ქართველი პილიგრიმები ღვთიური ცეცხლის გზაზე - ლაშა ჟვანიას გარეშე

იერუსალიმიდან ღვთიური ცეცხლის ჩამოტანა უკვე ოცი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელ უფროსის, ლაშა ჟვანიას სახელს უკავშირდება. თუმცა წელს, ლაშა ჟვანია ვერ შეუერთდება მომლოცველების იმ ჯგუფს, რომელიც "პილიგრიმ ტურსის" ორგანიზებით, სააღდგომოდ, ჩარტერული რეისით გეზს იერუსალიმისკენ აიღებს - მან ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებასაც დაუდასტურა.

პილიგრიმთა მისია 20 წელი უცვლელია - მოლოცვის გარდა, სწორედ ამ ჯგუფმა უნდა ჩამოიტანოს სპეციალური ჭურჭლით საქართველოში ღვთიური ცეცხლი - “ლაშა, წელს, ალბათ, ვეღარ მოიცლის, ის საჯარო მოხელეა", - უთხრა რადიო თავისუფლებას, პილიგრიმ ტურსის“ წარმომადგენელმა ციცო გემაზაშვილმა.

„ლაშა ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ერთად წამოსვლის სურვილიც ექნება, მაგრამ ახლა ის საჯარო პირია და ამ საქმიანობას, ცხადია, ჩამოშორდა. ამას კანონი მოითხოვს.”

ახალი საჯარო თანამდებობის დაკავებამდე, 2018 წლის დეკემბრამდე, ლაშა ჟვანია ამ ორგანიზაციის 40% წილს ფლობდა. მან ეს წილი ერთ-ერთ პარტნიორს, აქამდე 10%-იანი წილის მფლობელს, დავით ალექსიძეს გადასცა სამართავად. ორგანიზაციის დანარჩენი, 50%-ს მფლობელი კი ვასილ გემაზაშვილია.

სამართავად კომპანიის სხვისთვის გადაცემა კანონით ნიშნავს, რომ ლაშა ჟვანიას არ ექნება მართვის და კომპანიის საქმიანობაში ჩარევის უფლება, - განგვიმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ლევან ნატროშვილი.

თუმცა კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ჟვანიას არ უკრძალავს თავისი ბიზნესიდან შემოსავლის მიღებას.

თავად შპს „პილიგრიმ ტურსი" - ამ სახელით 2011 წელს არის რეგისტრირებული. თუმცა მანამდე ფირმას, როგორც ციცო გემაზაშვილმა გვითხრა, სხვა სახელი ერქვა, თუმცა, ღვთიური ცეცხლის ჩამოტანა მაშინაც მისი ორგანიზებით ხდებოდა.

ბოლო ცვლილება კომპანიის ამონაწერში შევიდა 2018 წლის 25 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის და ლაშა ჟვანიას, როგორც ადმინისტრაციის უფროსის, უფლებამოსილებაში შესვლის შემდეგ.

ლაშა ჟვანიას 2018 წლის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციაში, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებსაიტზე 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ გასულ წელს, ამ საქმიდან ჟვანიას შემოსავალი 32 484 ლარი იყო.

ლაშა ჟვანია წლების განმავლობაში იყო სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი. მანამდე კი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში. ასე რომ, მისი პირადი კავშირები ღვთიური ცეცხლის ჩამოტანის პროცესს მხოლოდ ხელს უწყობდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში (რომელიც მან ინტერნტ პორტალ ამბები.გე-ს 2015 წელს მისცა ), ლაშა ჟვანია იხსენებს ღვთიური ცეცხლის ჩამოტანის პირველ წელს და ამბობს, რომ მაშინ ცეცხლის ჩამოსატანად 31-ე ქარხნის ბაზაზე ცეცხლისთვის სპეციალური ჭურჭელი დამზადდა.

ეს იყო, მისი სიტყვებით „დიდი და ლამაზი ჭურჭელი“. მაგრამ ცეცხლის გადმოსვლისას მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ქართველი მომლოცველები ჭყლეტაში მოყვნენ და ეს სპეციალურად დამზადებული ჭურჭელი მაშინ დაიმტვრა.

„მერე ადგილზე ვიყიდეთ ფარანი და ცეცხლი იმით ჩამოვაბრძანეთ“, - ამბობს ლაშა ჟვანია 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში.

პირველად ღვთიური ცეცხლი საქართველოში 1995 წელს ჩამოიტანეს. ლაშა ჟვანია მაშინ სტუდენტი იყო და ამ პროცესში პირველად მიიღო მონაწილეობა.

1999 წლიდან კი ამ მისიის შესასრულებლად ჩარტერული რეისები სრულდება.

“ღვთიური ცეცხლის ტრანსპორტირება რეგულარული სამგზავრო რეისით დაშვებული არ არის” - გვიხსნის ციცო გემაზაშვილი.

თავად „პილიგრიმ ტურსი“, რომელიც საპატრიარქოს და კათოლიკოს-პატრიარქის მხარდაჭერით მოქმედებს, ფაქტობრივად, ერთადერთი ტურისტული სააგენტოა, რომელიც მომლოცველებს ღვთიური მადლმოსილი ცეცხლის ჩამოტანის პროცესში მონაწილეობას სთავაზობს, რაც არცთუ ისე იაფი ჯდება.

„პილიგრიმ ტურსის“ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ მათი ორგანიზაციის მომლოცველობითი მოგზაურობები და წმინდა ადგილებისა და სიწმინდეების მოლოცვა, „ეს სულ უწმინდესის დამსახურებაა“.

