომ მათი TikTok-ანგარიშები რეალურია და არა - ფანების მიერ შექმნილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" 2021 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში TikTok-გვერდები შეისწავლა და დაადგინა, რომ აქტიური 4 არხი მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა. ჯამში, მათ 205 ვიდეო გამოაქვეყნეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ არხებზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა თითქმის ნახევარ მილიონ ინტერაქციას მიაღწია.

თუ TikTok-ზე "ქართულ ოცნებას" მოძებნით, იპოვით გვერდს, რომელიც ოფიციალური არ არის, თუმცა ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძის ვიდეოებს აქვეყნებს. ვიზიტი ბრიუსელში, მაღალი დონის შეხვედრები, სიტყვით გამოსვლები, შვილთან ერთად პატრიარქთან - ამ გვერდზე ბევრი ასეთი ვიდეოა. ერთ-ერთ მათგანში ირაკლი კობახიძის ფოტოებს ეწერება სიტყვები - ინტელექტუალი, პრინციპული, პატრიოტი, გაწონასწორებული.

irakli4georgia ირაკლი ღარიბაშვილის პიარს ემსახურება, თუმცა არსად წერია, რომ ეს ყოფილი პრემიერის ოფიციალური გვერდი შეიძლება იყოს.

არის კიდევ ერთი გვერდი - irakli4georgia, სადაც ყოფილი პრემიერის და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარის ვიდეოებია ოჯახთან ერთად, ან პოლიტიკოსი ხალხს ხვდება და მათთან ერთად ღვინოს სვამს, ან ფოტოებს იღებს. ვიდეოების დიდი ნაწილი ეთმობა საერთაშორისო ვიზიტებს.

ყველაზე მეტი, 477 700 ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც ღარიბაშვილი იარაღს ისვრის და შემდეგ ჯარისკაცებს ხელს ართმევს. ამავე გვერდზე იდება მოჭრილი მონაკვეთები მისი გამოსვლებიდან ან მედიის კითხვებზე პასუხები ჰეშტეგით #სიმართლე.

პოლიტიკოსებსა და პარტიებს განსხვავებული მიდგომა აქვთ კომენტარებთან დაკავშირებით. მათი ნაწილი აგრესიულ, დეზინფორმაციულ და შეურაცხმყოფელ გამოხმაურებებს შლის ანუ აცენზურებს, ნაწილი კი - არა. მაგალითად, პარტიაში "დროა" ამბობენ, რომ მათ გვერდზე ჩართულობის ზრდის არგუმენტით პროპაგანდისტულ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს ვერ წაახალისებენ. საპირისპიროდ, პარტია "გირჩში" ამბობენ, რომ მზად არიან პირდაპირ ეთერში მოისმინონ განსხვავებული აზრი, თუნდაც ეს აზრი საზოგადოებისთვის/პარტიისთვის/ინდივიდისთვის მიუღებელი ფორმით იყოს გამოხატული.

და მაინც, როგორ მოიგებთ ჯენ ზის გულს

იყო ჯენ ზი-სთვის სლეი* და არა ქრინჯი*, ეს მარტივი დავალება არაა. განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც სოციალურ მედიას ფეხს ახლა უწყობენ, - ამბობენ სპეციალისტები და პოლიტიკოსებს ურჩევენ, არ გამოაქვეყნონ TikTok-ზე “სატელევიზიო ეთერებიდან მოჭრილი ვიდეოები” და გაითვალისწინონ, რომ ამ პლატფორმაზე ვიდეოს ფორმატი ვერტიკალურია და არა ჰორიზონტალური, რაც ნიშნავს, რომ "სქროლვის" დროს ტელეფონი სწორად გიჭირავს.

“სატელევიზიო მონაკვეთების მოჭრა და დადება არც ფეისბუკზე ამართლებდა არასდროს და TikTok-ისთვის საერთოდ არაორგანულია, სამაგიეროდ ორგანულია გულწრფელობა, პირდაპირობა, დიდი დოზით იუმორი და საკუთარ თავზე სიცილი, საკუთარი თავის გაშარჟება და “გამიმება”, - ამბობს ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, დოდი ხარხელი და სვამს კითხვას:

“აქვთ კი ამდენი თვითირონიის უნარი ქართველ პოლიტიკოსებს?”.

სტატიაში გამოყენებული სლენგების ლექსიკონი:

სლეი - როცა ვიღაც/რაღაც ძალიან მოგწონს, ის საუკეთესოა საუკეთესოთა შორის და შენ კიდევ აგულიანებ;
ქრინჯი - არასასიამოვნო სიტუაცია, რომელიც ერთდროულად ზიზღსა და უხერხულობას იწვევს;
ინგეიჯმენთი - აუდიტორიის ჩართულობის ხარისხი, რომელიც სოციალურ ქსელში კომენტარებისა და ემოციების ერთობლიობით „ითვლება“.