„ღვთიური მადლმოსილი ცეცხლის“ ჩამობრძანება სააღდგომო დღესასწაულზე მათი შეთავაზებებიდან ერთ-ერთია.

დღეს ვებსაიტზე მოსალოცი ტურის პირობების 2018 წლის ფასები დევს. თუმცა, ფასებს შორის სხვაობა წლიდან წლამდე საშუალოდ 50$-ს არ სცდება.

პილიგრიმებს ეს ორგანიზაცია ორ სხვადასხვაფასიან პაკეტს სთავაზობს:

მგზავრობა პირდაპირი ჩარტერული რეისით თბილისი-თელავივი-თბილისი, ცხოვრება 4 ვარსკვლავიან სასტუმროში „GOLDEN WALLS JERUSALME HOTEL“, რომელიც ქალაქის ძველ კვარტალში „ მაცხოვრის ტაძართან“ მდებარეობს, 4200 ლარი ღირს.

მეორე პაკეტი, ასევე ცხოვრება 4 ვარსკვლავიან MANGER SQUARE HOTEL BETHLAHA-ში, „მაცხოვრის შობის“ ტაძართან - 3500 ლარი.

ტურის პირობებში დაზუსტებულია, რომ მძიმე მარხვის პერიოდში ორივე სასტუმროში არავის შეექმნება პრობლემა „სამარხვო კვებაზე სტუმრებს მოემსახურება რუსულენოვანი გიდი. შეთავაზებაში შედის, მაგალითად, „საკაბელო ტრანსპორტის ღირებულება „განცდის მთაზე“, „თაბორის მთაზე“, უდაბნოს პატარა ავტობუსების ღირებულება „წმინდა საბას ლავრაში“ მისასვლელად, ასევე „ წმინდა პეტრეს“ რესტორანში დამატებითი სადილი მადლიანი „წმინდა პეტრეს თევზის დაგემოვნებით.... და რა თქმა უნდა იქ ყოფნისას ჩვენი ყურადღება და სითბო“.

„ჩვენ გაგვიმართლა, რომ იქ გვყავს ქრისტიანი გიდი და გვაქვს საშუალება, გადავიდეთ ყველა წერტილში, როგორც ისრაელის ისე პალესტინის ტერიტორიაზე. ყოველ წელს ვიწვევთ პროფესორებს მოსკოვიდან, რომელთაც აქვთ უფლება, რომ იქ ჩაატარონ ეს საგანმანათლებლო ტური. ჩვენი სასტუმრო ძველ ქალაქშია, სადაც ყველაზე ძვირია სასტუმროები და საიდანაც სამ-ოთხ წუთში ფეხით შეგვიძლია მისვლა მაცხოვრის საფლავთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ციცო გემაზაშვილმა.

„პილიგრიმ ტურსი“ მომლოცველებს ასევე სთავაზობს პრივილეგიების ჩამონათვალს: მაგალითად:

„მომლოცველობას დაგვიმშვენებენ როგორც მაღალი იერარქიის სამღვდელოება, ასევე უამრავი ჩვენი სასულიერო პირები...“

ან:

„ორივე სასტუმრო არის ქრისტიანი მეპატრონისა. ( რაც იმას ნიშნავს რომ, თქვენ ამვნების კვირეულშირომლის დროსაც ემთხვევაფესახისდღესასწაულიც არ დაგიშლიან პურის ჭამას, როგორც ეს საერთოდ ხდება ისრაელის ყველა ებრაულ სასტუმროებში) მოგეხსენებათ იქ პურის ნაცვლად სასტუმროს მობინადრებს მაცის ჭამასსთავაზობენ. სასტუმროში პურის შეტანა კი აკრძალულია“

ღვთიური ცეცხლი თბილისში აღდგომის ღამეს ჩამოდის. როგორც ციცო გემაზაშვილმა აგვიხსნა, არსებობს ორი ჭურჭელი - ერთი სათადარიგო და მეორე, რომლითაც ღვთიური ცეცხლი პატრიარქს უნდა მიართვან.

„მთელი წლის განმავლობაში ჭურჭელი უწმინდესთან ინახება“, - ამბობს ციცო გემაზაშვილი.

ჭურჭელი რამდენიმე ექსპერტთან მოწმდება, რომ "არსაიდან ჰაერი არ შევიდეს" და ტრანსპორტირებისას სანთელი არ ჩაქრეს - ჭურჭლის მოვლის და შემოწმების მისია თავის თავზე ვასილ გემაზაშვილს აქვს აღებული.

ღვთიური ცეცხლის ჭურჭელი ბზობის დღესასწაულზე კიდევ ერთხელ ილოცება. ვნების კვირის დასაწყისში კი, დილის ხუთ საათზე მომლოცველებით სავსე ჩარტერული რეისი ცეცხლის ჩამოსატანად და წმინდა ადგილების მოსალოცად მიფრინავს.

"იქიდან კი მოგვაქვს ხოლმე იერუსალიმის სანთლების 33 შეკვრა, რაც შემდეგ რიგდება ციხეებში, სნეულებთან... ეს იმისთვის, რომ მადლო სხვასაც გავუნაწულოთ", - გვითხრა ციცო გემაზაშვილმა.

ადგილების დაჯავშნა, სულ ცოტა, ექვსი თვით ადრე იწყება.​წლევანდელი აღდგომისთვის დაგეგმილი ტური სრულად შევსებულია.